ექსპერტები: შესაძლოა, რუსეთში უმუშევრობის დონემ 10%-ს მიაღწიოს

ექსპერტები: შესაძლოა, რუსეთში უმუშევრობის დონემ 10%-ს მიაღწიოს

დასავლეთის მიერ დაწესებული მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების ფონზე, უკვე დიდი ხანია, რაც დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარს ტოვენებ – ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან სამუდამოდ გადის, დანარჩენები კი – მუშაობას დროებით აჩერებენ. რიგი ეკონომისტების აზრით, თუკი რუსეთში ვითარება უახლოეს ხანებში უკეთესობისკენ არ შეიცვლება, ხელფასების გაცემა შეწყდება და უმუშევრობის დონე სწრაფად გაიზრდება.

ის, რომ სანქციების ფონზე რუსეთში უმუშევრობის დონე გაიზრდება – არავის უკვირს, მაგრამ ეკონომისტები მაინც განიხილავენ, თუ რამდენად სწრაფი ზრდა ელის ამ ეკონომიკურ პარამეტრს. რუსული საკონსულტაციო კომპანიის, „პფ კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის, ევგენი ნადორშინის აზრით, აპრილში, რუსეთში უმუშევრობის დონე 5.1%-მდე გაიზრდება, ხოლო წლის ბოლომდე 5.2%-იან მაჩვენებელზე დასტაბილურდება – რუსული Forbes-ის დათვლებით ეს 3.9 მილიონ უმუშევარ ადამიანს ნიშნავს.

გაცილებით უფრო პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს „რენესანს კაპიტალის“ ეკონომისტი სოფია დონეცი: მისი აზრით, უმუშევრობა მალევე საგრძნობლად იმატებს და მარტში 5.5%-6.5%-იან შუალედში იქნება. ეკონომისტი განმარტავს, რომ თუკი ამ პრობლემას რუსეთის ფედერაციის მთავრობის მხრიდან ეფექტიანი გადაწყვეტა არ მოყვა, შესაძლებელია, რომ დეკემბერში, უმუშევრობამ 10%-იან ნიშნულსაც კი მიაღწიოს.

ეკონომისტების თქმით, უმუშევრობის ზრდა ყველაზე მეტად მომსახურების, საცალო ვაჭრობისა და წარმოების იმ სექტორებში აისახება, რომლებიც განსაკუთრებულად დამოკიდებული იყვნენ უცხოურ სათადარიგო ნაწილებსა და კომპონენტებზე.