უკრაინაში რუსულმა აგრესიამ ევროპა ხელახლა გააერთიანა

უკრაინაში რუსულმა აგრესიამ ევროპა ხელახლა გააერთიანა

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციამ ევროპა და ტრანსატლანტიკური საზოგადოება ხელახლა გააერთიანა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ. აქამდე რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი შიდა უთანხმოებები არსებობდა. თუმცა პუტინის უკრაინის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დაწყების შემდეგ ასეთი სადავო საკითხების რაოდენობა მინიმუმამდე დაეცა, რადგან მიმდინარე რუსულმა აგრესიამ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა გასული ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. მიმდინარე პროცესებმა და ევროპისთვის მათმა მნიშვნელობამ რუსეთთან შერჩევითი ურთიერთობები და უშედეგო დიალოგი არარელევანტური გახადა. მიმდინარე მოვლენებმა იტალიას ძვირფასი ნივთების რუსეთში გაყიდვაზე და გერმანიას რუსული გაზის მარტივად მიღების სურვილზეც კი ათქმევინა უარი.

რუსეთის მიმართ ერთიან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით  ევროკავშირში, წევრ ქვეყნებს შორის, ყოველთვის არსებობდა უთანხმოება. ეს დიდწილად გამოწვეული იყო დიდი წევრი ქვეყნების მოთხოვნით, რომ ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით ეთანამშრომლათ მოსკოვთან, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო წარმოაჩენდა ევროკავშირში კონსენსუსის ნაკლებობას. მიუხედავად ორგანიზაციის ლიდერების სურვილისა, რომ  ევროპის გლობალური გეოპოლიტიკური როლი გაზრდილიყო, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა კვლავ რჩებოდა მთავრობათაშორისი გარიგების საგანი, რომელიც უფრო რუსეთის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების თავმოყრა იყო, ვიდრე ერთიანი პოზიციისა.

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი-სახელმწიფო უპირატესობას ანიჭებდა მოსკოვთან თანამშრომლობას, რიგი ქვეყნებისა კი, როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი, ასეთ ურთიერთობებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის მიმართ მათი რიტორიკა იყო ძალიან უხეში და ძირითადად განპირობებული მწარე ისტორიული გამოცდილებით და უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიით. საინტერესოა, რომ  რუსეთთან 2014 წლის სამხედრო საწყობის აფეთქებასთან დაკავშირებულ დიპლომატიურ უთანხმოებაში ჩეხეთს მხარი, აშშ-ის გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ცენტრალური ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი, იტალია და გერმანია რუსეთთან თანამშრომლობის გზებს აქტიურად ეძებდნენ. 2020 წლის მიუნხენის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ღიად მხარიც კი დაუჭირა რუსეთთან დიალოგს „უთანხმოებების მოსაგვარებლად“. გერმანიამ კი არაოფიციალური დოკუმენტით დასავლელ პარტნიორებს კრემლთან „შერჩევითი თანამშრომლობისკენ“ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაოფიციალური დოკუმენტი მოსკოვის მიმართ გარკვეულ ბრალდებებსაც მოიცავდა, ის ხაზს უსვამდა ევროკავშირისთვის „სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებს“ კრემლთან  ისეთ საკითხებში ურთიერთობებში, როგორიცაა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები, გარემოსა და ეკონომიკის წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები. აღსანიშნავია, რომ „სტრუქტურული“ თანამშრომლობის საჭიროებაზე განცხადება ეწინააღმდეგება ნავალნისა და პროტესტებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემოღებულ სანქციებს.

