ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო იქნება. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ე.წ. შავი ოქროს ფასი 50%-ით გაიზარდა. ამის გამომწვევი მთავარი ფაქტორი, ცხადია, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა გახდა.

ნავთობის ფასების მატება ინფლაციის გაზრდის მოლოდინებს ქმნის, რაც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებს იმედებს უკარგავს, რომ პანდემიის პერიოდის მასტიმულირებელი პაკეტებით შეკავებული ინფლაცია წარმავალი იქნება.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯერომი პაუელმა განაცხადა, რომ ამერიკის ეკონომიკას ახლა უფრო მყარად შეუძლია იდგეს ნავთობის შოკის გავლენების წინაშე, ვიდრე 1970-იან წლებში იდგა.

მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარი მნიშვნელოვანი იქნება ასევე იმითაც, რომ აშშ ხუთშაბათს გასული წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებლებს, ხუთშაბათს კი ამერიკელების საშუალო პირადი შემოსავლებისა და დანახარჯების მონაცემებს გაასაჯაროებს. ამასთან, იგეგმება უმუშევრობის განაცხადების, მწარმოებელთა PMI-ის და მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსის გამოქვეყნებაც.

ევროკავშირი ინდუსტრიული განწყობების, ბიზნესკლიმატის, მომხმარებელთა და ბიზნესის კმაყოფილების გამოქვეყნებას გეგმავს.

გერმანიაში კი იმპორტის ფასის თებერვლის ინდექსი და ასევე გასული თვის რიტეილ-გაყიდვების მონაცემები გახდება ცნობილი. რიტეილ-გაყიდვების ბოლო მონაცემები გახდება ცნობილი იაპონიაში, სადაც მოსალოდნელია თებერვლის უმუშევრობის მაჩვენებლების გასაჯაროებაც. იტალია და საფრანგეთი კი მარტის მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსს გამოაქვეყნებენ. რაც შეეხება ინგლისს, აქ ხუთშაბათს გასული წლის მეოთხე კვარტალის მშპ გახდება ცნობილი.

რუსეთშიც მოსალოდნელია სამი მნიშვნელოვანი მაჩვენებლის გამოქვეყნება,  მათ შორის, თებერვლის რიტეილ-გაყიდვების, უმუშევრობის დონისა და იანვრის ხელფასების ზრდის მაჩვენებლების გასაჯაროება აღნიშნული მონაცემები დიდი ალბათობით შემცირებული იქნება.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირა დაიწყება 2021 წლის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გამოკვლევის შედეგების გამოქვეყნებით, მას მოჰყვება ასევე გასული წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების და 2022 წლის იანვრის ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის გამოქვეყნება. კვირის მეორე ნახევარში კი საქსტატი 2021 წლის მეოთხე კვარტალის და ასევე სრული წლის  მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემს გამოაქვეყნებს დანახარჯებისა და შემოსავლების მიხედვით. დაბოლოს,  ცნობილი გახდება ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება და ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2022 წლის თებერვალი).