„ოცნება გავაუფასურეთ“ - საიდან სადამდე მივიდა საქართველოს ჯანდაცვის სექტორი?

„ოცნება გავაუფასურეთ“ - საიდან სადამდე მივიდა საქართველოს ჯანდაცვის სექტორი?

„ვფიქრობ, დროა, დადგეს საკითხი სტანდარტის შექმნასთან დაკავშირებით, რომლის მიღმაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ რიგ სერვისებში ამა თუ იმ დაწესებულებამ ვერ უნდა მიიღოს მონაწილეობა“, – ამის შესახებ გადაცემა Forbes Health-ში საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა, გიორგი გოცაძემ ჯანდაცვის სექტორის გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა.

მან ყურადღება საწოლფონდზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სექტორში ბოლო 10-20 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით რევოლუციური წარმატება ჰქონდა ქვეყანას, თუმცა, მისივე თქმით, ამ წარმატებას „მოჰყვა სერიოზული დამაზიანებელი ნაბიჯები, ვინაიდან ნებისმიერი ზომის თუ წონის საავადმყოფოში ინვესტირების საშუალება მიეცათ“.

გიორგი გოცაძემ ჯანდაცვის ინდუსტრიაში ამჟამად არსებული ვითარება წლების წინ საბანკო სექტორში შექმნილ სიტუაციას შეადარა.

„მახსოვს პერიოდი, როდესაც საქართველში ძალიან ბევრი ბანკი იყო, შემდეგ გამოვიდა მარეგულირებელი და თქვა, რომ ბანკები ბევრია, კაპიტალზე მოთხოვნები გაიზრდება, ამიტომაც უთხრა ბანკებს: ან ამ კაპიტალზე ახვალ, ფულს ჩადებ და გახდები ბანკი, ან დაკარგავ ლიცენზიას. ვფიქრობ, რომ ანალოგიური სტანდარტი დამკვიდრებულია უკვე ჯანდაცვის ინდუსტრიაში“, – აღნიშნა მან და 1997 წელი და მაშინდელი ჯანდაცვის სექტორის გეგმა გაიხსენა.

„1997 წელს გაკეთდა გეგმა, რომელსაც ჰქონდა რამდენიმე საოცნებო ელემენტი. პირველი – კატასტროფულად ჭარბი ჰოსპიტალური საწოლები და ჰოსპიტლები, რომლებიც იმ დროის პოსტსაბჭოთა საქართველოში არსებობდა, შემცირებულიყო და გამხდარიყო ოპტიმალური. მაშინ საუბარი იყო 365 საავადმყოფოზე და გაცილებით ნაკლებ საწოლზე. ეს მაშინ ერთი ოცნება იყო. მეორე ოცნება კი იყო ის, რომ ამის გასაკეთებლად და გაუბედურებული საავადმყოფოებისთვის ქვეყანას ფული ეშოვა“, – ამბობს „კურაციოს“ პრეზიდენტი.

მისივე თქმით, იმაზე, რაზეც 1997 წელს ვოცნებობდით, კერძო სექტორის დახმარებით ეფექტიანად უკვე 2010-2012 წლებში განხორციელდა. ხოლო ის ბევრი პრობლემა, რომლებიც სახელმწიფოს გადასაწყვეტი იყო, რეალურად კერძო სექტორმა მოაგვარა. „სახელმწიფომ უთხრა მათ, შენ ფული ჩადე და მე სერვისს აგინაზღაურებო, რითაც ჩადებულ კაპიტალს ამოიღებ და შეძლებ სერვისების შემდგომ განვითარებასო.

დღეს კი რეალურად ოცნება გავაუფასურეთ, დღეს იმაზე მეტი საწოლი გვაქვს, რაც 1997 წელს გვქონდა. მაშინ როდესაც 2012 წელს საოცნებო ნიშნულზე ვიყავით ჩამოსული. ანუ, ერთი მხრივ, ვაკეთეთ დიდი სიკეთე, მეორე მხრივ კი ეს სიკეთე გადავაგდეთ ნაგვის ურნაში. ასევე, კერძო სექტორს ვუთხარით, რომ შენ ჩადე ფული და მე გადაგიხდი, თუმცა დღეს რეალურად ამ კერძო სექტორის გადაგდებას ვაპირებთ“, – დასძინა გიორგი გოცაძემ.

აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფონდ Curatio-ს ერთობლივ კვლევაში – „ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი“ ინდუსტრიის რისკები და გამოწვევებია გაანალიზებული. Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა, ნინო პერანიძემ გადაცემა Forbes Health-ში აღნიშნა, რომ კვლევისას, როდესაც მათ საწოლფონდის და საავადმყოფოების ეფექტიანობის ინდიკატორები შეაფასეს, გამოჩნდა, რომ პატარა სამედიცინო დაწესებულებების როლი სერვისების მიწოდებაში იმასთან შედარებით ნაკლებია, ვიდრე არის რესურსების მოხმარებაში.

„ძალიან პატარა ზომის დაწესებულებების 40%  ჰოსპიტალური პაციენტების მხოლოდ 10%-ს ემსახურება.  ანუ სექტორის მთელი ტვირთი არის გადასული მსხვილ კომპანიებზე, მთლიანი ბაზრის 60%-ზე“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საწოლფონდის დატვირთულობის დაბალი მაჩვენებელიც სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ სექტორი ბევრი მცირე ზომის დაწესებულებითაა გაჯერებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.