ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

გასული კვირის მსგავსად, მიმდინარე კვირაშიც, ამერიკაში ინვესტორების ყურადღება მიპყრობილი იქნება ქვეყნის ფისკალური სტიმულირების პაკეტისკენ. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ მხარდაჭერილი პაკეტი $1.9 ტრილიონს მოიცავს. ამერიკის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ეს პაკეტი ეკონომიკის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა ლიდერებს უფრო მეტი ფისკალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა ეკონომიკური აღდგენა აქტიურად დაიწყოს.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ისეთი გიგანტი კომპანიები გამოაქვეყნებენ გასული წლის შემოსავლების შესახებ მონაცემებს, როგორიცაა Hilton Worldwide Holdings-ი, Hyatt Hotels-ი, Marriott-ი, TripAdvisor-ი, Norwegian Cruise Line-ი და სხვა. ვიცით, რომ ვაქცინაციის დაწყების პარალელურად, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის ნიშნები უკვე გაჩნდა, თუმცა საზღვრების გახსნა ჯერ აქტიურად არ დაწყებულა, მეტიც, ცალკეულმა ქვეყნებმა ჯერ კიდევ არ იციან, როდის უმასპინძლებენ უცხოელ ტურისტებს. განსაკუთრებით საუბარია ევროპის ქვეყნებზე, სადაც ვირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს.ამ კონტექტსში კი საინტერესო იქნება.

ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენელი კომპანიების გასული წლის შედეგები.

მიმდინარე კვირას ინვესტორების, და არა მხოლოდ მათი, ყურადღება მიპყრობილი იქნება ასევე ბიტკოინებისკენ, რომელთა ფასმაც გასულ კვირას მორიგ რეკორდს მიაღწია და $49 000-იც კი გახდა. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასმა მას შემდეგ მოიმატა, რაც ილონ მასკის კომპანია Tesla-მ განაცხადა, რომ $1.5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს კრიპტოვალუტაში.

ამასთან, მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ ამერიკაში რიტეილ-გაყიდვებისა და ინდუსტრიული წარმოების იანვრის თვის მონაცემებს. მოსალოდნელია, რომ ამ მხრივ აშშ-მა 2021 წელი კარგად დაიწყო. უმუშევრობის დეკემბრის თვის მაჩვენებლების შესახებ გახდება ცნობილი დიდ ბრიტანეთში. გერმანია, შვეიცარია, საფრანგეთი და ინდოეთი გასული წლის ბოლო კვარტალის და ასევე მთლიანად 2020 წლის მშპ-ის მაჩვენებელს გამოაქვეყნებენ. ევროკავშირში კი მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ბიზნესკმაყოფილების კვლევის შედეგები გასაჯაროვდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *