წელს UEFA ევროპის რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატს გამართავს, რომელიც 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება. EURO 2024-ის მასპინძელი ქვეყანა გერმანიაა, სადაც ჩემპიონატის ფარგლებში, 10 ქალაქი მთლიანობაში 51 მატჩს უმასპინძლებს. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორის, ტურნირის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.
EURO 2024-ის მონაწილე 24 ეროვნული ნაკრების მოთამაშეების საერთო ღირებულება, Transfermarkt-ის დათვლებით, 11.6 მილიარდ ევროს შეადგენს. ტურნირზე ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ინგლისს ჰყავს, რომლის ფასი 1.52 მილიარდი ევროა. ყველაზე დაბალი ღირებულების გუნდით კი რუმინეთია წარმოდგენილი, რომლის ფასი 92.13 მილიონ ევროს უტოლდება.
24 ქვეყანას შორის ფეხბურთელების საერთო ღირებულებით საქართველოს ნაკრები მე-20 ადგილზეა. ჩვენი ქვეყნის გუნდის საბაზრო ღირებულება €161.15 მილიონადაა შეფასებული. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, რომლის განაცხადში 26 ფეხბურთელია, სიაში, უკვე ნახსენებ რუმინეთთან ერთად, ალბანეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის გუნდებს უსწრებს.
რაც შეეხება EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელს, ამ სტატუსს ორი მოთამაშე ინაწილებს: საფრანგეთის ნაკრების წევრი კილიან მბაპე და ინგლისის ნაკრების წევრი ჯუდ ბელინგემი. Transfermarkt-ზე ორივე მათგანის საბაზრო ღირებულებად 180 მილიონი ევროა მითითებული.
EURO 2024-ის ტოპ-10 ძვირად ღირებული ნაკრები
- ინგლისი – €1.52 მილიარდი (26 ფეხბურთელი)
- საფრანგეთი – €1.23 მილიარდი (25 ფეხბურთელი)
- პორტუგალია – €1.05 მილიარდი (26 ფეხბურთელი)
- ესპანეთი – €965.5 მილიონი (26 ფეხბურთელი)
- გერმანია – €851 მილიონი (26 ფეხბურთელი)
- ნიდერლანდები – €845 მილიონი (26 ფეხბურთელი)
- იტალია – €705.5 მილიონი (26 ფეხბურთელი)
- ბელგია – €584.5 მილიონი (25 ფეხბურთელი)
- დანია – €415.5 მილიონი (26 ფეხბურთელი)
- უკრაინა – €379 მილიონი (26 ფეხბურთელი)
(მონაცემები განახლდა საბოლოო განაცხადების წარდგენის შემდეგ)