უნდა ითქვას, რომ, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი უპირატესობას ანიჭებდა არა გეოპოლიტიკურ საკითხებს, არამედ ეკონომიკურ სარგებელს და მიუხედავად ევროკავშირის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობისა, გერმანია კვლავ რჩებოდა ჩართული ჩრდილოეთის ნაკადის მეორე გაზსადენის პროექტში, რომლის მიზანი რუსეთიდან გაზის იმპორტის გაზრდა იყო. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ზოგიერთი გავლენიანი წევრი-სახელმწიფოს მოსკოვთან თანამშრომლობის სურვილი ორგანიზაციის შიგნით არსებულ ქვეყნებს შორის დაყოფას კიდევ უფრო ამწვავებდა, რაც ევროკავშირის, როგორც გეოპოლიტიკური აქტორის, ქმედუნარიანობას ამცირებდა და რუსეთს ხელს უწყობდა რეგიონში საკუთარი აგრესიული და დესტაბილიზაციისკენ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებაში. ევროკავშირის შიგნით არსებულმა მწვავე პრობლემამ თავი იჩინა მოსკოვში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის დროს. ბორელი პრესკონფერენციაზე უპრეცედენტოდ დაამცირეს. ასევე აღსანიშნავია, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში რუსული გაზის ექსპორტმა ევროკავშირში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და უკვე  ორგანიზაციის მარაგის დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. პროექტის დასრულების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული გაზის ევროპაში ექსპორტს გააორმაგებდა და კრემლის ბერკეტს ევროკავშირის ენერგიის პოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო გაამყარებდა.

მიუხედავად ამისა, პუტინის უკრაინის დაპყრობითი კამპანიის გამო, ევროპამ ერთხმად დაუწესა მოსკოვს ფინანსური სანქციები. ევროპის ქვეყნებმა ასევე აკრძალეს კრემლის მთავარი პროპაგანდისტული არხი – Russia Today. ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება განიცადა გერმანიამ, რომელიც წლების განმავლობაში ლობირებდა პუტინთან აქტიურ თანამშრომლობას. თავდაპირველად გერმანიამ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენის პროექტი. ამის შემდეგ ბერლინმა, მოკავშირეების ძალისხმევის შემდეგ, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა რუსეთის მიმართ. 26 თებერვალს გერმანიის მთავრობა დათანხმდა რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვას და უკრაინას სამხედრო დახმარებაც გაუგზავნა. 27 თებერვალს კი გერმანიის საგარეო პოლიტიკაში დიდი ძვრები მოხდა, მას შემდეგ რაც შოლცმა გერმანიის სამხედრო ძალის გაზრდა გადაწყვიტა და ამისათვის 100 მილიარდი ევრო გამოყო 2022 წლის ბიუჯეტიდან და პირობა დადო, რომ გერმანიის თავდაცვის დანახარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაიზრდებოდა და ნატოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაში დიდხანს არ ხდებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, წევრ ქვეყნებს ესაჭიროებოდათ მტკიცე პოზიციის ქონა. ევროკავშირის ზოგიერთი გავლენიანი წევრი ქვეყნის მიერ მოსკოვთან ახალი კავშირების ძიება, განსაკუთრებით ენერგოსექტორში, ევროკავშირის ერთიანობასა და უსაფრთხოებას დიდმნიშვნელოვნად აზიანებდა. უკრაინაში მიმდინარე რუსულმა აგრესიამ კი კრემლს დიდი პრობლემა შეუქმნა. იმის მაგიერ, რომ დაეყო და ემართა, კრემლს წინ უდგას აქამდე არნახულად გაერთიანებული ევროპა. გრძელვადიან პერიოდში ევროკავშირის ლიდერები დაქსაქსული პოზიციებისა და რბილი რიტორიკის მაგიერ ასეთი მედეგი და თანამიმდევრული ერთიანი მიდგომის ერთგულნი უნდა დარჩნენ. ევროკავშირმა აუცილებლად უნდა განაახლოს აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივაც და მათთან ინტეგრაცია გრძელვადიან პერიოდში გადაიაზროს. ამ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, უნდა მიეცეთ მეტი დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ხელშესახები სტიმულები და საბოლოოდ – კანდიდატის სტატუსი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *