EEAS: COVID-19-თან დაკავშირებული სადეზინფორმაციო კამპანიის ძირითადი აქტორები - რუსეთი და ჩინეთი

EEAS: COVID-19-თან დაკავშირებული სადეზინფორმაციო კამპანიის ძირითადი აქტორები - რუსეთი და ჩინეთი

ევროკავშირმა პანდემიის გარშემო გავრცელებული სადეზინფორმაციო კამპანიების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ტექსტი დეკემბერი (2020წ.) – აპრილის (2021წ.) პერიოდს ეხება, რის გამოც, ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება ვაქცინაციასთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციის გავრცელებაზე მახვილდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის დასაწყისში გაძლიერებული სადეზინფორმაციო კამპანიების ძირითად სამიზნედ დასავლური ვაქცინები და მარეგულირებლები იქცნენ. გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, მიზანმიმართულად ვრცელებოდა ცრუ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ პანდემიის მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რის გამოც კრიზისთან გამკლავების დასავლური, დემოკრატიული მოდელი არაეფექტიანად, ჩავარდნად აღიქმებოდა.

ანგარიშის მიხედვით, სადეზინფორმაციო კამპანიის ძირითადი აქტორები რუსეთი და ჩინეთი არიან, რომლებიც საკუთარი ვაქცინების რეკლამირების ფონზე, დასავლური ვაქცინების, ინსტიტუციებისა და ვაქცინაციის სტრატეგიის მიმართ ნდობის შემცირებასაც ცდილობენ. ორივე ქვეყანა მიზნის მისაღწევად აქტიურად იყენებს საკუთარ სამთავრობო მედიასაშუალებებს, მათ შორის დიპლომატიურ ანგარიშებსაც. მაგალითად, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე ევროკავშირის სადეზინფორმაციო მასალების ბაზას ვაქცინების შესახებ 100 ახალი პრორუსული ტიპის განაცხადი დაემატა.

Sputnik V-ის ოფიციალური ტვიტერის ანგარიშზე გამოქვეყნებული განცხადებები ეჭვქვეშ აყენებდა ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ჩატარებული პროცედურების სანდოობასა და ორგანიზაციის პოლიტიკურ მიუკერძოებლობას. ანგარიშის მიხედვით, საბოლოო ჯამში კრემლის ამგვარი ქმედებები ევროპული სააგენტოს წინააღმდეგ იყო მიმართული, ანუ მისი საჯარო ნდობის შემცირებას ემსახურებოდა.

კრემლის სადეზინფორმაციო კამპანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წინააღმდეგაც იყო მიმართული. რუსული მედიასაშუალებები, მაგალითად, უკრაინას, Sputnik V-ის უარყოფის გამო, საკუთარი მოსახლეობის „გენოციდში“ ადანაშაულებდნენ. საქართველოს კი COVAX პლატფორმიდან და ევროპის დახმარებით მიღებული ვაქცინების მიღებისათვის აკრიტიკებდნენ. რუსული სამთავრობო მედია (მაგალითად, RT, Sputnik) სისტემატურად ავრცელებდა კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივებს, მათ შორის აღმ. ევროპის ქვეყნების ადგილობრივი ენის გამოყენებითაც.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთის მსგავსად ჩინეთიც საკუთარი  მედიასაშუალებების გამოყენებით, პანდემიასთან ბრძოლის დასავლურ მიდგომას უარყოფითად აფასებს. ამასთან, ხელს უწყობს ვირუსის წარმოშობისა და დასავლური ვაქცინების შესახებ ცრუ, დაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას. საპირისპიროდ კი საკუთარ ვაქცინას „გლობალურ საჯარო სიკეთედ“ სახავს და აქტიურ პროპაგანდისტულ კამპანია აგრძელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *