EIA: 2023 წლისთვის რუსეთში ნედლი ნავთობის მოპოვება 18%-ით შემცირდება 

EIA: 2023 წლისთვის რუსეთში ნედლი ნავთობის მოპოვება 18%-ით შემცირდება 

ევროკავშირის მიერ დაწესებული ნაწილობრივი ემბარგოს ფონზე, აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია (EIA) ვარაუდობს, რომ 2023 წლის ბოლომდე რუსეთის ფედერაციაში ნედლი ნავთობის მოპოვება 18%-ით შემცირდება.

EIA-ის შეფასებით, ნავთობის დღიური წარმოების მაჩვენებლის 11.3 მილიონიდან 9.3 მილიონ ბარელამდე ვარდნის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი რუსულ ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება იქნება.

ამჟამად რუსეთს ექსპორტზე ყოველდღიურად დაახლოებით 7 მილიონი ბარელი ნავთობი გააქვს, აღნიშნული მოცულობის ნახევარი კი ევროკავშირის ბაზარზე მოდის. სანქციების მეექვსე პაკეტის ოფიციალურად ამოქმედების შემდეგ, რუსულ ნავთობზე მოთხოვნა ევროკავშირის მასშტაბით ეტაპობრივად შემცირდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვარაუდით კი, 2022 წლის ბოლომდე რუსული წარმომავლობის ნედლ ნავთობზე მოთხოვნა EU-ში 90%-ით იქნება შემცირებული.

ექსპერტების შეფასებით, თავად ევროკავშირი რუსეთისთვის უმთავრეს ბაზარს წარმოადგენს, მისგან იზოლირებით კი კრემლი იძულებული გახდება, ადგილობრივი მოპოვება შეამციროს და ჭაბურღილთა ნაწილი დალუქოს, რადგან სარეალიზაციო ბაზარი მნიშვნელოვნად იქნება შეზღუდული, ქვეყნის სანავთობო რეზერვები კი მაქსიმალურ ნიშნულამდე იქნება შევსებული – აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს მილიარდერი ინვესტორი ჯორჯ სოროსიც.