თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მოსახვედრად ასპირანტ ქვეყანას ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს დასტური სჭირდება, შესაძლოა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ერდოღანმა განმარტა, რომ ამ ორ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აკვირდება, მაგრამ დადებით შედეგს არ ელოდება, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. საკუთარ გადაწყვეტილებას ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთი სამხედროების და სხვა ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერას უკავშირებს, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან მიჩნეულნი – უკვე დიდი ხანია, რაც ფინეთი, შვედეთი და ზოგიერთი სხვა დასავლური სახელმწიფო ქურთებს და მათ მიერ მართულ სირიის დემოკრატიულ ძალებს მხარდაჭერას უცხადებენ.
თუმცა, როგორც ჩანს თურქეთის პოზიცია საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არ არის – Bloomberg-ის თქმით, რომელიც ინფორმაციას ქვეყნის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, თუ ფინეთი და შვედეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მებრძოლი ქურთების სამხედრო ძალებთან დაკავშირებით პოზიციას რადიკალურად და მკაფიოდ შეიცვლიან, თურქეთი მათთან NATO-ში წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა ისიც თქვა, რომ არ გაიმეორებს იმავე შეცდომას, რომელიც 1980 წელს, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საბერძნეთის გაწევრიანებისას იქნა დაშვებული, რადგან მისი თქმით, საბერძნეთს სურს რომ თურქეთთან არსებული საზღვაო საზღრების საკითხის გარკვევაში NATO ჩარიოს.
საინტერესოა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გუშინ, 12 მაისს, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ ქვეყნის NATO-ში დაუყონებლივ გაწევრიანებას უჭერენ მხარს.