ძველ თბილისში 1 450 000 დოლარის ინვესტიციით ენერგოეფექტიანი საცხოვრებელი ე.წ. სმარტ-კორპუსი შენდება, რომელიც სრულად მზის ენერგიაზე იქნება დამოკიდებული.
9-სართულიანი შენობა, რომელსაც Solar Energy Apartments SEA დაერქვა, 2022 წლის სექტემბერში დასრულდება და ავტომატურად ჩაერთვება ნეტო აღრიცხვის სისტემაში, ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს კი კორპუსის მცხოვრებლები მიიღებენ. ამასთან, მათთვის უფასო იქნება კომუნალური გადასახადები, ლიფტი და სხვა სერვისები, რაც ელექტროენერგიის მოხმარებასთან არის დაკავშირებული.
როგორც Forbes Georgia-ს პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ოქროპირიძემ განუცხადა, მსგავსი კონცეფციის პროექტი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში პირველია. მისივე ინფორმაციით, მზის პანელები დამონტაჟდება როგორც სახურავზე, ისე აივნებზე.
მისი თქმით, კორპუსზე მზის პანელების დამონტაჟება ნიშნავს იმას, რომ მობინადრეებს შეუძლიათ გაზქურის ნაცვლად ელექტროქურა გამოიყენონ, ცენტრალური გათბობის ნაცვლად კი ტემპერატურის კონდიცირების სისტემა და, რაც მთავარია, ფინანსური ხარჯების გარეშე. ასევე, მაქსიმალურად აღმოიფხვრება ბინებიდან ხმის შემოდინების პრობლემა და იზოლაციისთვის კორპუსი მხოლოდ ევროკავშირის სტანდარტების ბლოკით აშენდება.
„პროექტი ხორციელდება Breeam-ის სერტიფიკატით, რაც ევროკავშირის სამშენებლო სფეროს ყველაზე მაღალი სტანდარტია ენერგო- და თბოპროექტების ანუ ე.წ. მწვანე მიმართულებით. ამაზე მაღალი სტანდარტი პრაქტიკულად არ არსებობს და ჩვენ ვართ ერთადერთი, ვისაც ეს საქართველოში აქვს“, – განმარტა ლევან ოქროპირიძემ.
გარდა ამისა, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, კორპუსი აღიჭურვება ე.წ. ჭკვიანი სახლის უახლესი და ულტრათანამედროვე სმარტ-ტექნოლოგიებით. მაგალითად, მობინადრეს თვალის გუგაზე ფოტო- და ვიდეოფიქსაციით შეეძლება სადარბაზოს კარის გაღება,ლიფტის გამოძახება. ამასთან, მობილური ტელეფონით იმართება ყველაფერი, რისი საჭიროებაც შეიძლება, მცხოვრებელს ჰქონდეს.
პროექტის ხელმძღვანელის თქმით, საცხოვრებელ კორპუსში ბინებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და თითქმის ყველა მათგანი დაჯავშნილია.
კომპანია, რომელიც პროექტს ახორციელებს, ქართულ ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებს, თუმცა არა სამშენებლო, არამედ მსხვილი ავტოლომბარდების, ავტოსადგომებისა და სხვა მიმართულებებით. ამ დრომდე ის „ნადიკვარი 96“-ის სახელს ატარებს, თუმცა იგეგმება, ენერგოეფექტიანი კორპუსის ამჟამინდელი დასახელებით გააგრძელოს საქმიანობა.