ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს:

კონკრეტული ბიზნეს სექტორების განვითარების მიმართულებით „კოვიდ 19“-ის გავრცელება, რომელიც ასოცირებულია გრძელვადიან ურთულეს გამოწვევებთან, როგორც ეკონომიკაში, ასევე ჯანდაცვაში, აუცილებლად შეცვლის მსოფლიოში პოლიტიკური და ეკონომიკური თამაშის წესებს.

წამყვანი სახელმწიფოების განცხადებების შესაბამისად, შესაძლოა გაჩნდეს ევროატლანტიკურ-ჩინური კრიზისი, რომელშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აშშ-ს და ევროკავშირის პოლიტიკური მიდგომები. ეკონომიკური კრიზისი, რომელიც პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს ემუქრება, ჩვენი ვარაუდით 2-3 წელს გაგრძელდება და წარმოქმნის როგორც ახალ გამოწვევებს, ასევე – შესაძლებლობებს.

შესაბამისად, „კოვიდ 19“-ის ერთ-ერთ რეალობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა უკვე დაიწყეს მზადება ჩინეთიდან წარმოებების გადმოტანის მიმართულებით. წარმოებების ე.წ. მიგრაციის პროცესი იქნება რთული და გრძელვადიანი.

ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით, 2020-21 წლები იქნება ურთულესი პერიოდი ბიზნესის განვითარებისთვის და საქართველოს მთავრობას და ქართულ კომპანიებს მოუწევთ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევა, რომ ახალ ეკონომიკურ პროცესებში ვიყოთ ჩართულები.

მთავრობას ვთავაზობთ 3 მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში ჩართულობისთვის. ასევე, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებას და ახალი საინვესტიციო პაკეტების წარდგენას:

 ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
 აშშ-სთან
 ჩინეთთან
 რეგიონის ქვეყნებთან (მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან)

მთავრობის ეფექტური მოქმედებისთვის პირველ რიგში, ვფიქრობთ საჭიროა ჩამოყალიბდეს „ბიზნესის განვითარების საბჭო“ (Business Development Council), რომელიც დაკომპლექტდება მხოლოდ ლიმიტირებული წევრებით:

 პრემიერ-მინისტრი,
 ინფრასტრუქტურის მინისტრი;
 ეკონომიკის მინისტრი;
 ფინანსთა მინისტრი;
 სოფლის მეურნეობის მინისტრი;
 საგარეო საქმეთა მინისტრი;
 ჯანდაცვის მინისტრი;
 ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი;
 ბიზნესომბუცმენი;
 სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც მთავრობის გუნდთან თანამშრომლობასთან ერთად, მონიტორინგის მისიას გაწევენ საბჭოში.

სრული მონიტორინგის და კოორდინაციის განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით „ბიზნესის განვითარების საბჭო“-ს უნდა დაექვემდებაროს „კოვიდ 19“-ის ფონდი, სადაც თავს მოიყრის ყველა ფინანსური დახმარება, მიღებული როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, ასევე ევროკავშირიდან, სხვა დონორებიდან და ადგილობრივი ბიზნესიდან.

ასევე მნიშვნელოვანია, მთავრობამ განიხილოს შესალებლობა, რომ ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერისათვის დონორებიდან მიღებული მიზნობრივი გრანტები ჩაირიცხოს „კოვიდ 19“-ის ფონდში. რაც შეეხება აღნიშნული თანხების ხარჯვით პროცესს, უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე ბიზნეს საზოგადოებისთვის. ჩვენი აზრით, თანხების განკარგვასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „ბიზნესის განვითარების საბჭომ“.

აღნიშნულ საბჭოს, სამუშაო გეგმა ზუსტად უნდა ჰქონდეს შემუშავებული დროისა და გამოწვევების შესაბამისად. ჩვენი შეთავაზება მთავრობისთვის გულისხმობს საწყის ეტაპზე ძირითადი აქცენტების გაკეთებას როგორც უცხოური კომპანიების მოზიდვის, ასევე ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერის მიმართულებით სამ სექტორში, კერძოდ:

 ფარმაცევტული;
 საფეიქრო-სამკერვალო;
 სასათბურე მეურნეობები.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ხედვის შესაბამისად, აღნიშნულ სექტორებს შესაძლოა დაემატოს ახალი მიმართულებები. მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია ზემოხსენებულ სამივე სექტორში ორი თვის ვადაში განხორციელდეს:
 საქართველოში არსებული საწარმოების/მეურნეობების სრული ინვენტარიზაცია;
 საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად მოხდეს მათი შრომითი რესურსების და საწარმოო შესაძლებლობების ზუსტი მონაცემების მომზადება;
 სამივე სექტორის წარმომადგენლებთან ცალკე ფორმატით მოხდეს მრგვალი მაგიდის ან ონლაინ ფორმატში განხილვა/დისკუსიები (მინიმუმ სამი განხილვა-მოსმენა), სანამ არ შემუშავდება კონკრეტული დარგის განვითარების გეგმა, დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით;
 აღნიშნული განხილვების შემდგომ, მომზადდეს კონკრეტული საინვესტიციო პროექტები შემდეგი მიმართულებებით:
 მოქმედი კომპანიების წარმოების გაფართოება და გადაიარაღება;
 უცხოელ პარტნიორებთან ახალი ერთობლივი საწარმოების დაფუძნება;
 უცხოური შვილობილი კომპანიების დაარსება საქართველოში;
 განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს საქართველოში არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება გავზარდოთ უცხოელი პარტნიორების ინტერესი;
 სექტორების შესაბამისად საჭირო მომსახურე პერსონალის პროფესიული გადამზადება.
 თავისთავად, საინვესტიციო პროექტების შედგენისას მითითებული იქნება საქართველოში საქმიანობის დაწყების უპირატესობები:
 პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები;
 შედარებით იაფი მუშახელი;
 ქვეყნის წამყვანი პოზიციები სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში;
 ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევის შესაძლებლობა;
 სახელმწიფო მხარდაჭერის სხვა მექანიზმები

