ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (BSMA) საკუთარი პროფილით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უნივერსიტეტია. უნივერსიტეტში მეზღვაურისთვის გამოსადეგი ყველა ძირითადი უნარ-ჩვევა და პრაქტიკული საკითხი ისწავლება. მათ შორის, გემის მართვის სწავლება სიმულატორების დახმარებით, ხანძრის კონტროლი, ძრავების დიაგნოსტიკა და შეკეთება და სხვ.
Edison Tech-მა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი დიდი აუზისათვის (12x22x4m) ჭკვიანი მაღალტექნოლოგიური სისტემა შექმნა, სადაც მეზღვაურებს ყველა იმ გამოცდის ჩაბარება უწევთ, რა პრობლემების წინაშეც შესაძლოა მღელვარე ზღვაში აღმოჩნდნენ.
Edison Tech-ის მაღალტექნოლოგიური სისტემა წყლის ბარიერების გადასალახად სხვადასხვა სირთულის პრობლემას ქმნის. მათ შორისაა, ძლიერი მღელვარე წყლის, ტალღების ეფექტი; რამდენიმე მიმართულების მქონე ძლიერი ქარი; ძლიერი წვიმა; ჭექა-ქუხილი; ხმოვანი ეფექტები (წვიმის, ჭექის, სირენის) და ნისლი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული წინაღობები თავდაპირველად ინდივიდუალურ პროდუქტებად შეიკრა, შემდეგ კი მთლიან სისტემად გაერთიანდა. მაღალტექნოლოგიური სისტემის მართვა კი სპეციალური Web აპლიკაციით ხდება.
კომპანიამ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისათვის პროდუქტის დიზაინი, პლატების დიზაინი და პროგრამირება, NodeJS Web პროგრამირება და შემდეგ მათი ინსტალაციაც განახორციელა.
საინტერესოა ისიც, რომ პროდუქტი სრულიად საქართველოშია წარმოებული და მისი გამოყენების შესაძლებლობა მეზღვაურთა ექსტრემალურ პირობებში გამოცდისათვის სხვა აუზებზეც იქნება შესაძლებელი.