Elle-ი პირველი მსხვილი მოდის გამოცემა გახდება, რომელიც თავის სარედაქციო და სარეკლამო კონტენტში ცხოველთა ბეწვის პოპულარიზაციას შეწყვეტს. გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცხოველთა კეთილდღეობის მხარდასაჭერად და მომხმარებლის გემოვნების ცვლილებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
Elle-ის საერთაშორისო დირექტორის, ვალერია ბესოლო ლოპისის განცხადებით, ბეწვის ნაწარმი, განსაკუთრებით თაობა Z-ის წარმომადგენელთათვის, მოძველებულია და მოდიდან გადასული. მომხმარებელთა ეს კატეგორია კი მოდის ინდუსტრიისთვის ოქროს სამიზნეა. Gen Z-ს სურს, რომ მოდა ეთიკური და ინოვაციური გახდეს, ამასთან ერთად კი პასუხისმგებლობა აიღოს გარემოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. სწორედ ამ მიზნისკენ მიისწრაფვის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემლობაც.
ჟურნალის 45-მა გამოცემამ ხელი მოაწერა ქარტიას, რომელიც შედგენილია ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფის, Humane Society-ისა და ინდუსტრიის რეფორმის ჯგუფ Creatives4Change-ის მიერ. ცხოველთა კეთილდღეობის შესანარჩუნებლად შემუშავებული წესდება უკვე ცამეტმა გამოცემამ განახორციელა, 2022 წლის დასაწყისში მას დამატებით ოცი გამოცემა შეემატება, დანარჩენი კი აღებულ ვალდებულებას 2023 წელს შეასრულებს. ცხოველთა ბეწვის ინდუსტრიის დამცველები ხაზს სინთეზური ბეწვის მავნებლობასაც უსვამენ და ამტკიცებენ, რომ სინთეზური ბეწვი პლასტმასისგანაა დამზადებული, შესაბამისად, მისი გამოყენება გარემოსთვის საზიანოა. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ბეწვის ქურთუკები ხშირად იქმნება პოლიესტერისგან, რომელსაც ასობით წელი სჭირდება ბიოდეგრადირებისთვის.
Elle-ი მოდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოცემაა, რომელიც საფრანგეთში, 1945 წელს დაარსდა. Elle-ი პირველი მსხვილი მოდის გამოცემა გახდება, რომელმაც ბეწვის პოპულარიზაციაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ აქამდე რამდენიმე მოდის სახლმა უკვე შეწყვიტა ცხოველების ბეწვის გამოყენება კოლექციებში, მათ შორისაა Kering-ის ყველა ბრენდი. ბოლო წლებში ეტაპობრივად ბეწვის გამოყენება აკრძალეს ისეთმა მოდის სახლებმა, როგორიცაა Balenciaga, Alexander McQueen-ი და Saint Laurent-ი.