ექსპერტები: 2022 წელს ნაგავსაყრელზე 5.3 მილიარდი მობილური ტელეფონი აღმოჩნდება

ექსპერტები: 2022 წელს ნაგავსაყრელზე 5.3 მილიარდი მობილური ტელეფონი აღმოჩნდება

მიმდინარე წელს, ნაგავსაყრელზე 5.3 მილიარდი მობილური ტელეფონი აღმოჩნდება, – ამის შესახებ „ელექტრული და ელექტრონული აპარატურის საერთაშორისო ფორუმის“ (WEEE) ექსპერტებმა, BBC-სთან საუბრისას განაცხადეს. ვარაუდი, რომელიც გლობალურ სავაჭრო ბრუნვას ეფუძნება, შემაშფოთებელია და ელექტრონული ნარჩენების პრობლემას უსვამს ხაზს.

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების პრობლემის პარალელურად, ექსპერტები გადაყრილი ელექტრონული მოწყობილობებიდან ძვირფასი ლითონების, მათ შორის სპილენძისა და კობალტის მოპოვების მნიშვნელობაზეც აპელირებენ. „ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ყველა ეს უმნიშვნელო მოწყობილობა მეტად ღირებულია და საერთო ჯამში, გლობალურად, საქმე ძალიან დიდ მოცულობას ეხება“, – განაცხადა WEEE-ს გენერალურმა დირექტორმა, პასკალ ლეროიმ.

„ელექტრული და ელექტრონული აპარატურის საერთაშორისო ფორუმის“ ინფორმაციით, დღეს, მსოფლიოში თექვსმეტი მილიარდი მობილური ტელეფონია – ხოლო ევროპაში, მაგალითად, მათი ერთი მესამედი უკვე აღარ გამოიყენება. თუმცა მობილური ტელეფონების გარდა, ელექტრული ნარჩენების პრობლემა გაცილებით უფრო ფართოა, რადგან ის გულისხმობს ყველაფერს სარეცხის მანქანებიდან ტოსტერებამდე და პლანშეტებიდან GPS-მოწყობილობებამდე – ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლისთვის, დედამიწაზე, ყოველწლიურად 74 მილიონი ტონა ელექტრონული ნარჩენი გაჩნდება.

ელექტრონული ნარჩენების ამგვარი სიუხვის ფონზე, გაერთიანებული სამეფოს ქიმიის სამეფო საზოგადოებამ ელ. ნარჩენებიდან ძვირფასი ლითონების მოპოვების ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანია დაიწყო. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს საკითხი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, როცა ძვირფასი ლითონების გლობალური მიწოდების ქსელები ჩამოიშალა.

„ამ მოწყობილობებში ის არაერთი მნიშვნელოვანი რესურსია, რომელთა გამოყენება შეიძლება, როგორც ახალი ელექტრონული მოწყობილობების, ასევე ქარის ელექტროსადგურების ტურბინების, ელექტრობატარეებისა და მზის პანელების წარმოებისას“, – აღნიშნავს WEEE-ს წარმომადგენელი, მაგდალენა ჩარიტანოვიჩი.

ის პრობლემა, რომელზეც „ელექტრული და ელექტრონული აპარატურის საერთაშორისო ფორუმის“ ექსპერტები აპელირებენ, მართლაც გლობალურია – დღეს, მსოფლიოში არსებული ელექტრონული ნარჩენების მხოლოდ 17% გადამუშავდება, მაგრამ 2030 წლისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ამ მაჩვენებლის 30%-მდე გაზრდა სურს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *