ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყო ძალიან კონსერვატიული. ეს ნიშნავს, რომ ბანკებს მეტი კაპიტალი ჰქონდათ, შეიზღუდა მეტი სესხის გაცემა და როცა კრიზისი მოდის, ვინც უფრო კონსერვატიულია, ის უფრო მომზადებული ხვდება მას, – ასეთია “საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის შეფასება ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
როგორც გაჩეჩილაძემ Forbes Talks-ის ფორმატში Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ სებ-ის ამ მიდგომამ ნაწილობრივ გაამართლა.
“ნაწილობრივ ემზადებოდა ეროვნული ბანკი. ძალიან კონსერვატიული მიდგომები ჰქონდა ეროვნულ ბანკს, ამაზე იყო კრიტიკა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი დარტყმის შემდეგ კონსერვატიული მიდგომები ვისაც ჰქონდა, ის აღმოჩნდა მართალი. აქ მტყუან-მართალზე არც არის საუბარი. ეს ყველასთვის კარგია. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ საპროცენტო განაკვეთები მეტი იყოს, ოღონდ შესაბამისი ფული დაილექოს კაპიტალად, რომ დარტყმის შემთხვევაში არ იყოს სანერვიულო ამ კუთხით. ამის თანხას მოსახლეობა იხდის და სიკეთეც მოსახლეობამ უნდა მიიღოს. ამ კუთხით ნამდვილად შეიძლება ითქვას დადებითი სებ-თან მიმართებაში“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
რაც შეეხება ფულად საკრედიტო ნაწილს, “საქართველოს ბანკის“ გენდირექტორის თქმით, ლარის რესურსი გაძვირდა, ახლა ხდება ზომების მიღება იმისთვის, რომ ლარის რესურსი დაუბრუნდეს იმ ღირებულებას, რაც ორი თვის წინ იყო – “ეს აბსოლუტურად რეალისტურია მაშინ, როცა მზად ხარ, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დახარჯო რეზერვებიდან, რომ ლარი არ დასუსტდეს დოლართან მიმართებაში. მე მგონია, რომ ცოტა უფრო სწრაფად შეიძლებოდა იმის გაკეთება, რაც დღეს ხდება, თუმცა მიმართულება კარგია. ვექტორზე აბსოლუტურად ვეთანხმები ეროვნულ ბანკს და კარგია, რომ რესურსის მობილიზება მოხდეს, რათა ნაკლებად გაუძვირდეს კრედიტები ჩვენს მომხმარებლებს“.
გაჩეჩილაძემ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებაზე – რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე შემცირებაზეც გააკეთა კომენტარი. კითხვაზე რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა:
“რაც შეეხება ლარის რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, მიმართულებას ვეთანხმები. ეს არის ლარის მიწოდება ანუ მთლიანობაში გაიაფება. თუ რეფინანსირების განაკვეთი იყო 9%, რეალური განაკვეთები ლარის რესურსების იყო 11-12%-ზე ასული. აქ ორი გამოსავალია – ან ეროვნულმა ბანკმა უნდა აწიოს განაკვეთი 11-12 %-მდე ან/და მიაწოდოს მეტი და მეტი ლარი ბანკებს, იმისთვის, რომ ლარი არ გაძვირდეს“.
გაჩეჩილაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც რომ ამ გადაწყვეტილებას აქვს თავისი ხარჯი, – “ეს არის რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იმისთვის, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეიცვალოს. ლარის რესუსრის მიწოდებაც უნდა მოხდეს, გაიაფებაც და დოლარის დახარჯვაც”.