ერთი დოლარის ღირებულება 2.87 ლარი გახდა

ერთი დოლარის ღირებულება 2.87 ლარი გახდა

ლარის კურსი დოლარის მიმართ კვლავ გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.8791 ლარი გახდა, რაც დღეს მოქმედ კურსთან შედარებით 3.2 თეთრით გაუფასურებული მაჩვენებელია. ლარი გაუფასურდა ევროსთანაც და ერთი ევროს ფასი 3.27 ლარი გახდა.

წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი დოლარის მიმართ 7%-ით გაუფასურდა.

ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ეროვნული ბანკი რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებს.

“საგარეო შოკის დროს გაცვლით კურსი ავტომატურ სტაბილიზატორს წარმოადგენს. ამ პირობებში გაცვლითი კურსის გაუფასურება შოკის მშთანთქმელის როლს ასრულებს.

გაუფასურების შედეგად, გარკვეული დაგვიანებით მცირდება იმპორტი ან/და იზრდება ექსპორტი. რაც უფრო სწრაფად მოხდება გაცვლითი კურსის კორექცია, მით უფრო ნაკლები ნეგატიური გავლენა ექნება შოკს ეკონომიკასა და, შედეგად, დასაქმებაზე და შოკის აღმოსაფხვრელად ჯამურად უფრო ნაკლები გაუფასურება იქნება საჭირო. ასეთ დროს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა მხოლოდ გადაავადებს გაცვლითი კურსის კორექციას, გააღრმავებს შოკს და საბოლოო გაუფასურების მასშტაბიც უფრო დიდი იქნება (ამის მაგალითებია სხვადასხვა წლებში აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა)”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *