ემოციების ბიზნესი

ემოციების ბიზნესი

ჩაქვში 10 ჰექტარი ყოფილი ჭაობი დღეს დრიმლენდ ოაზისად არის ქცეული. ამ მიწის ყოველი კვადრატული მეტრი დღეს 2,000 დოლარზე მეტი ღირს, ამ ეტაპზე უკვე ინვესტირებულია 35 მილიონი ევრო, წელს დაახლოებით 25 მილიონი ევროს ათვისებაა დაწყებული, 2023 წლამდე კი ჯამური ინვესტიცია 80 მილიონ ევროს მიაღწევს.

დღევანდელ მსოფლიოში ესთეტიკა თანამედროვე ბიზნესის სულ უფრო მზარდი მნიშვნელობის შემადგენელი ხდება. მარკეტინგში ეს მიმდინარეობა შედარებით ახალია, თუმცა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს: აქცენტი კეთდება მომხმარებლის გრძნობებსა და ემოციებზე. ეს ტრენდი სცდება ბრენდინგისადმი ტრადიციულ მიდგომას და ცდილობს, ერთმანეთთან დააკავშიროს ბრენდი და იდენტობა, პირველ რიგში ისეთი გარემოს შექმნით, სადაც ყველა დეტალი “დასამახსოვრებელ გამოცდილებას” ყიდის. დეველოპინგისა და ჰოსპიტალური სექტორის გლობალურმა ინდუსტრიებმა ეს მიდგომა უკვე კარგა ხანია, დანერგეს. ითვლება, რომ სწორად დაგეგმარებული გარემო, გამართული ინფრასტრუქტურა, სახასიათო სურნელი თუ განათება აუმჯობესებს მომხმარებლის ემოციურ ფონს, იწვევს დადებით გრძნობებს და უქმნის მას მტკიცე მოტივაციას, უკან დაბრუნდეს.

საქართველოში ბიზნესს და ესთეტიკას ერთმანეთთან სრულიად გააზრებულად და წინასწარ დაგეგმილად დრიმლენდ ოაზისი აკავშირებს. ალბათ ქვეყანაში, სადაც ყველაზე დიდი ქალაქები უმეტესწილად ბეტონის ჯუნგლებს ჰგავს, რთული წარმოსადგენია, რომ არსებობს ბიზნესი, რომელიც ესთეტიზმის მიდგომის დანერგვას და განვითარებას ორივე – ჰოსპიტალური და დეველოპერული – მიმართულებით მხოლოდ საკუთარი ძალებით, ინვესტიციებითა და გრძელვადიანი ინვესტორების დაინტერესების გზით ცდილობს.

დრიმლენდ ოაზისი ჩაქვშია. ამ ადგილის კონცეფცია საქართველოს რეალობისთვის უჩვეულოა. აქ მეტი ადგილი ეთმობა სივრცეს, ნაკლები – კვადრატულ მეტრებს. აქ მეტი ყურადღება ეთმობა გრძნობებისა და ემოციების გაღვიძებას კომფორტულ მწვანე გარემოში, ნაკლები – ისევ კვადრატულ მეტრებს.

დრიმლენდ ოაზისში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ნიკოლოზ (კოკა) გეგუჩაძეა, თუმცა თვითონ ალბათ ჩემს ამ შეფასებას ხმამაღალს დაარქმევს, რადგან მთელი ინტერვიუს განმავლობაში აქცენტს სწორედ გამართული იდეისა და საჭირო უნარებით აღჭურვილი გუნდის მნიშვნელობაზე აკეთებს. ფული მისთვის ამ ჯაჭვის ბოლო რგოლია – როგორც თვითონ ამბობს, ეს ორი კომპონენტი თუ ადგილზეა, ფული თავისით მოვა.

ერთმანეთს ჩაქვში, მის სამუშაო კაბინეტში ვხვდებით. სულ ცოტა ხნის წინ მთელი ტერიტორიის შემოვლა მოასწრო: დეტალურად დაათვალიერა ახალი აკვაპარკის მშენებლობა, რომელიც წყლის გასართობ ინფრასტრუქტურას სპა-კონცეპტს უთავსებს და გარეგნულად კოშკის ფორმა აქვს, კოშკის სპეციფიკური ფაქტურით, ჩანჩქერის ფარდებით და ყველა ასაკზე გათვლილი სივრცეებით.

დრიმლენდ ოაზისის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მშენებლობა მიმდინარეობს. ეს შენობა ამ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ყველაზე მაღალია – 20 სართული. ნაწილი – სასტუმრო იქნება, ნაწილი კი აპარტამენტებად გაიყიდება. ტერიტორიაზე აპარტოტელებსაც დაინახავთ – 4-სართულიან, საერთო სტილში გადაწყვეტილ შენობებს, რომლებიც არ არღვევს მწვანე საფარის ჰარმონიულობას და ზუსტად ეწერება გარემოში.

მწვანე საფარი დრიმლენდ ოაზისისთვის ცალკე თემაა. აქ ნახავთ უნიკალური ჯიშის ხეებს, სხვაგან რომ არ შეგხვდებათ, კომპანია სპეციალურად რომ არჩევს და შემდეგ საერთო კონცეფციის შესაბამისად, კონკრეტულად მათთვის განკუთვნილ ადგილებში რგავს. კოკა გეგუჩაძე ყველაფერს პირადად აკონტროლებს – მაგალითად, რომელი კუთხით უნდა დაირგას ხე ან ბუჩქი იმისთვის, რომ დრიმლენდის ესთეტიკა არ დაირღვეს და დამსვენებელმაც იმ კუთხით აღიქვას მცენარე, როგორც ეს ბიზნესს აქვს წინასწარ გათვლილი იმისთვის, რომ გრძნობები და ემოციები მართლაც გააღვიძოს და ამ ემოციების ხელახლა განცდის სურვილი გააღვივოს.

ინფრასტრუქტურის ასეთი მასშტაბური მშენებლობის ფონზე, დრიმლენდ ოაზისის ტერიტორიაზე გამონაბოლქვი საერთოდ ვერ ხვდება. აქ მანქანები არ მოძრაობენ, მხოლოდ ელექტრომობილები.

სწრაფი და დაძაბული სამუშაო დღის გრაფიკის მიუხედავად, რომელიც კოკა გეგუჩაძისგან მუდმივ მობილურობას და სხვადასხვა საქმიანობის შეთავსებას მოითხოვს, ძალისხმევის შედეგებზე დაკვირვება მას ახალი ენერგიით ავსებს და სიახლეების ძიების გაგრძელებისკენ უბიძგებს.

რა არის ახალი დრიმლენდ ოაზისის კონცეფციაში?

ეს არის მწვანე კონცეფციის მქონე ტერიტორია, რომელსაც აქვს თავისი სანაპირო ზოლი. მომხმარებლები მთელი ამ სივრცის პარტნიორები არიან: თან ცხოვრობენ, თან ბიზნესი აქვთ და თან სასტუმროში არიან. გამართული ინფრასტრუქტურა აპარტოტელების მფლობელებისა და სასტუმროს დამსვენებლების თანაცხოვრებას ჰარმონიულს ხდის. ყველა საერთო წესებს – დრიმლენდ ოაზისის ე.წ. კონსტიტუციას ემორჩილება: აქ 00:00 საათზე მუსიკა ითიშება, უსაფრთხოების ნორმები მკაცრად არის დაცული; შესაბამისად, ტერიტორიაზე შემოსვლა ადვილი არ არის – ეს წესები ყველაზე თანაბრად ვრცელდება, დამსვენებელია თუ აპარტოტელის მფლობელი.

რატომ ჰქვია დრიმლენდი?

ჩვენ გვინდოდა, შეგვექმნა საოცნებო სამყარო, რომელიც მო  საწყენი და ერთფეროვანი არ იქნებოდა. ეს დამღლელია. ადამიანი აქ დასასვენებლად ჩამოდის; ამიტომ ჩვენი მთელი შინაარსიც ეს არის: ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანი ყოველდღე ახალი ემოციით იტვირთება. თუნდაც ის, რომ 18-მდე აუტლეტი გვაქვს და მათი რაოდენობა კიდევ იზრდება; თუნდაც ის, რომ ნახევარკილომეტრიანი ბულვარი გვაქვს, რომელიც რელაქსარეებით არის დატვირთული – ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ არ გვინდა, ურბანული გარემოდან წამოსული ადამიანი ისევ იმ სივრცეში მოხვდეს, რომელსაც დროებით გამოექცა: პირიქით, მან უნდა დაისვენოს და სიამოვნება მიიღოს. ეს ინფრასტრუქტურული დეტალები ქმნის იმ გარემოს, სადაც ნაფიქრია ყველაზე – როგორც ძალიან პატარებზე, ისე ბებიებსა და ბაბუებზე.

ვინ არის თქვენი მომხმარებელი?

კომპლექსი პრემიუმ-კატეგორიისაა, შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელი არის ყველა წარმატებული ადამიანი. ადამიანის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს ოჯახი. დაოჯახებულ ადამიანს კი ყოველთვის სურს, თავისი ოჯახის მოთხოვნილებები მაქსიმალურად დააკმაყოფილოს. ამდენად, ჩვენთვის პრიორიტეტია ოჯახური გარემო და დასვენება. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ აქცენტს განვითარებულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ყველა ასაკს უნდა მოერგოს: მაგალითად, ტინეიჯერებისთვის გეიმ- ზონა გვაქვს; უფრო პატარებისთვის – სათამაშო მოედნები და საქანელები; მოზრდილებისთვის – ღამის კლუბები და ა.შ. ეს პრაქტიკულად მინიქალაქია, სადაც ყველა ადამიანი თავის ადგილს პოულობს. ანიმატორებიც გვყავს, რომლებიც დასვენებასა და გართობას უფრო საინტერესოს ხდიან.

ვინ არიან ეს წარმატებული ადამიანები – მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები?

არა. მათთან ერთად, წარმატებული უკრაინელები, რუსები, ყაზახები. ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრცე: ისინი უფრო ახლოს არიან, კარგად ერკვევიან ჩვენს გარემოში, უყვართ ეს ქვეყანა და ჩვენც ვცდილობთ, მათ სათანადო სერვისი შევთავაზოთ. მათ შორის, მცირე, თუმცა მზარდი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპიდან.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს თქვენი შეთავაზების ფორმა თუ კონცეფცია, ამ ბაზარზე თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა?

აქამდე ხალხი ამ სერვისის მისაღებად თურქეთში მიდიოდა. ჩვენ ამ ბაზარზე აშკარად პირველები ვართ. პირველები ვართ მსგავსი გარემოს შექმნის თვალსაზრისით და პირველები ვართ, ვინც თავის თავზე ამხელა პასუხისმგებლობა აიღო: ჩვენ ვაბარებთ დასრულებულ აპარტამენტებს. ამ აპარტამენტებში ყველაფერია – შეგიძლია, შეხვიდე და ჩაი დალიო. აპარტამენტების 80% უკვე გაყიდულია. მომხმარებლების კმაყოფილების ხარისხზე ისიც მიუთითებს, რომ ჯერ მათ გადაკეთებაზე არავის უზრუნია, არც მეორეული გაყიდვა ყოფილა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კარგ გარემოს სწორად ვქმნით.

ყველაზე ხშირად რა აინტერესებთ?

როდის დასრულდება ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არის დაგეგმილი.

გაქვთ პასუხი ამ კითხვაზე?

რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი. ჩვენ ან გეგმას მივყვებით, ან ვუსწრებთ ჩვენსავე გეგმას.

რამდენ წელიწადში უნდა შეწყდეს ეს კითხვები?

2023 წლის შემდეგ ამ 10 ჰექტარზე უკვე გასაკეთებელი არაფერი აღარ იქნება. ეს უკიდურესი ვადაა, რადგან 2023 წლისთვის რჩება ისეთი ნაწილები, რომლებიც საერთოდ მოწყვეტილია ტერიტორიას და დანარჩენ გარემოს ხელს არ უშლის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სეზონზე სამუშაოების წარმოებისგან, როგორც წესი, თავს ვიკავებთ: არ გვინდა, ხალხი შევაწუხოთ. თუმცა ყოველ წელს სიახლე, რასაც ჩვენ მათ აქ ვახვედრებთ, მათაც ისევე უხარიათ, როგორც ჩვენ.

რა ჯდება ეს პროექტი?

ინვესტირება 2014 წლიდან დავიწყეთ. დღეს სასტუმროსა და აპარტამენტებში ინვესტირებული გვაქვს დაახლოებით 35 მილიონი ევრო. უკვე მიმდინარეობს კიდევ ერთი პროექტი, რომლის ღირებულებაა 15 მილიონი ევრო. პარალელურად, ამ დღეებში ველოდებით მშენებლობის ნებართვას. ეს პროექტიც, სავარაუდოდ, წელს დაიწყება და აქ 10 მილიონ ევროს ვაბანდებთ. ჯამში, 2023 წლისთვის, ინვესტირებული გვექნება დაახლოებით 80 მილიონი ევრო – 100 მილიონ დოლარამდე. ეს ყველაფერი აქ – ჩაქვში. თუმცა ამას გარდა კიდევ გვაქვს აქტივები, რომელთა განვითარებაც გვინდა: პრინციპში, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დრიმლენდ ოაზისი საპილოტე პროექტია – ამ პროექტის შინაარსსა და შედეგებზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი აქტივობა. როდესაც მზად ვიქნებით, რომ ანალოგიური მოდელით ჩვენი სხვა მიწებიც განვავითაროთ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ეს მიწები ისევ აჭარაშია თუ სხვაგანაც?

ნაწილი აჭარაშია, ნაწილი – თბილისში.

ყველგან იმავე კონცეფციას და მიდგომას აირჩევთ?

ეს ყველაფერი მსგავსი კონცეფციით იქნება განვითარებული.

იმავე ბრენდის ქოლგის ქვეშ?

ბრენდი დრიმლენდი იქნება: დღეს თუ არის დრიმლენდ ოაზისი ჩაქვში, იქნება დრიმლენდ ოაზისი შეკვეთილში, დრიმლენდ ოაზისი თბილისის ზღვაზე, დრიმლედნ ოაზისი ტაბახმელაზე და ასე შემდეგ. ჩამოყალიბდება ქართული ქსელური ბრენდი.

ჯერჯერობით ამართლებს საპილოტე პროექტი?

ამართლებს და, შეიძლება ითქვას, მოლოდინსაც აჭარბებს.  ბოლო აპარტამენტები გაყიდული გვაქვს კვადრატული მეტრი 3150 დოლარად და კიდევ უფრო ძვირად. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა. რა ამართლებს, იცით? ჩვენ არ ვყიდით კვადრატულ მეტრს, როგორც ასეთს. მთელი ტერიტორიის მხოლოდ 17% ეთმობა განაშენიანებას. დანარჩენი – საზღვაო ინფრასტრუქტურა და მწვანე საფარია. ამას გარდა, ევკალიპტების ბადე, ბოტანიკური ბაღი, მტირალას ნაციონალური პარკი, უკან – მთები, წინ – ზღვა და უნიკალური მიკროკლიმატი – ეს ყველაფერი ხელის ერთ გაწვდენაზეა ჩვენგან. ამას ემატება განვითარებული ინფრასტრუქტურა და ამიტომაც ვამბობთ, რომ აქ არ ვყიდით კვადრატულ მეტრს, აქ ვყიდით ამ ესთეტიკური სილამაზისგან და კომფორტისგან მიღებულ ემოციას. შეგიძლიათ თავისუფლად დაისვენოთ და თქვენი შვილებიც თუ მშობლებიც აქ თავს დაცულად და ბედნიერად იგრძნობენ.

საიდან მიხვდით, რომ საქართველოში შეიძლება ამ ტიპის პრემიუმ-სერვისზე მოთხოვნა არსებობდეს? ზოგად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს რომ გადავხედოთ, ამის სურათი არ იკვეთება…

ყველა ბიზნესი შესწავლიდან იწყება და შემდეგ უკვე უკეთესი პროდუქტის შექმნისკენ მიდის. გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა, საქართველოში ნამდვილად არ იყო, ამიტომ ჩვენ ეს გამოცდილება მივიღეთ ბულგარეთში, ესპანეთში, ხორვატიაში და თავისთავად – თურქეთში. ის, რომ ოჯახურ დასვენებაზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობს, უტყუარი ფაქტია. მნიშვნელოვანია, შენ როგორ სერვისს შესთავაზებ მომხმარებელს, რომ მისი ეს მოთხოვნა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს. ჩვენ კვლევა ჩავატარეთ – არც მაშინ და, პრინციპში, არც დღეს ეს ნიში ათვისებული არ არის.

შესაბამისად, არ არის არც კონკურენცია…

ჩვენ პირველები ვართ, მაგრამ ნამდვილად მივესალმებით კონკურენციას. ანტალიაში, მაგალითად, ერთი სასტუმრო რომ ყოფილიყო, დღეს რუკაზე ანტალია არავის ეცოდინებოდა. ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, ამიტომ, რაც უფრო მეტი იქნება აქ არჩევანი, მით უკეთესი. შიდა კონკურენცია ნაკლებად მნიშვნელოვანი თემაა. ეს იცით, როგორი მომენტია? დღეს შეიძლება 2-3%-ით მეტად იყოს დატვირთული ერთი კომპლექსი, ხვალ – მეორე, თუმცა სინამდვილეში, ამ კონცეფციით განვითარებული ჰოსპიტალური სექტორი იმდენ ტურისტს მოიზიდავს, რომ ყველას ეყოფა. ჩვენ რაც შეგვეხება, მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი სერვისი უფრო სოციალური გავხადოთ: გვინდა, უფრო მეტმა დაისვენოს აქ; გვინდა, ფასი რეალური სიტუაციის ადეკვატური იყოს: უცხოელი ტურისტისთვის დასვენება იწყება მაშინვე, როგორც კი სახლის ზღურბლიდან ფეხს გადმოდგამს და აეროპორტში შევა. უცხოელისთვის საქართველოში ჩამოსვლა არც ისე იაფია, მაშინ როცა საკუთარ ქვეყანაში, მეტროშიც კი ამის ნახევარ ფასად სხვა ქვეყნებში მილიონი შეთავაზების რეკლამა ხვდება. აი, აქ გვინდა, ვიყოთ კონკურენტულები.

გაგიმართლათ: ბათუმის აეროპორტი ახლოსაა, რკინიგზა თითქმის ჭიშკართან ჩერდება…

ნამდვილად. ეს არის ერთ- ერთი საუკეთესო ადგილი. 12 კმ – ბათუმამდე, 24 კმ – ბათუმის აეროპორტამდე.

რკინიგზასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობას ხომ არ აპირებთ, რომ რკინიგზამ გაჩერება დაამატოს და დამსვენებელი პირდაპირ აქ ჩამოვიდეს?

დოკუმენტების მიმოცვლა დაწყებულია და ამ სეზონზე ვფიქრობთ, რომ იქნება გაჩერება დრიმლენდი – ევროპული კლასის დონეზე მოწყობილი ბაქანი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანსაც შეეძლება თავისი ეტლით ჩამოსვლა. მთავრობა გვიკეთებს გვირაბს, ფაქტობრივად, ბაქნიდან რომ ჩამოხვალ, გვირაბიდან გამოხვალ და გზა პირდაპირ ტერიტორიამდე მოგიყვანს. გვირაბი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც განვითარების (პრაქტიკულად პირველ ზოლზე ვსაუბრობთ უკვე), ისე უსაფრთხოების კუთხითაც. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქუთაისის აეროპორტში შევა ეს რკინიგზა და შემდეგ პირდაპირ დრიმლენდში მოვა, ამაზე დიდი კომფორტი უკვე მართლა არ არსებობს. ქუთაისში ფრენები იაფია, ეს გზას აიაფებს, ჩვენ აქ გავაიაფებთ და სწორედ ეს არის ბიზნესის წარმოების სწორი ფორმულა. ჩვენი მთავარი მიზანია, ერთხელ ჩამოსული ადამიანი მეორედაც ჩამოვიდეს. ამას უნდა მივაღწიოთ.

რამდენად ადვილია ეს ამოცანა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სერვისი აქ გადამწყვეტია, ჩვენ კი მუდმივად გვესმის, რომ ასიმეტრიაა დასაქმების ბაზარსა და კერძო სექტორის მოთხოვნებსა და საჭიროებებს შორის. ძირითადად ადგილობრივები გყავთ დასაქმებული. ამართლებენ?

საქართველოში ჯერ არ არის ინდუსტრია იმ დონეზე განვითარებული, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სეზონზე შეეძლოს ადამიანს მუშაობით დიდი გამოცდილება მიიღოს. შესაბამისად, არც კადრების ბაზაა გამართული იმისთვის, რომ რეალურად პრემიუმ-სერვისი შევთავაზოთ მომხმარებელს. სერვისი ჩემთვის პროდუქტია: შემიძლია “რიტც კარლტონიდან” ჩამოვიყვანო გადასარევი შეფ- მზარეული, რომელიც უგემრიელეს დესერტს მოამზადებს, მაგრამ მაშინ ამისთვის ვიღაცამ შესაბამისად უნდა გადაიხადოს. ვამბობ, მეტს გადავიხდი უკეთესი სერვისისთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან რთულია: რაც უნდა მეტი გადავიხადო, ადგილობრივად შესაბამის სერვისს მაინც ვერ ვყიდულობ – არ არის გამოცდილება, არ არის კადრი. სეზონზე, გამოდის, მენეჯერები ტრენერებიც არიან: თან პროცესის მართვა უწევთ, თან – სწავლება. ცხადია, ეს უკმაყოფილებას იწვევს: ადამიანი, რომელიც პრემიუმ-სერვისისთვის ჩამოდის, ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას, უწევს კრიტიკა. ამის შედეგი კი ისაა, რომ მკვიდრდება აზრი, თითქოს ქვეყანაში სერვისი არ არის. ქვეყანაში არის სერვისი, ოღონდ არა პრემიუმ-დონის. ამას დრო სჭირდება, პრიორიტეტების სწორად დალაგება და დარგის მეტი განვითარება. არა  მგონია, ეს პრობლემები პროფესიული სასწავლებლების დონეზე გადაწყდეს. ეს ყველაფერი პრაქტიკამ უნდა მოიტანოს.

თქვენი ბიზნესიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი – გამოდის, ინვესტორებს სჯერათ, რომ ქვეყანა სწორი მიმარულებით განვითარდება?

თქვენ სწორად შეამჩნიეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია: ეს ქვეყანა აღარ უნდა განიხილებოდეს მოკლევადიან საინვესტიციო სივრცედ და გარემოდ. ინვესტორების დარწმუნება, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება გრძელვადიან ჭრილში განეხილათ, ურთულესი საქმე იყო. საერთოდ არ იციან ავსტრიაში, სად არის ჩაქვი – იმ ფინანსურმა მენეჯერებმა, რომლებიც მერე ამტკიცებენ, თუ სად უნდა განხორციელდეს ინვესტიცია. პროცესი ლეგოს კონსტრუქტორივით განვითარდა: ჯერ ერთი შედეგი დავდეთ, მერე მეორე და ა.შ. 300-ათასიანი ინვესტიცია მილიონამდე გაიზარდა, მერე სამ მილიონამდე და ასე დაიძრა ეს განვითარება. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100 მილიონი დოლარის მზა ინვესტიციები გვაქვს: 2023 წლამდე გაწერილი სამოქმედო გეგმა ამის დასტურია. დღეს ჩვენი კონცეფცია გამართულია: სწორი ზონირებით, სწორი სივრცითი დაგეგმარებით – სადაც უნდა დადგე ამ ტერიტორიაზე, ყველგან ამ სივრცეს და სიამოვნებას მიიღებ. ეს რომ იყოს ჩაკეტილი, დიდი ურბანული მშენებლობით დატვირთული გარემო, აქ არავინ ამ სიამოვნებას არ მიიღებდა და, შესაბამისად, ბიზნესიც ალბათ რთულად განვითარდებოდა. ჩვენ აქცენტს ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე ვაკეთებთ. ამ ტიპის განვითარება თავისი არსით უკვე გრძელვადიანია. კარგი პარტნიორები და ინვესტორები გვყავს, ძირითადად, ავსტრიელები, თვითონაც ესთეტები არიან და ამის მნიშვნელობას გრძნობენ. ზოგადად ბიზნესი ყოველთვის ჩარჩოებშია მოქცეული, იმიტომ რომ თავიდანვე იგეგმება ყველა დეტალი და ყველა ციფრი ითვლება: ყველა თეთრის ერთობლიობით გამოდის წინასწარ განსაზღვრული მოდელი და როდესაც შენ ცდილობ, ინვესტორი დაარწმუნო, რომ დღეს შეიძლება რაღაც ცოტა ძვირი დაჯდეს, მაგრამ სამაგიეროდ, დროს გაუძლებს, დამატებულ ღირებულებას შექმნის, ეს ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესია. დრიმლენდ ოაზისის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს იმ კლიენტების აქტივები, რომლებმაც ჩვენთან ერთად დაიწყეს და ჩვენთან ერთად აიღეს რისკი მშენებლობის დაწყებამდე, დაახლოებით 30%-ით უფრო ძვირი ღირს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა და გარემო, რომელიც დროს გაუძლებს და მისი ღირებულება მხოლოდ გაიზრდება. ამ ხედვაზეც მოდიან ინვესტორები და ეს ხელს უწყობს ხვალინდელ განვითარებას. დღეს თუ მხოლოდ დრიმლენდია, ხვალ რაც იქნება, ის, სულ მცირე, ამ დონის ან ამაზე უკეთესი უნდა იყოს. სწორედ ეს უზრუნველყოფს ქვეყანაში კაპიტალის დაგროვებას და აქტივების განვითარებას.

მოგების გადასახადის რეფორმა გეხმარებათ?

ძალიან. როგორც უკვე ვთქვი, ინვესტორისთვის ყოველი თეთრი  მნიშვნელოვანია. როდესაც კომპანია მოგებაზე გადის, რა თანხასაც ის ზოგავს ამ საგადასახადო რეფორმის შედეგად, იმ თანხას ისევ ბიზნესში აბრუნებს. ეს ერთგვარად თვითონ ინვესტორსაც უბიძგებს, რომ ამავე ქვეყანაში აბრუნოს თანხა, რადგან ფული უკვე გენერირებულია და ფულს კიდევ უფრო მეტი ფული მოაქვს.

საინტერესოა, როგორ აფასებენ თქვენი ავსტრიელი ინვესტორები ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებებს – მაგალითად, თუნდაც იმავე მშენებლობის კუთხით. ეს ზრდის თუ ამცირებს საქართველოს მიმზიდველობას ბიზნესის წარმოების მხრივ?

ჩვენ ჩვენით დავუწესეთ რეგულაციები საკუთარ თავს: მშენებლობაზე მუშებს სპეციალური მოაჯირები აქვთ, სპეციალური ფორმა აცვიათ, სპეციალური ქამრები უკეთიათ – ჩვენთვის, ბიზნესის წარმოებისთვის, ამას ხელი არ შეუშლია. ჩვენ არ ვაშენებთ, ჩვენ ვაშენებინებთ სხვას – ვთხოვთ მათ ამ პირობებს და ისინიც ასრულებენ. ამით პროექტი მნიშვნელოვნად არ ძვირდება, ეს არის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ვართ შეჭიდებულები. ჩვენი საკუთარი რეგულაციაა თუნდაც ის, რომ აპარტოტელი ოთხ სართულზე მაღალი არ უნდა იყოს. იცით, რომ თითო სართული მილიონი დოლარი იყო ჩემთვის? მაგრამ მკაფიოდ ვთქვით, ამ ნაწილში ამაზე მეტი არ შეიძლება – ეს ჩვენთვის არავის დაუძალებია. გონივრული რეგულაციები მართლა მუშაობს. სახანძრო სისტემა ავიღოთ: არა მხოლოდ განგაშის სიგნალს იძლევა, შეკრებილ ინფორმაციას გზავნის მისაღებში, დაცვასთან, მობილურზე – რომ მხოლოდ ადამიანის ფაქტორზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. ეს ჩვენი რეგულაციებია. ჩვენი მიდგომაა ბიზნესის წარმოების მიმართ.

თქვენ მკვეთრად მიჯნავთ ერთმანეთისგან დეველოპმენტს და მშენებლობას…

ვინც არ უნდა გააჩეროთ დღეს ქუჩაში და ჰკითხოთ, ვინ არის დეველოპერი, გიპასუხებენ – მშენებელი. დეველოპერები მშენებლები არ არიან. დეველოპმენტი პროცესია: კონცეფციის მოფიქრება და დამუშავება, სწორად დაგეგმარება და მხოლოდ ამის ამის შემდეგ მშენებლობა, რისთვისაც მართლაც მშენებლები არიან.

დრიმლენდ ოაზისი ვინ არის?

ჩვენ ვართ დეველოპერები: ვიღებთ თემას, ვაყალიბებთ, ვახორციელებთ და შემდეგ რეალიზაციას ვახდენთ. ეს არის დეველოპინგი და არა უბრალოდ მშენებლობა.

რეალიზაცია რადგან ახსენეთ, რა ტიპის ბინებზეა ძირითადად მოთხოვნა? ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, როგორ უნდა გამოიცნო, თუ რაზე იქნება მოთხოვნა. როდესაც ჩვენ შევისწავლეთ ბულგარეთის, ხორვატიისა და ესპანეთის გამოცდილება, ვნახეთ, რომ ყველაზე მაღალი მოთხოვნა – დაახლოებით 80% – სტუდიოს ტიპის ბინებზე

იყო. ჩვენს პროექტში სტუდიოს დავუთმეთ 12%. ამან დიდი სკეპტიციზმი გამოიწვია ჩვენს ინვესტორებში. ძირითადი აქციონერები ავსტრიელები არიან და, შესაბამისად, მათთვის ნაცნობია გლობალური ინდუსტრია. ჩვენ ჩვენი კვლევის საფუძველზე დავუმტკიცეთ მათ, რომ დასვენება ჩვენთან არის ოჯახური, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ჩამოდის მხოლოდ ორი ადამიანი, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ სტუდიოს სივრცე საკმარისი არ არის. შესაბამისად, დაახლოებით 82% დავაგეგმარეთ ოროთახიანი – ე.წ. ერთსაძინებლიანი ბინები: ერთი საძინებელი, ერთი საერთო მისაღები, ჯამში 40-50 კვადრატულ მეტრამდე. ყველა ჩვენს კლიენტს ვეუბნებით, რომ ზედმეტი კვადრატული მეტრი საჭირო არ არის. აქ უნდა დაისვენონ და დაიძინონ, დანარჩენი ყველაფერი – გარეთ ხდება, ინფრასტრუქტურულად გამართულ მწვანე გარემოში. ავიღოთ თუნდაც ეს 20-სართულიანი შენობა, რომელსაც ახლა ვაშენებთ – ეს უნდა ყოფილიყო მთლიანად აპარტამენტები, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ნახევარი არ გავყიდოთ და სასტუმროდ დავიტოვოთ. სასტუმრო ეკონომიკის მუდმივ სტიმულირებას ნიშნავს, მუდმივ შემოსავალს, მუდმივ დღგ-ს და დასაქმებას. ჩვენთვისაც ეს გამართული ბიზნესია. მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ინვესტორების გადმოსახედიდან არის საინტერესო – ჩვენმა ინვესტორებმა დაიჯერეს, რომ აქ გენერირებული თანხა ისევ ამ ქვეყნის ეკონომიკაში ჩაბრუნდეს. აი, ამ მიდგომას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ინვესტორებმა საქართველო უნდა დაინახონ გრძელვადიანი მიზნებისთვის – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეს არის ხვალინდელი დღის გარანტი.

ტურიზმის სექტორიც აშკარად მზარდია…

ამას საკუთარ თავზეც ვგრძნობთ: გვქონდა 200 ნომერი და კიდევ დავამატეთ აპარტამენტები და დატვირთვის კოეფიციენტიც სტაბილურად მიჰყვება ჩვენს განვითარებას. მესამე წელიწადს კიდევ ერთი 200-ნომრიანი სასტუმროს დამატებასაც ვაპირებთ. აპარტამენტებს ვერ ავცდებით, რადგან განვითარების ეს გზა გაიარა ყველა ჩვენმა მსგავსმა ბაზარმა – მათ შორის, ბულგარეთმა და ხორვატიამ. ესპანეთი დღესაც გადის. საინტერესოა, რომ ჩვენ აქ უფრო ძვირად ვყიდით, ვიდრე, დავუშვათ, მარბელაში დღეს იყიდება კვადრატული მეტრი. ამითაც დავანახეთ ინვესტორებს, რომ თუ ამ მიწას და გარემოს სწორად განვავითარებთ, თუ გვექნება სწორი კონცეფცია, ჩვენ პრაქტიკულად ოქროს საბადოს მფლობელები ვართ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს სახსრებს ვიყენებთ, არც კრედიტი გვაქვს, არც – არაფერი. როცა ახალაშენებულს ვყიდით, გაცილებით ძვირია. თუმცა, გვყავს ერთგული კლიენტები, ვინც მზად არიან, ჩვენთან ერთად გაინაწილონ რისკები და მათთვის, ცხადია, სპეციალური შეთავაზებები გვაქვს. კიდევ ერთი ტენდენციაა საინტერესო: ბოლო დროს ერთოთახიან ბინებზეც გაიზარდა მოთხოვნა – მათ ძირითადად ბიზნესპროექტებად ყიდულობენ და აქირავებენ, ზოგჯერ დამოუკიდებლად, ზოგჯერ ჩვენ ვეხმარებით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კაპიტალის მოზიდვაზე აკეთებენ გათვლას.

…ანუ როდესაც მომხმარებლებიდან ინვესტორებად იქცევიან.

დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ხედავენ, რომ ბინაში ინვესტირებამ შეიძლება დამატებითი შემოსავალიც მოუტანოთ. ამ საინვესტიციო მიზნების შესაბამისად, ჩვენც დავიწყეთ სტანდარტული ნომრების შეთავაზება. მივედით იქამდე, რომ შეგვიძლია, პირდაპირ დავაკმაყოფილოთ ის სურვილები, რაც ჩვენს მომხმარებელს შეიძლება გაუჩნდეს ჩვენთან მიმართებით.

კომპანიის ვებგვერდიდან თუ ვიმსჯელებთ, ოაზისის ბიზნესპარტნიორი ამ საქმეში მხოლოდ “ქართუ ბანკია” – რატომ?

საერთოდ ბიზნესი შედგება სამი კომპონენტისგან: სწორი იდეა, საჭირო ხალხი, ვინც ამას განახორციელებს და, ბოლო კომპონენტი – ფული. თუ არსებობს ეს ორი, გამოჩნდება ფინანსური ინსტიტუტი, ვისაც მოუნდება, ფული გაყიდოს. ანუ როგორც კი ჩვენ ეს პრინციპი ასე ჩამოვაყალიბეთ, მაშინ ვთქვით ინვესტორებთან ერთად, მოდი, აბა, გავსინჯოთ, თუ რამდენად სწორია და რეალისტურია პროექტი – მოდი, აბა, ვნახოთ, ამ რისკებს ბანკიც თუ გადაინაწილებს…

მიუხედავად იმისა, რომ სესხი არ გჭირდებოდათ…

არა, მაგრამ თუ ჩვენ ბანკი ამაზე მოგვყვება, ეს ნიშნავს, რომ რისკები მარტო ჩემი და ჩემი მენეჯმენტის დათვლილი კი არ არის, არამედ ამ დიდი ფინანსური ინსტიტუტების დათვლილი რისკებიც არის შიგნით ჩადებული. ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე ბანკთან მუშაობა და ახლაც ვმუშაობთ – ასე არ არის, რომ ერთ ბანკს ვართ მთლიანად ჩაბმულები. მაგრამ როცა ამაზე ლაპარაკი დავიწყეთ, წავაწყდით არასწორ მიდგომას საბანკო სფეროში: მათ სურდათ რისკების 110%-იანი გადაზღვევა, რაც, ცხადია, არ იყო ეკონომიკას მიბმული პროცესი. ჩვენი ხედვა ასეთი იყო: ეს არ არის ერთი მოთამაშის თამაში – ეს არის კლიენტი, ეს ვართ ჩვენ, და ეს არის ბანკი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი ბიზნესმოდელი, სადაც კლიენტიც კმაყოფილია, ბანკიც და დეველოპერიც. ეს სამი მოთამაშე იწვევს პროპორციულად რისკების გადანაწილებას და კომპრომისს. ის, რომ ბანკები წამოსულიყვნენ რისკებზე და კომპრომისებზე, ძალიან ძნელი აღმოჩნდა. ჩვენ სხვა ბანკებთანაც ვმუშაობდით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ “ქართუ” აღმოჩნდა ის ბანკი, რომელიც ამ პირობებზე ადვილად წამოგვყვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კონსერვატიული ბანკია და იპოთეკური პროდუქტი მაშინ საერთოდ არ ჰქონდა, მაინც გადაწყვიტა ჩვენთან თანამშრომლობა და სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა იპოთეკური სესხის სქემა. ძალიან პროგრესულად მიუდგნენ საკითხს, არც კი მეგონა, რომ ასე იქნებოდა. ჩაქვში ჩამოვიდა ბანკის პრეზიდენტი, ჩამოვიდნენ ექსპერტები, ადგილზე ნახეს ყველაფერი და მხოლოდ ქაღალდების შესწავლას არ დასჯერდნენ. ეს ბანკი ამ პროექტში გვენდო. “ქართუმ” საკრედიტო ხაზიც გამოგვიყო, რომელიც დღემდე არ აგვითვისებია, რადგან არ გვჭირდება. “ქართუ” ენდობა ჩვენს კლიენტებს და უმტკიცებს სესხს ამ აპარტამენტების უზრუნველყოფით, რადგან ხედავს, რომ წინასწარი შენატანით -30%-ით ნაკლები ნამდვილად ღირს და იყიდება. რისკები აქ ფაქტობრივად არ არის. “ქართუ” ჩვენს უცხოელ კლიენტებსაც უპრობლემოდ უმტკიცებს სესხს. გვყავს ისეთი კლიენტებიც, ვინც საკუთარი ბანკების იპო– სესხებით მოდიან. ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ეს ბიზნესია, დღეს – “ქართუა”, ხვალ სხვა იქნება. თუმცა “ქართუ” იყო პირველი, ვინც გვენდო და ეს ფაქტია.

შეჯამებისკენ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი: დასაწყისში ახსენეთ, მთავარი გამოწვევა ერთგული მომხმარებლების მიბმაა, რომ ერთხელ ჩამოსული ისევ აქ დაბრუნდესო. დაბრუნდებიან?

აქ ვინც ცხოვრობს, დაბრუნდებიან. ვინც აქ ერთხელ ხვდება, ცდილობს, დაბრუნდეს. გვყავს კლიენტები, რომლებიც ჩვენთან ყოველ წელს გარანტირებულად ჩამოდიან. ეს არის ჩვენი მიზანი – აქაური ემოციებით ისე დაგტვირთოთ, რომ ყოველ მომავალ სეზონზე დრიმლენდ ოაზისი გაგახსენდეთ და ალტერნატივები აღარ ეძებოთ.

აი, გისმენთ და ვფიქრობ, რომ Forbes-ს ნამდვილად უნდა აღენიშნა ის ფაქტი, რომ საქართველოში შესაძლებელია 80 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელება მხოლოდ საკუთარი ფინანსური სახსრებით და წინასწარ კარგად შესწავლილი, დაგეგმილი კონცეფციური მიდგომით. ინტერვიუზე თქვენ რატომ დაგვთანხმდით?

იყო დრო, როცა დღეში მხოლოდ ოთხი საათი მეძინა. ამას უმიზნოდ არ ვაკეთებდი. Forbes-ი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემაა, რომელიც ბიზნესს უკავშირდება. თუ Forbes-ში მოვხვდით, ე.ი. განვითარებაში შევიტანეთ წვლილი. ყველა ფულს ვერ იშოვი, მაგრამ ყველა მიზანს შეიძლება მიაღწიო. ეს არის ჩემთვის Forbes-ი – წარმატების გაზიარების შესაძლებლობა. თქვენ წარმოიდგენთ, რომ აქ ერთ დროს ჭაობი იყო? დიდი ბულდოზერები ისე ეფლობოდნენ ტალახში, ერთი დღე მათ ამოთრევას მიჰქონდა. 1200 ხეს რომ დარგავ, ტყეს რომ გააშენებ და ჭაობს ოაზისად აქცევ – ეს ხომ მიზნისკენ სვლაა?

კოკა გეგუჩაძის ეს კითხვა რიტორიკული სულაც არ არის და სრულიად ცალსახა პასუხი აქვს: დიახ. ჩაქვში ერთ დროს ჭაობის და დღეს უკვე დრიმლენდ ოაზისის მიწის ერთი კვადრატული მეტრი 2000 დოლარზე მეტი ღირს. განვითარებისთვის კი ჯერ არც იდეები ამოწურულა, არც შემართება და არც წინასწარ განსაზღვრული წლები.