#ერთიამბავი – ხალებით მოფენილი ქალაქი

#ერთიამბავი – ხალებით მოფენილი ქალაქი

„ხალი“ – დიდი ფარდაგი, ორხოვა [ხაოიანი საფენი; ხალიჩა ორპირად ნაქსოვი] ნოხი; ხალიჩა კი პატარა ფარდაგია. ჩა აკნინებს“, – იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“

ხალი იქნებოდა თუ ხალიჩა, ეს ჯადოსნური ნივთები, თავიანთი გამორჩეული ფერადოვნებით, ისედაც მრავალფეროვან ქალაქს განსაკუთრებულ სიჭრელეს სძენდნენ და მომხიბლავ მორთულობას წარმოადგენდნენ უცხოელი მოგზაურებისთვის, ვისთვისაც აღმოსავლური ხალიჩები ტფილისური ბაზრის ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს წარმოადგენდა.

ძველი თბილისის ფოტოებზე ხშირად შეხვდებით თვალისმომჭრელი აღმოსავლური ხალიჩების მაღაზიებს – ფირუზისფრად, ნარინჯისფრად, ლალისფრად, ალისფრად თუ მწვანედ აფეთქებულ ხალიჩებს ფუტკრებივით შესეულ მუშტარსაც რომ ასახავს. ცნობილია, რომ XIX საუკუნის მიწურულს ტფილისში განსაკუთრებული პოპულარობით ძველი სპარსული ხალიჩები სარგებლობდა. ამბობდნენ, რომ სპარსელები დახელოვნებულნი იყვნენ ხალიჩაზე ფერები იმგვარად განელაგებინათ, მათი ცქერისას თვალი არ იღლებოდაო.

ხალიჩების შეძენა და გაყიდვა / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

აღმოსავლურ ხალიჩებთან დაკავშირებით საინტერესო ნაშრომი აქვს ინგლისელ მეწარმეს – ჰერბერტ კოქსონს, რომელსაც აღმოსავლური ხალიჩების ძიებაში, თბილისშიც უმოგზაურია.1

1884 წელს, ლონდონში გამოქვეყნებულ მის მოგონებებში, კოქსონი წერს, რომ ძველ ხალიჩებს, რომელთა „ასაკი“ სამოცდაათიდან – ასორმოცდაათ წლამდეა, ჩაქსოვილი ჰქონდათ ოსტატის სახელი და მოქსოვის თარიღი, თუმცა გამოცდილი თვალისთვის სიძველის დასადგენად ხალიჩის დიზაინი და ფერებიც საკმარისი იყო.

მისივე თქმით, სპარსული ხალიჩები გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ ჩინებული ბეწვითა და ფერთა ჰარმონიით, რაც ერთობ მაამებლური ყოფილა თვალისთვის, არამედ უნაკლოდ შესრულებული სამუშაოს ხარისხითაც:

„ხალიჩის ხარისხის შესამოწმებლად სპარსელები ასეთ ძველ ხერხს მიმართავენ – ისინი ხალიჩაზე გავარვარებულ ხის ნახშირს აგდებენ, რაც, რასაკვირველია, მიმწვარ ადგილას ყავისფერ ლაქას ტოვებს. თუ ხალიჩა კარგი ხარისხისაა, მაშინ გატრუსული ნაწილი ხელის მსუბუქი მოსმითაც ისე უნდა მოსცილდეს, რომ არავითარი კვალი არ დატოვოს“.

ხალიჩების ბაზრობა / ეროვნული ფოტომატიანე

ძველი აღმოსავლური ხალიჩების სილამაზესა და დახვეწილობაზე დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა ამ სტატიაში ერთ საინტერესო გარემოებაზე გვსურს ყურადღების გამახვილება. მართალია, ხარისხიან და მოთხოვნად საქონელს ყოველთვის მაღალი ფასი აქვს, თუმცა 1880-იან წლებში, ძველი სპარსული ხალიჩების ფასი განსაკუთრებით გაზრდილა, მით უფრო, რომ მათი რაოდენობა თანდათან მცირდებოდა.

ეს გარემოება იმით აიხსნება, რომ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ძველი აღმოსავლური ხალიჩები „მოდად შემოსულა“, შესაბამისად, ამ პერიოდში, მათ მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდებოდა.

ალბათ ამიტომაც იყო, ძველ სპარსულ ხალიჩებზე ტფილისში ტაციაობა რომ გაჩაღებულა. როგორც გაზეთი „ივერია“ წერდა 1887 წელს, „ამ მოკლე ხანში“, საქართველოსა და კავკასიაში ძველ სპარსულ ხალიჩებს დიდძალი მუშტარი გამოსჩენია, რომლებიც მზად იყვნენ ღირებულებაზე ორჯერ და სამჯერ ძვირიც კი გადაეხადათ.

„ყველას უკვირდა ეს ამბავი და ამას ამბობდა, რომ ძველი ხალიჩა ასე იმიტომ ფასობს, რომ კარგის ღირსებისა იყო ხოლმეო. მიზეზი ამ გარემოებისა სხვა არის და აი რა: ძველს ხალიჩებს ჰყიდულობენ ამ ჟამად თურმე უფრო სპარსელები ინგლისელ ვაჭართა მინდობილობით. ეს ვაჭრები აგროვებენ ამ ხალიჩებს და ჰსურთ სწორედ იმ გვარივე ძვირფასი და იმავე სახისა და ძაფის ხალიჩების ქსოვა მოახერხონ ინგლისის ქარხნებში, როგორიც ძველი სპარსული ხალიჩებია, რადგან ამ ხალიჩების მართლაც და დიდი ღირსება ეჭვს გარეშეა. ბევრი ძველი ხალიჩები ისეთი მტკიცე ნაქსოვია და ისეთის მკვიდრის ფერადებისაა, რომ 60 და 80 წელსა სძლებს და არც ფერსა სცვლილობს და არც ძლიერა ცვდება“.

ხალიჩების ბაზარი მეიდანზე / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

მას შემდეგ, რაც ვაჭრებსა თუ გადამყიდველებს თბილისი და საქართველოს სხვა დიდი ქალაქები „გაუსუფთავებიათ“, სოფელ-სოფელ, კარდაკარ დაუწყიათ „ძველი სახიანის“ ხალიჩების ძებნა:

„ამ ნასყიდ ხალიჩებს ეზიდებიან ევროპისა და ამერიკის დიდს ქალაქებში და ძვირფასად ჰყიდიან; დიდი მოდაა თურმე იქა. რამდენადაც ხალიჩა ძველებური სახიანია, იმდენად მეტადა ფასობს“.

ადგილობრივი ვაჭრების გარდა, ამ ძვირფასი საქონლის შესაძენად თბილისში სხვადასხვა ფირმების წარმომადგენლები თუ გადამყიდველებიც ჩამოდიოდნენ. იმავე „ივერიის“ ცნობით, 1890 წელს საფრანგეთიდან ჩამოსულა ცნობილი ფრანგული ფირმის წარმომადგენელი, რომელსაც ხალიჩები და სხვა ტიპის ნაქსოვი პროდუქცია ჯერ ქალაქში შეუძენია, შემდეგ კი, ამავე აზრით, „იმიერ კასპიის მხარეს“ გამგზავრებულა.

ჩვენ მიერ უკვე ხსენებული კოქსონის აზრით, აღმოსავლური ხალიჩების შესაძენად საუკეთესო ადგილი ბაქო ყოფილა, ბაქოს შემდეგ კი დაღესტანი. მისივე ცნობით, საუკუნეების განმავლობაში აქაური ხალიჩები თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემოდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მათგანი ბაქოელ ან თბილისელ ვაჭარს არ ჩაუვარდებოდა ხელში.

თბილისიდან ხალიჩები შავი ზღვის პორტებში უნდა მოხვედრილიყო, საიდანაც ეს ძვირფასი ნადავლი ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ჩაჰქონდათ. სხვათა შორის, 1900 წლის 23 იანვარს, პარიზის გამოფენისთვის, ბათუმის ნავსადგურიდან, გემ „პეიხოთი“ გაუგზავნიათ კავკასიის ძვირფასი ხალიჩები, რომელთა შორის გამორჩეული ექსპონატი ყოფილა 2000 მანეთად შეფასებული, 6 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის, თ. მუხრან-ბატონის ყარაბაღული ხალიჩა.

რაც შეეხება ხალიჩებით ვაჭრობის საქმეს უშუალოდ ტფილისში; ზოგიერთი მოგზაურის ცნობით, ხალიჩების ყიდვა არა ქალაქის აზიურ ნაწილში, არამედ რუსული უბნის მაღაზიებში ჯობდა, რადგან საქონელი იქ უკეთესად იყო შერჩეული და მყიდველი ნაკლებად შეცდებოდა საქონლის ხარისხსა თუ ფასში.

ძველი თბილისი / პოლ ნადარის ფოტო / 1890 წ.

1889 წელს, სპარსული ხალიჩების „ციებ-ცხელების“ დროს, ტფილისში ჩამოსული ფრანგი სტუდენტის ოგიუსტ ლეკუენ დე ვილმორენის ყურადღება მიუქცევია მაშინდელი ერევანსკის მოედნიდან – მტკვრის სანაპიროსკენ მიმავალ, სპარსელებით დასახლებულ პატარა ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიას, კაფაროვის ფარდულს, რომლის მფლობელსაც, სხვებისგან განსხვავებით, „ევროპული ვიტრინა“ და ხალიჩების, თუ სხვა საინტერესო საქონლის დიდი არჩევანი ჰქონია.2

დახლებზე გამოდებულ საქონელის ყიდვა-გაყიდვასთან ერთად, ჩანს, რომ ტფილისში კონტრაბანდული ხალიჩებითაც აქტიურად ვაჭრობდნენ, მით უფრო, რომ ამგვარი გზით შემოტანილი ნივთები წესით ბევრად უფრო ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო.

თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რა რაოდენობის კონტრაბანდული საქონელი შემოდიოდა ქალაქში, თუკი 1884 წელს, ერთ-ერთი შემოვლის დროს, პოლიციის მოხელეებმა მხოლოდ ოთხ ვაჭარს, ასამდე კონტრაბანდული „სპარსული ხალი“ აღმოუჩინეს.

ზოგადად, როგორც უცხოელი მოგზაურები აღნიშნავდნენ, ვაჭრობისას, მით უფრო ხალიჩების შეძენისას, ენობრივი ბარიერი გვარიანად ართულებდა და აჭიანურებდა გამყიდველთან მოლაპარაკების პროცესს, თანაც ტფილისში სარფიანად ვაჭრობა, ყველაფერთან ერთად, გარკვეულ უნარ-ჩვევებსაც მოითხოვდა.

დასასრულ, გთავაზობთ ხალიჩებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ერთ ამბავს, რომელიც 1899 წელს, თბილისში ინკოგნიტოდ მოგზაურობის დროს, ნორვეგიელ ნობელიატ მწერალს – კნუტ ჰამსუნსა და მის მეუღლეს, ქალაქის ერთ-ერთ აზიურ უბანში გადახდათ თავს:

„თუ რომელიმე დუქანს მიადექი და ვინიცობაა, პატრონი იქ არ არის, გამორიცხულია, დაგინახოს, უცებ მოვარდეს და შეგიპატიჟოს. ის გაძლევს დალოდების შესაძლებლობას. თუ ამ დროს მეზობელს ემუსაიფება, განაგრძობს მუსაიფს. ბოლოს, ვიღაცა დაუძახებს, მუშტრები გელოდებიანო, მაშინ წამოდგება დინჯად, დარბაისლურად და თავის დუქანს დაუბრუნდება. უცებ რატომ არ მოირბინა? იმიტომ, რომ არ შეშვენის სიხარბე გამოიჩინოს მუშტრის დანახვაზე. თუმცა, სულ თვალთახედვის არეში ჰყავდი.

ასეთი შემთხვევა გვქონდა, დუქნების პატრონები მწვანე დოლბანდიანი პირები იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სამჯერ ნახეს წინასწარმეტყველის საფლავი, ყოფილან მექაშიც. ერთი სიტყვით, რჩეულთა საზოგადოებაში აღმოვჩნდით, სადაც ყველას დიდი ღირსებით ეჭირა თავი.

ხალიჩებით მოვაჭრე / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

– გთხოვთ, დიდსულოვნად მოგვიტევოთ, – ვეუბნებით, – თქვენი ხალიჩების დათვალიერების ნებას ხომ არ დაგვრთავდით?

– რამდენი ხალიჩა გნებავთ? – გვეკითხებიან.

თარჯიმანი ეუბნება:

– ესენი უცხოელები არიან, შეიძლება, ერთი ხალიჩა იყიდონ.

პასუხი:

– ერთ ხალიჩას ისედაც ვაჩუქებ.

თარჯიმანი მადლობას უხდის ჩვენ მაგივრად.

ახლა იმის თავაზიანობას ჩვენც უნდა მივაგოთ პატივი. თარჯიმანი ეუბნება:

– სტუმრები შორიდან ჩამოვიდნენ, მაგრამ კარგი ადამიანები არიან და ძალიან უნდათ, რაიმე საჩუქარი მოგართვან. ღარიბი ხალხია, ძვირფასეულობა არა აქვთ, ცხენებიც არა ჰყავთ, თუმცა ცოტა ფული აქვთ, რაც სამოგზაუროდ სჭირდებათ, მაგრამ ახლა მზად არიან ეს ფული შენ გაჩუქონ.

თარჯიმანი დაჟინებით, მაგრამ დიდი მოკრძალებით იმეორებს თხოვნას.

დუქნის პატრონს სინდისი უფლებას არ აძლევს უცხოელის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინოს და უარს ამბობს საჩუქარზე. ბოლოს, პასუხობს: შემიძლია ასი რუბლი ავიღო.

თარჯიმანი გვითარგმნის სიტყვებს და გვეუბნება:

– ეს უფრო ძვირია მის ხალიჩაზე. ამიტომ ვეტყვი: ასი რუბლი ხალიჩის საფასურია, თქვენ კი საჩუქარი გინდოდათ მიგერთმიათ.

როცა, ბოლოს და ბოლოს, ვხვდებით, რომ აქ ასეთი ფორმის ვაჭრობაა, თარჯიმანს ნებას ვრთავთ, ისე წარმართოს საქმე, როგორც თვითონ მიაჩნია საჭიროდ.

მოლაპარაკება დუქნის პატრონსა და თარჯიმანს შორის დიდხანს გრძელდება. რამდენჯერ მივადექით დუქანს და მოვტრიალდით: ისინი ვაჭრობენ და ვაჭრობენ. ბოლოს და ბოლოს, ხალიჩას ჩვენთვის სასურველ ფასში ვყიდულობთ. დიდი მოწიწებითა და მეგობრული გრძნობით ვემშვიდობებით ამ ღვთისმოსავ ადამიანს“.3

 

 

1 – „აღმოსავლური ხალიჩების ძიებაში“, ჰერბერტ კოქსონის მოგზაურობა XIX საუკუნის კავკასიაში, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი, 2019 წ.

2 – „თბილისი ფრანგი და ფრანკოფონი მოგზაურების თხზულებებში (XIX საუკუნე – XX საუკუნის დასაწყისი), „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018 წ.

3 – კნუტ ჰამსუნი, „ზღაპრული ქვეყანა“, განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2006 წ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.