პუტინმა ბუნებრივი აირის მსხვილ პროექტზე სრული კონტროლი მოიპოვა

პუტინმა ბუნებრივი აირის მსხვილ პროექტზე სრული კონტროლი მოიპოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ბუნებრივი აირის მსხვილ პროექტზე კონტროლი მოიპოვა. პუტინის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, უცხოელ ინვესტორებს პროექტებზე უარის თქმას აიძულებს. კომპანიები თვლიან, რომ კრემლის მიზანი, რუსეთის დატოვების გამო მათი დასჯაა.

პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, Sakhalin-2-ის ბუნებრივი აირის პროექტზე უფლებები ახალ რუსულ კომპანიას გადაეცა. მიზეზად, დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა დასახელდა. პროექტის საკონტროლო წილის 50%-ზე მეტს „გაზპრომი“ ფლობდა, დანარჩენი კი ბრიტანულ  Shell-ზე (თითქმის 27.5%) და იაპონურ ფირმებზე, Mitsui-სა (12.5%) და Mitsubishi-ზე (10%) ნაწილდებოდა.

„გაზპრომი“ საკონტროლო წილს ავტომატურად ინარჩუნებს, სხვა ინვესტორებს კი გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვე ექნებათ. ამისთვის კომპანიებს ჯერ  მათი საკუთრების უფლების დამტკიცება დასჭირდებათ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ისევ კრემლი მიიღებს. Sakhalin-2-ის დატოვების შემთხვევაში ინვესტორებმა კომპენსაცია შესაძლოა სრულად ვერც მიიღონ, რადგან მთავრობა მათ მიერ მიყენებული ზარალის გამოქვითვასაც გეგმავს.

პუტინი უკვე დიდი ხანია შურისძიებით ემუქრება იმ კომპანიებს, რომელთაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ბაზარი დატოვეს. პუტინის ხელმოწერილი განკარგულება ფაქტობრივად კრემლის მხრიდან კომპანიის ჩამორთმევისა და ნაციონალიზაციის პირველი შემთხვევაა. ბრიტანულმა Shell-მა რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო, იაპონური ფირმები კი სავარაუდოდ პროექტში დარჩებიან. Sakhalin-2-ის ბუნებრივი აირის პროექტი იაპონიის ენერგიის იმპორტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *