პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “საქართველოს ბანკს“ ისევე როგორც ყველა მსგავს კომერციულ ინსტიტუტს, მოუხდა ცვლილებების განხორციელება, სტრატეგიის განახლება და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. რა გაკეთდა და რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ კუთხით, “საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ Forbes Talks-ის ფორმატში Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.
გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში მთელ საქართველოს და ეკონომიკას არ ულხინს და ეს ყველაზე აისახება. მისივე თქმით, ბანკი გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს სხვადასხვა მიმართულებით:
“ჯერჯერობით ადრე არის საუბარი იმაზე, რომ ზუსტად რამდენს და როგორ გაუჭირდება. თუმცა, ცხადია, რომ არამარტივი სიტუაცია იქნება. ამასთან ერთად სექტორების მიხედვით მიმდინარეობს და უკვე გვაქვს სტრატეგია შემუშავებული, თუ სად და როგორ გავაკეთებთ რესტრუქტურიზაციას თუ სხვადასხვა ტიპის დახმარებებს. არის სიტუაციები, სადაც შეიძლება საოპერაციო ხარჯების დაფინანსებაშიც დავეხმაროთ. იგულისხმება გარკვეულ სექტორებზე სპეცსესხების მიცემა. არის სექტორები, სადაც შეიძლება მოგვიწიოს პროცენტის კაპიტალიზაცია, იგულისხმება სასტუმროები“, – აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, საკმაოდ დიდი რეზერვების გადადება მოხდა, თუმცა, ის იმედს გამოთქვამს, რომ ამის სრულად ათვისება საჭირო არ გახდება: „ეროვნულ ბანკთან მოხდა შეთანხმება და წინასწარ რეზერვის გადადება 400 მლნ ლარის ოდენობით ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში… რაც არის გადადებული იმისთვის, რომ თუ დანაკარგები იქნება, დამატებით ეს აღარ აისახოს კაპიტალის მაჩვენებლებზე და სიმყარე იყოს სისტემაში“.
“საქართველოს ბანკის“ გენერალური მდივანი ასევე ამბობს, რომ ტურიზმის სექტორი არის ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ. „მოგვიწევს უპრეცედენტო რაღაცების გაკეთება. როცა ბანკი პროცენტის კაპიტალიზაციას აკეთებს, ეს არ არის ჩვეულებრივი თემა“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
მან მიმდინარე და 2008 წლის კრიზისებიც შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ დღეს, წინა მასშტაბური კრიზისისგან განსხვავებით ლიკვიდურობის პრობლემა არ დგას.
“ამ შემთხვევაში საკითხი დგას თუ როგორ გადაივლის ესა თუ ის ბიზნესი. ახალ რეალობაში როგორ აეწყობა და ახალ რეალობაში რამდენად შესაძლებელი იქნება მათთვის ის რომ ახალ ვალდებულებას მოემსახურონ.
2008 წელს აგვისტოში ხალხი მიაწყდა ბანკებს და ფულის გატანა დაიწყო. წელს ამ სიტუაციაში მსგავსი არფერი არ ყოფილა. რამდენიმე დღე იყო და ისიც უკან შემოაბრუნა ხალხმა… მალევე მიხვდა ხალხი…
მაშინ მიმდინარე ანგარიშებზე ძალიან ბევრი ფული გვქონდა, მაგრამ “ქეში” დამთავრდა საქართველოში. ხალხი რომ მიაწყდა ბანკებს და ბანკომატებს და ფული გაჰქონდათ, ვინაიდან რუსეთის არმია იდგა მცხეთასთან, ფული აღარ იყო“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ იმ მომენტში 16% გავიდა ერთ კვირაში დეპოზიტებიდან.
მისივე თქმით, 2008–09 წლის კრიზისის გამოწვევაში მთელ მსოფლიოში გარკვეულწილად ბანკებს მიუძღოდათ როლი. ასევე მაშინ არც კაპიტალის რაოდენობა იყო ძალიან ბევრი, თუმცა ამ კრიზისმა ბანკებს ასწავლა რომ მეტი კაპიტალი და მეტი თავშეკავებულობა არის საჭირო.
დღეს კი მთელი მსოფლიოს საბანკო სფერო ბევრად უფრო მომზადებული შეხვდა. “დღეს საუბარია იმაზე რომ ბანკები კი არ არის ის, რამაც ზიანი მოგვაყენა, პირიქით, საშუალებაა რომ გამოვიდეთ კრიზისიდან, და ამ კუთხით ყველაფერი წინ გვაქვს. ბევრი რამ არის დამოკიდებული სახელმწიფოსთან ერთად, ერთ ფერხულში რამდენად კარგად და როგორ გამოვალთ. თუმცა, დარტყმა ძლიერია და არავის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს რომ ისე გამოვალთ, რომ არ ვიგრძნობთ ამას“, – დასძინა “საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.