ECA International: 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქები ემიგრანტებისთვის

ECA International: 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქები ემიგრანტებისთვის

დისტანციური მუშაობის პოლიტიკის ფართოდ დანერგვასთან ერთად, მსოფლიო მოსახლეობაში საზღვარგარეთ ცხოვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება. მიუხედავად ამისა, ემიგრანტებისთვის, გარკვეულ ქალაქებში საცხოვრებლად გადასვლა შესაძლოა ფინანსურად წაგებიანი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს. როგორც ახალი კვლევით დგინდება, მზარდი ინფლაციისა და საცხოვრებელი ხარჯების ზრდის შედეგად, 2023 წელს ემიგრანტებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი ნიუ-იორკია.

საერთაშორისო დასაქმებულთათვის საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების გასული წლის რეიტინგში პირველი ადგილი ჰონგ-კონგმა დაიკავა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საცხოვრებელი ხარჯების ზრდის შედეგად, ECA International-ის ცხოვრების ღირებულების 2023 წლის რეიტინგში ჰონგ-კონგმა და ნიუ-იორკმა ადგილები გაცვალეს და აშშ-ის ქალაქმა მეორიდან უკვე პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ერთადერთი ქალაქი არაა, რომელიც რეიტინგში მოხვდა. სიის ამერიკელ წარმომადგენლებს შორის სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოს ვხვდებით, რომელთაც, შესაბამისად, მეშვიდე, მე-15 და მე-20 პოზიციები უკავიათ. ცნობისთვის, ემიგრანტებისთვის ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგის ათეულში სან-ფრანცისკო პირველად მოხვდა, რის მიზეზადაც მკვლევრები მაღალ ინფლაციას ასახელებენ.

ECA International-ის მსოფლიო მასშტაბით, 120 ქვეყნის ჩვეულებრივ ემიგრანტებით დასახლებულ 207 ქალაქს აერთიანებს და აფასებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ღირებულება და ქირავნობის ხარჯი.

ECA International-ის შეფასებით, ემიგრანტებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების თითქმის ნახევარი აზიაში მდებარეობს. სინგაპურმა, ქირის ღირებულების მკვეთრი მატებით, შარშანდელი მეცამეტე პოზიციიდან წელს, მე-5 პოზიციაზე გადმოინაცვლა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსურ ჰაბში, საცხოვრებლების გაქირავებაზე მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა, რაც ფასების ზრდაზე აისახა. მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყნების მაღალი ინფლაციის ფონზე, აზიის ქალაქებმა ცხოვრების ღირებულების წლევანდელ რეიტინგში ბევრად დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირეს.

პანდემიის დაწყებიდან ევროპას მზარდ ინფლაციასთან გამკლავება უწევს. თუმცა, როგორც მონაცემები ცხადყოფს, აღნიშნული ევროპის რეგიონში უფრო ნაკლებად მოქმედებს ემიგრანტების ცხოვრების ღირებულებაზე, ვიდრე შეერთებულ შტატებში. რეიტინგის ოცეულში შემავალი ევროპული ქალაქების პოზიციები, შარშანდელ სიასთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა.

წარმოგიდგენთ 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქებს ემიგრანტებისთვის:

  1. ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები (2022 წლის რეიტინგი: 2)
  2. ჰონგ-კონგი, ჩინეთი (1)
  3. ჟენევა, შვეიცარია (3)
  4. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო (4)
  5. სინგაპური, სინგაპური (13)
  6. ციურიხი, შვეიცარია (7)
  7. სან-ფრანცისკო, აშშ (11)
  8. თელ-ავივი, ისრაელი (6)
  9. სეული, სამხრეთი კორეა (10)
  10. ტოკიო, იაპონია (5)
  11. ბერნი, შვეიცარია (16)
  12. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (23)
  13. შანხაი, ჩინეთი (8)
  14. კუანჭოუ, ჩინეთი (9)
  15. ლოს-ანჯელესი, აშშ (21)
  16. შენჭენი, ჩინეთი (12)
  17. პეკინი, ჩინეთი (14)
  18. კოპენჰაგენი, დანია (18)
  19. აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (22)
  20. ჩიკაგო, აშშ (25)