მიმდინარე კვირას წამყვანი ამერიკული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გასული წლის ბოლო კვარტალის შემოსავლების შესახებ მონაცემებს გამოაქვეყნებენ. მათ შორის იქნება Goldman Sachs-ი, Charles Schwab-ი, Morgan Stanley-ი, Bank of America და BNY Mellon-ი. გარდა ამისა, მოსალოდნელია სხვა მსხვილი კომპანიების, მათ შორის Procter & Gamble-ის და Netflix-ის ბოლო ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებაც.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები კარგ ფინანსურ სეზონს ელოდებიან, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ მათმა შემოსავლებმა ფედერალური სარეზერვო სამსახურის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შემთხვევაში იკლოს.
გარდა ამისა, აშშ-ის ეკონომიკურ კალენდარში მნიშვნელოვანი იქნება მშენებლობის ნებართვების, მწარმოებელთა ინდექსებისა და საცხოვრებელი სახლების გაყიდვის განახლებული მაჩვენებლების გამოქვეყნება.
მიმდინარე კვირას მოსალოდნელია ჩინეთის მშპ-ის მონაცემების გასაჯაროებაც. წინასწარი პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკა გასული წლის მეოთხე კვარტალში 3.6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მეორე კვარტალის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანა 2022 წელს არაერთი გამოწვევის წინაშე დგას დასუსტებული უძრავი ქონების სექტორის და ომიკრონის შტამის შედეგად ახალი კოვიდრეგულაციების გამო.
იაპონიაში მიმდინარე კვირას ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შეხვედრას გამართავს. მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება, თუმცა გადაიხედება ინფლაციის პროგნოზები. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ცენტრალური ბანკის სამიზნე 2%-იან მაჩვენებელზე ქვემოთაა, მსოფლიოში სასაქონლო ფასების ზრდამ არაერთ კომპანიას ფასების გაზრდა აიძულა.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას მოსალოდნელია საპროტესტო აქციები. კერძოდ, საჯარო სექტორში – სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ 17 იანვრიდან გაფიცვას გეგმავენ. ისინი ხელფასების მომატებას და ადეკვატური სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ. კერძო სექტორში კი გასულ კვირას საპროტესტო აქციები გამართეს „მაგთიკომის“ თანამშრომლებმაც. აქციის მონაწილეებმა კომპანიას ვადა 17 იანვრამდე მისცეს და თუ მათ პროტესტს არანაირი გამოხმაურება არ ექნება, პროფკავშირებთან ერთად, სამართლებრივი პროცესების დაწყებაზეც იმსჯელებენ.
რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, 20 იანვარს საქსტატი არაერთ მნიშვნელოვან მონაცემს გაასაჯაროებს. მათ შორის გამოქვეყნდება საგარეო ვაჭრობის (2021 წლის წინასწარი), ადგილობრივი ექსპორტის (2021 წლის წინასწარი) და ენერგეტიკის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები (2020 წელი). ასევე, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის დეკემბერი), მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2021 წლის დეკემბერი), მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2021 წლის დეკემბერი), ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსი (2021 წლის დეკემბერი), ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის დეკემბერი), სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის დეკემბერი), ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის დეკემბერი) და მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე (2021 წლის დეკემბერი).