ესპანეთის მინისტრები გუშინ შეთანხმდნენ, რომ ლეგალური სამუშაო კვირა, ხელფასის ცვლილების გარეშე, 37,5 საათამდე შეამცირონ. ეს გადაწყვეტილება კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, მიუხედავად დამსაქმებელთა ასოციაციების წინააღმდეგობისა.
ყოველკვირეულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა სამუშაო საათების შემცირება, არსებული 40 საათიდან 37,5 საათამდე, შრომის მინისტრ იოლანდა დიასის მიერ შემუშავებული აღმასრულებელი ბრძანებულებით დაამტკიცა. შეგახსენებთ, დიასი ულტრამემარცხენე პარტია Sumar-ის ხელმძღვანელია.
“ეს წინადადება მიზნად ისახავს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სამუშაო საათების შემცირებას და პროდუქტიულობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდას”, – განუცხადა დიასმა ჟურნალისტებს.
გადაწყვეტილება ძალაში შესასვლელად პარლამენტის მიერ დამტკიცებას საჭიროებს, სადაც მემარცხენე-ცენტრისტულ მთავრობას, რომელსაც სოციალისტი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს, მკაფიო უმრავლესობა არ აქვს. კანონების მისაღებად მან რამდენიმე პატარა პარტიის მოთხოვნები უნდა დააბალანსოს.
დიასმა, რომელიც ასევე არის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 2025 წლის ბოლომდე სამუშაო საათების შემცირება მისი პარტიის მიერ სანჩესის მთავრობის მხარდაჭერის მთავარ პირობად აქცია. თუმცა მემარჯვენე-ცენტრისტულმა კატალონიურმა პარტიამ Junts ამ წინადადებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა უკვე გამოთქვა.
დამსაქმებელთა მთავარი ლობი, ესპანეთის ბიზნესორგანიზაციების კონფედერაცია (CEOE), ასევე აკრიტიკებს წინადადებას და ამტკიცებს, რომ მოკლე სამუშაო კვირა ესპანური კომპანიებისთვის ხარჯებს გაზრდის და მათ კონკურენტუნარიანობას შეამცირებს.
დიასი წინააღმდეგობას ეკონომიკის მინისტრისგან, კარლოს კუერპოსგანაც გადააწყდა. კუერპომ მას რეფორმის ერთი წლით გადადება შესთავაზა, რათა მცირე ბიზნესმა ცვლილებასთან ადაპტაცია შედარებით მსუბუქად შეძლოს. თუმცა კაბინეტის გადაწყვეტილების შემდეგ, კუერპომ პოზიცია შეარბილა და განაცხადა, რომ ბიზნესს შეუძლია ცვლილებასთან ადაპტაცია ესპანეთის ძლიერი ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის შემცირებისა და 16 წლის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონის წყალობით.