ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ამერიკაში გიგანტი და მსხვილი საერთაშორისო კომპანიები შემოსავლების ბოლო მონაცემებს გამოაქვეყნებენ, მათ შორის იქნებიან Apple-ი, Alphabet-ი, Facebook-ი, Amazon-ი, Netflix-ი, Microsoft-ი, McDonald’s-ი, Procter & Gamble-ი, Tesla და უკვე ყველასთვის ცნობილი და ყველაზე პოპულარული კოვიდვაქცინების მწარმოებელი Pfizer-ი.

გარდა ამისა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახური ორდღიან შეხვედრას გამართვას, რის შემდეგაც განცხადებას გააკეთებენ ახალი გადაწყვეტილებების შესახებ, თუმცა სარეზერვო სამსახურის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა, კონგრესში ბოლო გამოსვლისას მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის ეკონომიკას კვლავ სჭირდება ცენტრალური ბანკის სრული მხარდაჭერა. როგორც მოსალოდნელია, გადაწყვეტილების მიმღები პირები გააანალიზებენ იმ რისკებს, რაც კორონავირუსის „დელტა“ შტამის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება.

რაც შეეხება ევროპას, მიმდინარე კვირას ევროზონის მშპ-ის მეორე კვარტალის მონაცემები გამოქვეყნდება, რაც ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება იმის შესახებ, თუ რამდენად მოახერხა ევროპამ ეკონომიკის აღდგენა. გარდა ამისა, გამოქვეყნდება ევროზონის ინფლაციის მაჩვენებლებიც. როგორც ელოდებიან, ინფლაცია ევროპის ცენტრალური ბანკის ივლისის სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს მიაღწევს.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას გერმანია და ისრაელი აამოქმედებენ ბოლო გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. ორივე ქვეყანამ საქართველო კოვიდშემთხევების რაოდენობის ზრდის გამო „წითელ ზონაში“ შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის “წითელი” ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). გერმანიაში საქართველოდან დაბრუნებულებს კი 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ტურიზმის სექტორზე აისახება და ცალკეული სასტუმროების მენეჯერები უკვე აცხადებენ გაუქმებული ჯავშნების შესახებ.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ შემდეგი ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებას:

  • 26 ივლისი – საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (2021 წლის II კვარტალი);
  • 28 ივლისი – ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევის შედეგები (2020 წელი);
  • 30 ივლისი – ინფორმაცია დასრულებულ მშენებლობებზე (2021 წლის იანვარი-ივნისი);
  • 30 ივლისი – ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2021 წლის იანვარი-ივნისი);
  • 30 ივლისი – ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლები (2020 წელი);
  • 30 ივლისი – ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის ივნისი).
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *