გასული კვირის მნიშვნელოვანი "მწვანე" სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი "მწვანე" სიახლეები

გასულ კვირას საერთაშორისო ორგანიზაციებმა კლიმატური კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. NATO-მ ემისიების შემცირებისთვის ოფიციალური მიზნები პირველად წარადგინა და 2050 წლამდე ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევის პირობაც დადო. ევროკავშირის ქვეყნები კი კლიმატის კანონმდებლობებზე შეთანხმდნენ, რომელიც ჯამში ხუთ ახალ კანონს აერთიანებს. მათ შორისაა 2035 წლამდე წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვის ეტაპობრივი შეწყვეტა და CO2-ის ხარჯებისგან ღარიბი მოსახლეობის დასაცავად ფონდის შექმნა.

განახლებადი ენერგიის განვითარების მხრივ, მნიშვნელოვან სიახლეებშია Siemens Mobility-ის გეგმა, გერმანიის სარკინიგზო ქსელში წყალბადზე მომუშავე მატარებლების დამატების შესახებ. ასევე, შვეიცარიის კლიმატური ტექნოლოგიის კომპანიის მიერ „პირდაპირ ჰაერიდან დამჭერი“ (DAC) ახალი ქარხნის მშენებლობის დაწყება.

თუმცა, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მეცნიერები მსოფლიოს მოსალოდნელი ექსტრემალური სიცხეებისა და წყალდიდობების შესახებ აფრთხილებენ. მეცნიერების პროგნოზით, 2022 წელს ამინდის ექსტრემალური მოვლენები უმეტესწილად გლობალური დათბობით იქნება გამოწვეული.

NATO ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს

NATO სამოქალაქო და სათბური ემისიების 45%-ით შემცირებას 2030 წლისთვის, ხოლო ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს. ემისიების შემცირებისთვის ორგანიზაციის პირველი მიზნები NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაასაჯარობვა.

REUTERS/Violeta Santos Moura

სტოლტენბერგმა განცხადება მადრიდში, NATO-ს სამიტის ფარგლებში გამოსვლისას გააკეთა და დასძინა, რომ დასახული მიზანი მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა შესრულებადია. 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევით, ორგანიზაცია გლობალური დათბობის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვას შეუწყობს ხელს. სტოლტენბერგის განცხადებით, ორგანიზაციის გეგმა არა მარტო კლიმატურ პრობლემებს, არამედ სამხედრო ტრანსპორტის განვითარებასაც წაადგება, რადგან ტრანსპორტის მომავალი სწორედ წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებაა.

NATO-ს ემისიების შემცირების მიზანი შეეხება ორგანიზაციის აქტივებს, მათ შორის AWACS-ის სათვალთვალო თვითმფრინავებს, დრონებს, შტაბ-ბინას ბრიუსელში და სამხედრო შტაბ-ბინებს მონსში (ბელგია), ნეაპოლსა (იტალია) და ბრუნსუმში (ნიდერლანდები).  NATO ეროვნული შეიარაღებული ძალებიდან ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაში მოკავშირეებსაც დაეხმარება.

ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, 2019 წელს ევროკავშირის სამხედრო ნახშირბადის ნაკვალევმა 24.8 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტი შეადგინა. ნახშირბადის ნაკვალევი დაახლოებით 14 მილიონი მანქანის CO2 გამონაბოლქვის ტოლფასია.

ევროკავშირის ქვეყნებმა კლიმატის კანონმდებლობებზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის ქვეყნებმა კლიმატის მიზნების მისაღწევად საჭირო კანონებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი კანონმდებლობები 2035 წლამდე წიაღისეული საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვის ეტაპობრივ შეწყვეტასა და CO2-ის ხარჯებისგან ღარიბი მოსახლეობის დაცვისთვის მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნას ითვალისწინებს.

16-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრი ერთობლივ პოზიციაზე შეთანხმდა. ახალი კანონები მიმდინარე ათწლეულის განმავლობაში, გლობალური დათბობის შეჩერების უფრო ფართო პაკეტის ნაწილია. ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს წიაღისეული საწვავის გამოყენების მინიმუმამდე შემცირებისკენ გაზის მთავარი მიმწოდებლის, რუსეთის უკრაინაში შეჭრაც უბიძგებს.

REUTERS/Yves Herman//File Photoქვეყნების მინისტრებმა მხარი იმ პაკეტის ძირითად ნაწილს დაუჭირეს, რომელიც პირველად გასულ ზაფხულს წარადგინეს. მათ შორისაა კანონი, რომელიც 2035 წლიდან მხოლოდ ნულოვანი CO2-ის გამომყოფი მანქანების გაყიდვის დაუშვებს – ეს შიდა წვის ძრავაზე მომუშავე მანქანებით ვაჭრობას შეუძლებელს გახდის. საბოლოო კანონებზე მინისტრებმა პოზიცია მომავალ მოლაპარაკებებში ევროპარლამენტს უნდა წარუდგინონ.

ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმება ასევე მოიცავს: 2027 წლისთვის, ტრანსპორტსა და შენობებში დაბინძურებული საწვავის გამოყენებაზე CO2-ის გადასახადის დაწესებას, 2027-2032 წლებში CO2-ის ხარჯებისგან ღარიბი მოსახლეობის დასაცავად €59-მილიარდიანი ფონდის შექმნას, ემისიების შემცირების ეროვნული მიზნების გაძლიერებასა და ბუნებრივი ნახშირბადის ავზების, მაგალითად ტყეების რაოდენობის გაზრდას.

IEA: 2050 წლისთვის გლობალური ბირთვული ენერგიის სიმძლავრე უნდა გაორმაგდეს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, საუკუნის შუა პერიოდამდე გლობალური ბირთვული ენერგიის სიმძლავრის გაორმაგებაა აუცილებელი. ბირთვული ენერგიის გაორმაგება წმინდა ნულოვანი ნიშნულების მიღწევასა და მთავრობებისთვის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების პროცესში, ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

REUTERS/Regis Duvignau

რამდენიმე ქვეყანა წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევას 50-იანი წლებისთვის გეგმავს, რაც მეცნიერების განცხადებით, გლობალური ტემპერატურის მატების 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვას შეუწყობს ხელს. არსებული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მთავრობები იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებასაც ცდილობენ.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშით, წმინდა ნულოვანი ემისიების მისაღწევად, 2050 წლისთვის ატომური ენერგიის სიმძლავრე უნდა გაორმაგდეს. არსებული 413 გიგავატიდან ბირთვული ენერგიის სიმძლავრემ 812 გიგავატს უნდა მიაღწიოს. 2030-იან წლებში, ბირთვული იარაღის წლიური სიმძლავრე კი 27 გიგავატს უნდა გაუტოლდეს.

მსოფლიოში არსებული ატომური სადგურების დაახლოებით 260 გიგავატი, შესაბამისად 63%, ამჟამად 30 წელზე მეტი ასაკისაა. შედეგად, სადგურები უკვე საწყისი ექსპლუატაციის ლიცენზიის დასრულების პირასაა. მოხსენების თანახმად, ატომური სადგურების რიცხვი 2030 წლისთვის შესაძლოა მესამედით შემცირდეს. განვითარებულ ქვეყნებზე გლობალური ბირთვული სიმძლავრის 70% მოდის, თუმცა მათი სადგურები უკვე ძველია, ახალი პროექტებში ინვესტირება კი შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ იმ 31 რეაქტორიდან, რომელთა მშენებლობაც 2017 წელს დაიწყო, 27 რუსული ან ჩინური დიზაინისაა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა კი რუსული ბირთვული ქარხნების მომავლის შესახებ კითხვებს ბადებს. ცნობისთვის, ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის ფინეთმა Rosatom-თან ქარხნის მშენებლობაზე დადებული ხელშეკრულება ომის დაწყების შემდგომ შეაჩერა.

გერმანია წყალბადზე მომუშავე მატარებლების გამოყენებას იწყებს

Siemens Mobility ბერლინი-ბრანდენბურგის მეტროპოლიტენ რეგიონის სარკინიგზო ქსელისთვის წყალბადზე მომუშავე რამდენიმე მატარებლის აწყობას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალბადზე მომუშავე მატარებლების დამკვეთი Niederbarnimer Eisenbahn-ია.

Siemens Mobility, Niederbarnimer Eisenbahn-ს ჯამში შვიდ Mireo Plus H მატარებელს 2024 წლის შემოდგომამდე მიაწვდის. ორვაგონიანი ტრანსპორტი საწვავის უჯრედებსა და ლითიუმის იონურ ბატარეებს გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიებს შორის მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების შესახებ 10-წლიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული.Sophie Brössler | Picture Alliance | Getty Images

Siemens Mobility-ის განცხადებით, მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე 160 კილომეტრი საათში იქნება. დიზელიდან წყალბადზე გადასვლით, Heidekrautbahn-ი CO2-ის წლიურ ემისიას დაახლოებით 3 მილიონი კილოგრამით შეამცირებს და 1.1 მილიონ ლიტრ დიზელს დაზოგავს. ქსელში წყალბადით მომუშავე მატარებლების დამატება ბერლინისა და ბრანდენბურგის შტატებისა და ფედერალური მთავრობის დაფინანსებული ერთობლივი საპილოტე პროექტის ნაწილია.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, რკინიგზა „ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტიანი სატრანსპორტო მოდელია“. რკინიგზაზე მსოფლიოში მგზავრების მოტორიზებული გადაადგილების 9%, ხოლო ტვირთის 7% მოდის. მიუხედავად ამისა, სარკინიგზო სექტორი ტრანსპორტის ენერგიის მოხმარების მხოლოდ 3%-ს შეადგენს.

Siemens Mobility ერთ-ერთია იმ რამდენიმე კომპანიას შორის, რომლებიც წყალბადზე მომუშავე მატარებლებზე მუშაობენ. მსგავს კომპანიებს შორისაა East Japan Railway და ევროპული რკინიგზის მწარმოებელი Alstom. ამ უკანასკნელმა გერმანიასა და ავსტრიაში წყალბადის მატარებელი მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის უკვე გამოიყენა.

Climeworks-ი ჰაერიდან ნახშირორჟანგის დამჭერ უდიდეს ქარხანას, Mammoth-ის აშენებს

შვეიცარიის კლიმატური ტექნოლოგიის კომპანია Climeworks-ი მის ყველაზე დიდ ობიექტს ჰაერიდან ნახშირორჟანგის დასაჭერად გამოიყენებს. „პირდაპირ ჰაერიდან დამჭერი“ (DAC) ახალი ქარხანა, სახელად Mammoth-ი, ისლანდიაში კომპანიის ოპერაციებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე ააშენა Climeworks-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი DAC ქარხანა Orca. Orca-ს ყოველწლიურად 4,000 ტონა ნახშირბად დიოქსიდის დაჭერა შეუძლია, რაც გაზზე მომუშავე 790 მანქანის მიერ კლიმატის დაბინძურების ეკვივალენტურია. შედარებისთვის, Mammoth-ს Orca-ზე 9-ჯერ მეტი ნახშირორჟანგის დაჭერა შეეძლება.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) თანახმად, „პირდაპირ ჰაერიდან დამჭერი“ (DAC) ინდუსტრიის ზრდა, ათწლეულის ბოლომდე, 85 მილიონი ტონა CO2-ის ამოღებას შეუწყობს ხელს. შედარებისთვის, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ 0.01 მილიონი ტონა CO2-ის დაჭერაა შესაძლებელი. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად ახალი თაობის DAC-ის ქარხნებია საჭირო, რომელთაგანაც თითოეულს წლიურად 1 მილიონი ტონა CO2-ის დაჭერა შეეძლება. ამის მიუხედავად, Mammoth-ის ქარხანა DAC-ის ტექნოლოგიის განვითარებაში მაინც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აღიქმება.

აღსანიშნავია, რომ უფრო დიდი მასშტაბის ქარხანა  ტეხასში 2025 წელს ამოქმედდება. ქარხანას წლიურად 1 მილიონი ტონა CO2-ის დაჭერა შეეძლება. თუმცა ტეხასის ქარხანა სხვა ტიპის ფილტრაციის პროცესს იყენებს, რაც ატმოსფერული ჰაერიდან CO2-ის ამოსაღებად ბევრად მაღალ ტემპერატურას მოითხოვს. ოპერაციები დიდი ალბათობით განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი აირის კომბინაციას მოითხოვს, ხოლო ემისიებს საკუთარი გაზის მოხმარებიდან დაიჭერს.

კლიმატური დათბობა 2022 წელს ექსტრემალურ სიცხეებსა და წყალდიდობებს გამოიწვევს

ექსტრემალურმა მეტეოროლოგიურმა მოვლენებმა, დაწყებული ექსტრემალური სიცხეებით, დასრულებული უჩვეულოდ ძლიერი წვიმებით, მთელს მსოფლიოში ათასობით ადამიანის სიკვდილი და მილიონობით მათგანის იძულებითი გადაადგილება გამოიწვია.

უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, მუსონურმა წვიმებმა ბანგლადეშში კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია, ხოლო ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა სამხრეთ აზიასა და ევროპის ნაწილს დაატყდა თავს. ამ ყველაფერთან ერთად კი, აღმოსავლეთ აფრიკაში ხანგრძლივმა გვალვამ მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა.

 China Daily

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ამინდის მოვლენებში კლიმატური ცვლილებების როლზე ანგარიში, ჟურნალ Environmental Research: Climate-ში მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა. ანგარიში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ საშიშროებებს, რასაც სამყაროსთვის გლობალური დათბობა წარმოადგენს. სიცხე და ექსტრემალური ნალექი ცხადყოფს, თუ როგორ იცვლება ამინდის მოვლენების ინტენსივობა სწორედ კლიმატის ცვლილების გავლენით.

ნაშრომში მეცნიერებმა ტექნოლოგიების გამოყენებითა და ამინდზე დაკვირვებით შედგენილი ასობით კვლევა გამოიყენეს. შედარებით რთული დასადგენია კლიმატის ცვლილების გავლენა გვალვებსა და ტყის ხანძრებზე. გარდა ამისა, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში, მონაცემებში არსებული ხარვეზების გამო რთულდება რეგიონის სრულად შესწავლაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *