„მაისის 15-ს, თფილისში, ქართული წიგნის მაღაზია გაიხსნა, სადაც მსურველთ შეუძლიანთ მოიპოვონ ყოველგვარი ქართული ძველი და ახალი წიგნები. მაღაზია იმყოფება ქაშვეთის ეკლესიის ქვემოთ დუქნებში. გარეშე მცხოვრებთ შეუძლიანთ დაიბარონ ყოველგვარი ქართული წიგნები“, – 1878 წელს, გაზეთმა „დროებამ“ ქალაქს დიდად სასიხარულო ამბავი ამცნო.
გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის მიერ ქართული წიგნის მაღაზიის გახსნა დიდი ამბავი უნდა ყოფილიყო თფილისისთვის, მით უფრო, რომ იმპერიის მიერ „ქართული ენის გმობის ხანაში“, ქართული წიგნები არც მრავლად იბეჭდებოდა და რაც იშოვებოდა, ისიც სანთლით უნდა გეძებნათ.
თუმცა, სანამ უშუალოდ ჩარკვიანის მაღაზიის ამბავს განვიხილავდეთ, მანამდე ორიოდ სიტყვით იმ დროს არსებული ვითარება მიმოვიხილოთ.
საგაზეთო ცნობებსა და სარეკლამო განცხადებებს თუ დავუჯერებთ, XIX საუკუნის 70-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, ერთი დადებითი ტენდენცია შეიმჩნეოდა – „სოკოებივით იბადებოდა ქართული წიგნები“. მაგალითად, თუკი 1875 წლის განმავლობაში, ქართულ ენაზე სულ 26 „დიდი და პატარა“ წიგნი დაბეჭდილა – 46 400 ეგზემპლარად, 1876 წელს, მხოლოდ პირველ ხუთ თვეში, 21 სხვადასხვა წიგნი გამოსულა – „რიცხვით თითქმის იმდენივე ეგზემპლიარი“, რამდენიც 1875 წელს.
„ჩვენს ხალხში საჭიროება ყოფილა, სურვილი, ხალისი ქართული წიგნის კითხვისა“, – ამბობდნენ ქალაქში, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან სხვაგვარად, წიგნების იოლად გასაღების იმედი რომ არ ჰქონოდათ, საგამომცემლო საქმით დაკავებული ადამიანები ამდენ წიგნს არ და ვერ გამოსცემდნენ.
ქართული წიგნების ბეჭდვის ამგვარად გაზრდილი სტატისტიკა ბევრისთვის შესაძლოა მოულოდნელი და დაუჯერებელიც კი იყო, მით უფრო იმ ფონზე, რომ თუკი გადმოცემებს დავუჯერებთ, „ათი-ხუთმეტი, ოცი-ოც-და-ათი წლის წინათ წელიწადები ისე გადიოდა, რომ ერთი პატარა ბროშურაც არ დაიბეჭდებოდა ქართულს ენაზე“.
მართალია „თვით წიგნების თვისებასა და ღირსებაზე“ ხშირი იყო კამათი, როგორც იმაზე, რომ არავინ ჰფიქრობდა „ისეთ წიგნების გამოცემას, რომელსაც ხალხი არ იცნობს, მაგრამ რომლის გაცნობა იმისთვის საჭიროა; არავინ არ ჰფიქრობს ისეთი წიგნების დაბეჭდვას, რომელიც თუმცა მსწრაფლად და მოგებით არ გაიყიდება, მაგრამ რომლის წაკითხვა ხალხს ან პირ-და-პირ სარგებლობას მოუტანს, ან გონებას გაუხსნის ან ასიამოვნებს“. სამაგიეროდ, „პრაქტიკამ ერთი რამ გვაჩვენა: რომ პატარა წიგნებად, ბროშურებად გამოცემული იაფი წიგნები ადვილად საღდება არათუ მაღალ საზოგადოებაში, არამედ თვით მდაბიო ხალხშიც“.
ამას დაემატა „ვოინობა“, ანუ 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელმაც იაფი წიგნების ბეჭდვა-გასაღების საქმეს გვარიანად შეუწყო ხელი – „ყველას ჰგონია, ერთს რასმე შევიტყობ ამ წიგნებიდან ომზედაო, ჩვენებურს მამაცობაზედა და თავ-განწირულებაზედაო!“
ერთი სიტყვით, ასეთი იყო ვითარება მაშინ, როდესაც გრიგოლ ჩარკვიანმა, მომავალში ცნობილმა ქართველმა გამომცემელმა და საზოგადო მოღვაწემ, თფილისში ქართული წიგნის მაღაზიის გახსნა განიზრახა.
ამ საქმეში მის პარტნიორს, ქართველ საზოგადო მოღვაწეს, ლიტერატურის მკვლევარ და გამომცემელ ზაქარია ჭიჭინაძეს თუ დავუჯერებთ, იმ პერიოდში, „ქართული წიგნის მაღაზიის გახსნის ნებართვის აღება და ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემის ნებართვის აღების საქმენი ისეთი ძნელი იყო და იშვიათი, რომ მასზედ ძნელი სხვა აღარაფერი იქნებოდა. როცა კი მოხდებოდა ესა და ვინმე რამე გამოცემის, ან წიგნის მაღაზიის გახსნის ნებართვას მიიღებდა, იმას ყველა მცნობნი და მეგობრები დიდის სიხარულით მიულოცავდნენ, რომ „ღმერთმა გაღირსა და ნებართვა აიღეო“.1
მისივე ცნობით, სირთულეების მიუხედავად, გრიგოლ ჩარკვიანმა მაინც გაბედა და „მთავრობას თხოვნა მისცა ქართული წიგნის მაღაზიის გახსნის ნებართვის აღებისათვის“, მაგრამ უარი მიიღო და რომ არა ამ საქმეში იაკობ გოგებაშვილის ჩართულობა, რომელმაც გრიგოლ ჩარკვიანს ილია ჭავჭავაძესთან უშუამდგომლა და თავად ილიას აქტიურობა და მონდომება, 1878 წლის 10 მარტს გრიგოლ ჩარკვიანი ქართული წიგნის მაღაზიის გახსნის ნებართვას ვერ მიიღებდა.
ასე და ამგვარად, ნებართვის აღებიდან ორი თვის თავზე, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა თფილისში ქართული წიგნის მაღაზია გახსნა:
„ეს გარემოება ძალიან სასიამოვნო გარემოებად უნდა ჩაითვალოს ყველა ქართველისათვის, რომელთაც კი თავის სამშობლო ლიტერატურის წარმატება რამედ მიაჩნიათ.
გასაკვირველი-კია, მაგრამ ეს ნამდვილია, რომ წიგნის მაღაზიის გახსნას მართალი უეჭველი წარმატების მიცემა შეუძლიან ქართული მწიგნობრობისათვის: თითქმის უპირველესი დამაბრკოლებელი მიზეზი ჩვენი მწიგნობრობის სუსტად მსვლელობისა ის არის, რომ წიგნები არ ვრცელდება, არ ვრცელდება იმიტომ კი არა, რომ წამკითხველები მაინცა-და-მაინც ნაკლებათ იყვნენ ჩვენში, არა, მხოლოთ იმიტომ, რომ კითხვის მსურველს წიგნი ვერ შეუძენია.
დღემდინ ქართული წიგნის ყიდვის მსურველს ყველა წიგნის მაღაზიები უნდა დაევლო, წიგნის გამომცემელთან უნდა მისულიყო რამდენიმეჯერ და ბოლოს იქნება, როგორც იყო, შეეძინა წიგნი.
ახლა ხსენებული მაღაზიის საშუალებით, წიგნის შეძენის ღონის-ძიება გაადვილებული იქნება, რადგან ამ მაღაზიაში იქნება გასასყიდლად დაწყობილი ყოველ-გვარი ქართული წიგნები, რომელიც კი თფილისში ან სხვაგან სადმე დაბეჭდილია ან დაიბეჭდება.
ვისურვოთ, მაშ, რომ ამ მაღაზიის გამხსნელებმა კარგათ, სინდისიანათ და საქმის ცოდნით წაიყვანონ ეს საქმე და ამ გვარად სარგებლობა მოუტანონ ჩვენს საზოგადოებას“, – ვკითხულობთ გაზეთ „დროებაში“.
„მაღაზია მოვაწყეთ ისე, რომ მთელი წიგნის მაღაზიის ყაფაზები ჩვენ სულ ქართული წიგნებით გავავსეთ. აქ ჩვენ გვქონდა ყველა ძველი და ახალი გამოცემანი, ჟურნალები და გაზეთებიც კი, სულ ყდებში ჩასმულები და საკითხავათ გამზადებულნი, რასაც გრიგოლ ჩარკვიანი და მეც ადრიდანვე ვაგროვებდით“, – აღნიშნავდა ზაქარია ჭიჭინაძე და იქვე დასძენდა:
„დაბეჭდილ წიგნებს გარდა მე მქონდა დიდი ძალი ძველი ქართული ხელთნაწერი წიგნები. მათში ზოგი პერგამენტზედ ნაწერიც იყო. ყველა ეს წიგნებიც ამ მაღაზიაში იქმნა ჩემგან მიტანილი“. (სავარაუდოდ, სწორედ ამ წიგნების შესახებ წერდა იმდროინდელი პრესა: „ამ დღეებში ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ვნახეთ ჩვენ ერთი ძვირფასი ხელთ-ნაწერი წიგნი: საქართველოს ისტორია ანტონ პირველი საქართველოს კათოლიკოზისა“; „ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ერთი ქართული ხელთ ნაწერი წიგნი, კანონი მალაქია კათალიკოზისა“)
„ქართული წიგნის მაღაზია გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანისა“ – ქაშვეთის ეკლესიის ქვემოთ დუქნებში (#2-ში) წიგნის მაღაზიის გახსნას, დიდი სიხარულით შეხვედრია ქართული საზოგადოება, სულ მალე კი ამ მაღაზიას დიდი მნიშვნელობა და პატივისცემა მოუპოვებია.
„ეს მაღაზია ერთგვარი კლუბი იყო მაშინდელი ქართველი ინტელიგენციისა, აქ წყდებოდა სხვადასხვა სალიტერატურო საკითხები, ამა თუ იმ ქართული წიგნის დაბეჭდვის საქმე“, – წერდა თედო სახოკია“2.
იმ დროის ცნობილი ქართველი მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების გარდა, მაღაზიას თურმე ხშირად სტუმრობდნენ სასულიერო სემინარიის, გიმნაზიის და სხვადასხვა სასწავლებლების უფროსი კლასის მოსწავლეები, ასევე, „ამ მაღაზიის არსებობით დიდათ სარგებლობდნენ ქართველი მუშები, ხელოსნები და ნამეტურ ამათი წვრილი შეგირდები, რომელნიც ამ მაღაზიის საშუალებით ადვილათ შოულობდნენ საკითხავ წიგნებს. ვისაც ფული არ ჰქონდა, იმას უფულოთაც ვაძლევდით საკითხავ წიგნებს, ზოგსა ჩუქებით“, – იხსენებდა ზაქარია ჭიჭინაძე.
საინტერესოა, რომ გახსნიდან მალევე, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიისთვის მიუმართავთ რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ, ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ „მილიციონერებს, რომელთაც დიდ-ძალი ქართული წიგნები იყიდეს თურმე უფალ გრიგოლ ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში. მომეტებულ ნაწილს ამათგანს, როგორც გვითხრეს, ლაშქარში, ცუდათ ყოფნის დროს, დაუსწავლიათ ქართული წერა-კითხვა და ახლა, რომ არ დაავიწყდეთ, შაურიან წიგნებს ჰყიდულობდნენ“.
ამათ გარდა, გახსნიდან რამდენიმე თვეში, მაღაზიას თფილისელი ქურდებიც სწვევიან, თუმცა წიგნებით დიდი დაინტერესება არ გამოუხატავთ. სამაგიეროდ, იქ მყოფი ზაქარია ჭიჭინაძისთვის პალტო და სამი მანეთი წაურთმევიათ…
სხვათა შორის, ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, თავდაპირველად, მაღაზიაში საქმიანობას თავად აწარმოებდა, გრიგოლ ჩარკვიანი კი სხვაგან მსახურობდა – „ის მუდამ დღე მოდიოდა მაღაზიაში ჩვენ სადილიც ერთად გვქონდა“. თუმცა მაღაზიის გახსნიდან ერთი წლის შემდეგ, მათი გზები გაყოფილა:
„უმორჩილესად ვსთხოვ ყველა იმ პირებს, რომლებსაც კი უფალ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიიდამ ნისიათ, ანუ კომისიით უეზდის ქალაქებში ანუ სხვაგან წიგნები აქვსთ წაღებული გასასყიდათ, დღეის შემდეგ იმ წიგნების ფული მე გამომიგზავნონ, რადგანაც უფალ ჩარკვიანთან თანამდებობა დავსტოვე და ყველა ის ნისიები, რაც კი ჩემს დროს გავიდა, მე გარდმოვიღე ჩემზე და სამაგიერო უკვე გადაუხადე“, – ასეთი იყო „დროებაში“ გამოქვეყნებული ზაქარია ჭიჭინაძის კერძოობითი განცხადება.
საგულისხმოა, რომ ახალი გამოცემებისა და ახლად მიღებული წიგნების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის გრიგოლ ჩარკვიანი აქტიურად იყენებდა საგაზეთო რეკლამას. მაღაზიის გახსნიდან მოყოლებული, გაზეთ „დროების“ ბოლო გვერდებზე ხშირად ნახავდით ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის სარეკლამო განცხადებებს, მაგალითად:
„დაიბეჭდა და ისყიდება გ. ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ახალი წიგნი: „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, რომანი ლ. არდაზიანისა. გამოცემული ი. მელიქიშვილისა და გ. ჩარკვიანისაგან. ფასი 30 კაპეიკი“.
ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით, გამომცემლებს დამსახურებული საქებარი სიტყვებიც მოუსმენიათ – „ეს რომანი ახალი არ არი ქართულ მწიგნობრობაში, ადრე იყო დაბეჭდილი „ცისკარში“. დიდი მადლობის ღირსნი არიან გამომცემელნი, რომ მონახეს და ამოაჩინეს ეს მარგალიტი ქართულ მწერლობისა“.
თუმცა ეს არ ყოფილა იშვიათი შემთხვევა, როდესაც ქალაქში „ჩარკვიანის მაღაზიის“ წიგნებს აქებდნენ, რადგან, როგორც წესი, ჩარკვიანისეული გამოცემები „ლამაზად, შნოიანად დაბეჭდილი წიგნები“ იყო, რომელთაც არცთუ დიდი ფასი ედო.
როგორც ჩანს, გრიგოლ ჩარკვიანმა საგამომცემლო საქმე იმდენად კარგად ააწყო, რომ მაღაზიის გახსნიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, გაზეთი „დროება“ უკვე მის სამომავლო გეგმებზე წერდა:
„გრიგოლ ჩარკვიანის და ამხანაგობის ქართული წიგნის მაღაზია ამ მოკლე ხანში სტამბის გახსნას აპირებს, რომლისთვისაც ასოები, დაზგა და სახლი უკვე მზადა აქვს; მაშასადამე საქმე მხოლოდ მმართველობის ნება-რთვაზე ყოფილა დამოკიდებული.
ამ სტამბას, როგორც გვითხრეს, თითქმის მარტო ქართულის წიგნების გამოსაცემად აფუძნებს ზემოხსენებული მაღაზია, რომ ამითი უფრო იაფად დაიჯინოს თავის საკუთარი გამოცემანი და ხალხსაც უფრო იაფად მიჰყიდოს.
კარგი მიზანია, თუ კი ღმერთმა ჰქნა და მარტო მაღაზიის საკუთარის და ზოგიერთა სხვების ქართულ გამოცემებით გასძლო ამ სტამბამ“.
„დროების“ კეთილი სურვილები გრიგოლ ჩარკვიანს კეთილად აუხდა, სტამბამ მართლაც დიდხანს იარსება, წიგნის მაღაზიის გახსნიდან ათი წლის შემდეგ კი, 1888 წელს, უკვე „ივერია“ იუწყებოდა:
„ათი წელიწადი სრულდება მას აქეთ, რაც ტფილისში პირველი მაღაზია დაარსდა ქართულის წიგნებისა ბატონ გრიგოლ ჩარკვიანის მიერ. პირველ წელიწადს ამ მაღაზიის დაარსებისას, ყველა ქართული წიგნები ღირებულა სულ 32 მანეთი, სამს წელიწადს შემდეგ უმატნია ქართულ წიგნების რიცხვს და სულ 60-70 მანეთის წიგნი ყოფილა. დღეს, ათის წლის არსებობის შემდეგ, ფასი ყველა ქართულის წიგნებისა არის 120 მანეთი“.
მთელი ამ დროის განმავლობაში, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი, პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქართული წიგნის მაღაზიის პატრონი თფილისში, აქტიურად მონაწილეობდა კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და გამოსცემდა და გამოსცემდა წიგნებს, რომლებიც თფილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც: თელავში, ქუთაისსა და ბათუმში იყიდებოდა.
და მართალია, რთულად, ან სულაც არასდროს მოხდება, რომ გაზაფხული ერთმა მერცხალმა მოიყვანოს, მაგრამ გრიგოლ ჩარკვიანის „ქართული წიგნის მაღაზია“ ახერხებდა, რომ წლების განმავლობაში ცნობილი ქართველი მწერლების, საზოგადო მოღვაწეების და რიგითი მკითხველების თავშეყრის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო, თფილისის ერთგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
დასასრულ, გთავაზობთ ერთ საკამათო ამბავს იმ გაუგებრობის შესახებ, რაც პირველ ქართველ გრავიორ-ქსილოგრაფ – გრიგოლ ტატიშვილსა და „ყველანაირი ქართული წიგნების მაღაზიის“ დამფუძნებელ, გამომცემელ – გრიგოლ ჩარკვიანს შორის მომხდარა. მათი საჯარო კამათის შესახებ ცნობები გაზეთმა „ივერიამ“ შემოგვინახა.
1888 წლის 8 ივნისს გრიგოლ ტატიშვილმა გაზეთის რედაქტორს მიმართა წერილით, რომელშიც წერდა:
„ბატონო რედაქტორო, შარშან გამოვაცხადე საყოველთაოდ გაზეთ „დროებაში“, რომ ჩემ მიერ ამოჭრილს, მორთულს, თუ სადა ქართულს ასოებს, ჩემს დაუკითხავად, ნურავინ ნუ გადიღებთ მეთქი და ვგონებ ამის ნება მქონდა კიდეც.
მაგრამ დღეს ვხედავ, რომ ჩემის განცხადებისათვის ყურადღება არ მიუქცევიათ. განა შეიძლება, რომ მე მოვიგონო ასოს მორთულობა, ვიშრომო მის ამოჭრისათვის და მერე სხვამ ისარგებლოს ჩემის ნაშრომითა.
სწორედ ასე მოქცეულა ქართულის წიგნის მაღაზიის პატრონი ბატონი გრიგოლ ჩარკვიანი, რომელსაც აუღია და ჩემ-მიერ ნაკეთი ასოები აფიშებში ჩაურთავს.
ამისათვის განმეორებით ვაცხადებ, რომ ჩემის ასოების მსგავსი არავინ დაჰხატოს და არ ამოაჭრევინოს სხვას. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქმნები მივმართო სასამართლოს, ან და სულ ხელი ავიღო ამ ხელობისაგან, რადგან არავითარს სარგებლობას არ მაძლევს, რა-კი ასე მეპყრობიან“.
ტატიშვილის საპასუხოდ კი, 11 ივნისის „ივერიაში“, უკვე გრიგოლ ჩარკვიანი იმართლებდა თავს:
„ბატონო რედაქტორო! „ივერიის“ #121-ში ბატონი ტატიშვილი თქვენდამი მოწერილ წერილში მიჩივის, ვითომც მე მისი ამოჭრილი ასოები ჩამერთოს მის დაუკითხავად აფიშებში.
მე არ ვიცი რომელ ასოებზედ სჩივის ბატონი ტატიშვილი, რადგანაც ჩემთვის არა უთქვას-რა და თუ თავისაგან გამოგონილ და ამოჭრილ ასოებზედ ბრძანებს, ისინი მაგისგანვე მიყიდნია და თუ სხვისაგან ამოჭრილზე სჩივის, ისინი სრულიადაც არ მიემგზავსება მაგის გამოგონილ ასოებს და ძალიანაც განსხვავდება ბატონ ტატიშვილის ამოჭრილ ასოებისაგან.
მე მიკვირს სწორედ რა ნაირად ჩემულობს ბატონი ტატიშვილი, რომ ჩემი ამოჭრილიაო? ბევრი ლაპარაკი საჭირო არ არის: ვაჩვენოთ, ბატონო, ის აფიშის ასოები ორს, ან სამს კაცს და თუ ისინი იტყვიან, რომ ეს ასოები ერთ-ნაირია ბატონ ტატიშვილის ამოჭრილ ასოებთან, მაშინ ჩვენ ვიქმნებით ნამდვილად დამნაშავეც და პასუხის-მგებელიც ბატონ ტატიშვილის წინაშე.
ამ ნაირად ადვილად და მალეც გადასწყდება საქმე; თორემ მუქარით, რომ ან უნდა ვიჩივლო, ან სულ თავი დავანებო ჩემს ხელობასაო, ვგონებ, ვერავის შეაშინებს ბატონი ტატიშვილი“.
უცნობია, როგორ დასრულდა ეს დაპირისპირება, თუმცა ვიცით, რომ უკვე 1888 წელს, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში გრიგოლ ტატიშვილის მიერ შედგენილი წიგნი „კანვაზედ საკერი ქართული ანბანი“ იყიდებოდა…
1 – „ქართული მწიგნობრობის ისტორიიდამ“, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი“, აღწერილი და გადმოცემული ზ. ჭიჭინაძისგან, თბილისი, სტამბა დავ. პიტნავასი, 1919 წ.
2 – თედო სახოკია, „ჩემი საუკუნის ადამიანები“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2021 წ.