ელ-სალვადორში ვულკანის ენერგიიდან $269 ღირებულების 0,00599179 ბიტკოინი მიიღეს. ქვეყნის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბიტკოინის მაინინგის პროექტი კვლავ მიმდინარეობს, პარალელურად კი ახალ მომპოვებელ აპარატურას ტესტავენ და ამონტაჟებენ.
ივნისში ბუკელემ სახელმწიფო გეოთერმულ ელექტროკომპანია LaGeo SA de CV-ს ბიტკოინის მოპოვების გეგმის შედგენა დაავალა, რომელიც გულისხმობდა იაფ, 100%-ით სუფთა, 100%-ით განახლებადი და ნულოვანი ემისიის ენერგიის მიღებას ვულკანებიდან. ხოლო სამშაბათს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა 25-წამიანი ვიდეო, რომელშიც ასახულია ბიტკოინის მოსაპოვებლად საჭირო დანადგარებით სავსე გადაზიდვის სახელმწიფო კონტეინერები, ასევე ტექნიკოსები, რომლებიც ამონტაჟებენ ASIC მაღაროებს. აღნიშნულმა ვიდეომ, რომლის სათაურიც „პირველი ნაბიჯი“ იყო, 2,3 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ ვულკანის ენერგიიდან ბიტკოინის მოპოვების პრაქტიკა უკვე დიდი ხანია არსებობს. ოფიციალური მონაცემებით, ელ-სალვადორში, რომელსაც „ვულკანების მიწასაც“ უწოდებენ, გეოთერმული ენერგია ქვეყნის მთლიანი ენერგიის თითქმის მეოთხედს შეადგენს. აქვე გეტყვით, რომ ისლანდია მაინინგის დაწყების დღიდან ბიტკოინის მოპოვების სწორედ ამ ხერხს მიმართავს.
ნაიიბ ბუკელეს პოლიტიკა დიდწილად სწორედ ბიტკოინს უკავშირდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ ელ-სალვადორი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კრიპტოვალუტა გადახდის კანონიერ საშუალებად გამოაცხადა. ქვეყანამ ასევე გამოუშვა საკუთარი ეროვნული ვირტუალური საფულე „ჩივო“, რომელიც საკომისიოსგან თავისუფალი ტრანზაქციებისა და სწრაფი ფულადი გზავნილების საშუალებას აძლევს მომხმარებელს.