ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას მსოფლიოს ეკონომიკურ კალენდარი შედარებით ნაკლებად დატვირთულია. თუმცა დაგეგმილია რამდენიმე ისეთი მონაცემის გამოქვეყნება, რაც საერთო ჯამში გლობალური ეკონომიკისთვისაც ყურადსაღები იქნება.

დავიწყოთ აშშ-ით, სადაც მიმდინარე კვირას მოსალოდნელია შრომის ბაზრის შესახებ განახლებული მაჩვენებლების გამოქვეყნება, რაც დასაქმების ბოლოდროინდელ მაჩვენებლებს ნათელს გახდის. როგორც ეკონომისტები აცხადებენ, ივნისში ქვეყნის შრომის ბაზარს დაახლოებით 270 000 სამუშაო ადგილი უნდა იყოს დამატებული, რაც მაისთან შედარებით მცირეა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ზრდა მაინც სტაბილურია. ამასთან, ეკონომისტები ელოდებიან, რომ უმუშევრობის დონე 3.6%-იან ნიშნულზე სტაბილურად შენარჩუნდება.

გარდა ამისა, აშშ-ში იგეგმება წარმოების PMI-ს გამოქვეყნება და ცნობილი გახდება გასული წლის ივნისთან შედარებით რამდენად შეიცვალა საათობრივი საშუალო ანაზღაურება ქვეყანაში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ევროკავშირში მაისის საერთო რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებელი გახდება ცნობილი. შვეიცარია ივნისის უმუშევრობის დონეს გამოაქვეყნებს. საფრანგეთი, გერმანია და კანადა კი მაისის ექსპორტ-იმპორტის და სავაჭრო ბალანსის მაჩვენებლებს გაასაჯაროებენ. უმუშევრობის დონის ცვლილება ესპანეთშიც გახდება ცნობილი.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს წარადგენს, რომელშიც განხილული იქნება, თუ რა ვითარებაშია ქვეყნის ფინანსური სისტემა და რა რისკები არსებობს ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ.

ნაკლებად დატვირთულია საქართველოს ეკონომიკური კალენდარიც. მიმდინარე კვირას 2022 წლის ივნისის სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოქვეყნებას ელოდებიან. გარდა ამისა, დაახლოებით ერთი კვირის წინ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 4 ივლისიდან ერთი წლით ქვეყნიდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი იკრძალება. როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *