ეპიდემიის დღიური ზრდის ტემპი კვლავაც წრფივია - "კურაციოს" კვლევა

ეპიდემიის დღიური ზრდის ტემპი კვლავაც წრფივია - "კურაციოს" კვლევა

COVID-19 ეპიდემიის გამოწვევები საქართველოში, – ამის შესახებ “კურაციოს” მკვლევართა ჯგუფი მოსაზრებას აქვეყნებს. 

მოსაზრებაში მიმოხილულია საქართველოში ეპიდემიის ზრდის ტემპი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გასული 10 დღის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ერთი დღე, როდესაც დღიურად დადასტურებული შემთხვევები 16 აპრილს 42-მდე გაიზარდა, ეპიდემიის დღიური ზრდის ტემპი (პირველი 100 შემთხვევის მერე) კვლავაც წრფივია და 7.3%-ია, – “ერთი დღის ნახტომმა გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში, გააჩინა ეჭვებიც და გარკვეულად მცდარი მოლოდინები-შიშები შექმნა. მიგვაჩნია, რომ ერთი დღის მონაცემით ეპიდემიის ზრდის ტენდენციებზე საუბარი და პანიკა არასწორია, რაც მომდევნო დღეებში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობითაც დადასტურდა. ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ჯობს, სამი ან ხუთი დღის საშუალო მაჩვენებლებით ვისაუბროთ, რაც უფრო რეალურ ტენდენციას წარმოაჩენს. თუმცა არც ეს მეთოდია უნაკლო”, – წერია კვლევაში.

ამასთან, “კურაციოს” კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ ვირუსს ჩანს რომ ნახტომისებური განვითარება ახასიათებს, როგორც ეპიდემიის ზრდის ასევე, კლების ფაზაში.

“ეს ტენდენცია ქვემოთ გრაფიკზე მოყვანილი მაგალითებიდანაც იკვეთება და ასევე საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევებიდანაც ჩანს. სწორედ ამიტომ ერთი დღის მონაცემებზე აჟიოტაჟი არ ღირს და იმასაც უნდა ველოდოთ, რომ როდესაც საქართველო ეპიდემიის პიკს გადაივლის მაშინაც იქნება დღეები, როცა დადასტურებული შემთხვევების ნახტომებს დავინახავთ, რამაც არც ჟურნალისტები და არც საზოგადოება არ უნდა შეაშინოს, მითუმეტეს ექსპერტები და სახელმწიფოს მესვეურები.

ის რომ ეპიდემია ჯერ კიდევ წრფივად იზრდება და არა ექსპონენციალურად, ამას ისიც მოწმობს, რომ ჩვენს მიერ 10 დღის წინ გაჟღერებული მოლოდინი გამართლდა და 21 აპრილსთვის შემთხვევების რაოდენობამ 500-ს არ გადააჭარბა. რაც შეეხება მომავალ 10 დღეს, აქ რაიმეს თქმა გაცილებით რთულია, რადგან სავარაუდოდ, ბზობის და აღდგომის დღესასწაულების გავლენა, თუ ასეთი იქნება, სწორედ მომდევნო 10-14 დღის განმავლობაში გამოვლინდება. თუ დღესასწაულების პერიოდში დისტანცირების და ჰიგიენის წესების მასობრივი დარღვევა არ მოხდა, მაშინ სავარაუდოდმომდევნო ათ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1,000 შემთხვევის ფარგლებში იქნება. სხვა შემთხვევაში, ალბათ შემთხვევათა ექსპონენციურ ზრდას მივიღებთ. თუ ზუსტად რა მოხდება, დღეს ამის თქმა შეუძლებელია და ალბათ ყველა ერთად უნდა დაველოდოთ. ვთვლით, რომ მომავალი 1-10 მაისი პერიოდი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ჯანდაცვის სისტემისთვის: ან შევინარჩუნებთ იმ ქვეყნის სახელს, რომელიც ეფეტურად უმკლავდება ეპიდემიას ან ვერა. ამიტომ, უმჯობესი იქნება, რომ სისტემის ყველა რგოლი მზადყოფნაში გვქონდეს, რათა თუ ეპიდემიის გავრცელებამ არასასურველი ტრაექტორია შეიძინა, შევძლოთ დარტყმის ადეკვატურად გამკლავება”, – წერია დოკუმენტში.

“კურაციოს” მკვლევართა ჯგუფი ამბობს, რომ მიუხედავად ეპიდემიის ზრდის ნელი ტემპისა, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, რადგან ვირუსის რეპროდუქციის საშუალო მაჩვენებელი საქართველოში 1.63 ± 0.28-ია (ხოლო 21 აპრილის მდგომარეობით 1.68 ± 0.15). რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთი პაციენტი საშუალოდ 1.63 ადამიანს აავადებს და რომ ეპიდემიის ზრდის გარდატეხისგან ჯერ შორს ვართ, ანუ ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი დროში განგრძობილად ერთზე ქვემოთ ვერ ჩამოვწიეთ, რაც ეპიდემიის ჩასაქრობად აუცილებელია. “ეს ბუნებრივიცაა, რადგან ვთვლით რომ ჩვენი ქვეყანა ინფექციის გავრცელების ძალიან ადრეულ ეტაპზეა, და ეპიდემიის გარდატეხაზე საუბარი ნაადრევია. ამასთანავე, მოსალოდნელი ეპიდემიის პიკი საქართველოში ჯერჯერობით გაბრტყელებულია (არა დადაბლებული) და “ფიზიკური” დისტანცირების ზომები იმდენად გამკაცრებულია, რომ არსებული ჰოსპიტალური რესურსის 10%-საც კი არ ვიყენებთ?! თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი შემთხვევის აღმოჩენიდან 46 დღეა გასული, ვთვლით, რომ ჯანდაცვის სისტემა წესით მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ყოველდღიურად 50 პაციენტი (ოღონდ არა ის მსუბუქი ფორმები რომელიც დღეს არის ჰოსპიტალიზებული) მიიღოს, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია რეალურად ესაჭიროება – ანუ სადღაც 700 პაციენტი 2 კვირის ინტერვალში. საყურადღებოაკოლეგების მოსაზრება რომ თუ ინფექციას მართვადი გავრცელების საშუალება არ მივეცით, ძნელი იქნება არსებული სიტუაციიდან გამოსვლა. ხოლო თუ რა ჭირდება მართვად გავრცელებას, ამას ქვემოთ მოგახსენებთ”, – წერია მოსაზრებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *