14 ივნისს გერმანიაში UEFA-ს მიერ ორგანიზებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 14 ივლისამდე გაგრძელდება. EURO 2024-ში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, რომელთა შორის, ტურნირის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს. ჩვენი ქვეყნის გუნდი პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი ჩეხეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება, შესაბამისად, 22 და 26 ივნისს.
UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა EURO 2024-ის საპრიზო სისტემა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა. ორგანიზაციამ საერთო ჯამში 331 მილიონი ევრო გამოყო, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება:
- ტურნირში მონაწილეობა: €9.25 მილიონი
- მატჩის ბონუსი: €1 მილიონი მოგებისთვის და €500 000 ფრისთვის
- 1/16-ფინალში გასვლა: €1.5 მილიონი
- მეოთხედფინალში გასვლა: €2.5 მილიონი
- ნახევარფინალში გასვლა: €4 მილიონი
- მეორე ადგილი: €5 მილიონი
- ტურნირის გამარჯვებული: €8 მილიონი
მაქსიმალური თანხა, რაც ჩემპიონმა გუნდმა ჯგუფში სამივე მატჩის მოგების შემთხვევაში შეიძლება გამოიმუშაოს, 28.25 მილიონი ევროა.