მიმდინარე კვირას სხვადასხვა ინდუსტრიის ათობით საერთაშორისო კომპანია კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს. მათ შორის არის Netflix-ი, რომლის მონაცემებიც, ანალიტიკოსების შეფასებით, მკვეთრად იქნება გაზრდილი. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 20 იანვარს კომპანიის აქციებმა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. შემდეგ შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა მოგვიანებით კვლავ ზრდის ტემპს დაუბრუნდა.
მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შესახებ შეხვედრებს დაასრულებს, ამის შემდეგ კი ბანკის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის გამოსვლაც იგეგმება. ამასთან, სამშაბათსვეა დაგეგმილი ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაც.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 12 ივლისის კვირაში ჩინეთი და სამხრეთი კორეა ივნისის სავაჭრო ბალანსის, იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს, ჩინეთში მშპ-ის მეორე კვარტალის შედეგები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რიტეილ-გაყიდვები და უმუშევრობის განახლებული დონეც გასაჯაროვდება.
ამასთან, მიმდინარე კვირას არის დაგეგმილი OPEC-ის თვის ანგარიშის გამოქვეყნება, რომელშიც ნავთობის მსოფლიო ბაზრის მიმოხილვა იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2020 წლის წინასწარი) და ასევე საარსებო მინიმუმი (2020 წლის დეკემბერი).