ფარმაცევტული სექტორი
არსებულმა ვითარებამ ნათლად აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით ფარმაცევტულ სექტორს აქვს უდიდესი გამოწვევა, მათ შორის ისეთ ქვეყნებსაც კი, რომლებიც არიან დომინანტები და მნიშვნელოვანი წილი უკავიათ ფარმაცევტულ წარმოებაში. შესაბამისად, „ბიზნესის განვითარების საბჭომ“ უნდა გაითვალისწინოს სექტორის განვითარების
მნიშვნელობა და უახლოეს პერიოდში მოამზადოს მხარდაჭერის პაკეტი, რაც საშუალებას მისცემს ფარმაცევტულ წარმოებას, ამ გლობალურ პროცესში მცირე, მაგრამ  მნიშვნელოვანი სეგმენტი დაიკავოს.

ფარმაცევტული სექტორის ზემოხსენებული ინვენტარიზაციის ფარგლებში, საჭიროა ჩატარდეს სრული აღნუსხვა არსებული ტექნოლოგიების, ფარმაცევტული წარმოების შესაძლებლობების მიხედვით. შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, უნდა დაიგეგმოს „ბიზნესის განვითარების საბჭოს“ შეხვედრა არსებული ფარმაცევტული სექტორის ყველა წარმომადგენელთან, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციასთან და მათი აზრის გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს სამოქმედო გეგმა, თუ რა სახის ფარმაცევტული წარმოების შეთავაზება შეიძლება უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ამ სექტორში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით GMP-ის სტანდარტთან შესაბამისობის ეტაპობრივი გეგმის (roadmap) უახლოეს მომავალში შემუშავებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა. საგულისხმოა, რომ 2022 წლის სავალდებულო სტანდარტიზაცია და სტანდარტის დაკმაყოფილების ეტაპობრივი გეგმის არარსებობა, აფერხებს ქართული კომპანიების მიერ 70-მდე მილიონი ლარის, დაგეგმილ ინვესტიციას ახალი, საერთაშორისო სტანდარტის ფარმაცევტულ საწარმოებში.

საფეიქრო-სამკერვალო
საფეიქრო-სამკერვალო სექტორის სწრაფი განვითარების ხელშეწყობისათვის უმნიშვნელოვანესია მოცულობითი შეკვეთების შესრულებისათვის მზაობა, როგორც არსებულ საწარმოთა ძალისხმევის გაერთიანების, ასევე დამატებითი სიმძლავრეების სწრაფად შექმნის მიმართულებებით, რაშიც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს „ბიზნესის განვითარების საბჭოს“ მიერ გაწეულმა საკოორდინაციო საქმიანობამ.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი ემიგრანტი დაბრუნდა საქართველოში, გარდა ამისა, ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო. შესაბამისად, გაჩნდა გარკვეული შრომითი რესურსი, რომლის ნაწილის პროფესიული გადამზადების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ ადამიანების დასაქმება საფეიქრო საწარმოებში. ამ მიმართულებით პროფესიული გადამზადების უზრუნველყოფა შეიძლება განხორციელდეს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის და დონორების მხარდაჭერით.

ამ დარგში საჭიროა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული მონაცემთა ბაზის შექმნა. დღეს არსებული საწარმოების სრული ინვენტარიზაცია და შესაძლებლობების შესწავლა, მოგვცემს საშუალებას ზუსტად ვიცოდეთ საფეიქრო-სამკერვალო სექტორის განვითარების პერსპექტივები.

სექტორმა სასურველია დააკმაყოფილოს, როგორც უცხოური კომპანიების, ასევე სახელმწიფო შეკვეთები.

სასათბურე მეურნეობების განვითარება
სასურველია განსაკუთრებული მნიშვნელობა მივაქციოთ სასათბურე მეურნეობების განვითარებას, ევროპული (მაგალითისათვის ჰოლანდიური) ცონდისა და ტექნოლოგიების მეშვეობით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სწორი და დროული კომუნიკაცია სხვადასხვა დონორებთან დახმარების/პროგრამების გაფართოების თხოვნის თვალსაზრისით.
საჭიროა, რომ სასათბურე მეურნეობების დარგში დაქირავებულ იქნას ჰოლანდიელ ექსპერტთა ჯგუფი, ადგილობრივი მეწარმეფერმებისათვის ტრეინინგებისა და განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რაც მხარდაჭერილი უნდა იყოს შესაბამისი გრანტებით და პროგრამებით. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, პროექტი ყველა წინაპირობის შესაბამისად იქნება წარმატებული.

„ბიზნესის განვითარების საბჭომ“ აუცილებელია პირველ რიგში მოამზადოს ექვსთვიანი ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი საკომუნიკაციო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, აშშ-სთან, ასევე რეგიონისა და აზიის რიგ ქვეყნებთან. ჩვენის აზრით უნდა განხორციელდეს სამი სახის აქტივობა:

1. პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკაცია (სატელეფონო; შეზღუდვების მოხსნის შემდგომ კი შესაბამისი ვიზიტების ფარგლებში) პარტნიორი ქვეყნების კოლეგებთან;
2. ქართული მხარის მიერ წინადადებების პაკეტების ოფიციალური დოკუმენტის შეთავაზება, რომელიც ხელმოწერილი იქნება პრემიერ-მინისტრის მიერ.
3. თითოეულ ქვეყანაში უნდა მოხდეს სექტორების მიხედვით დაახლოებით 5-10 კომპანიასთან/პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაცია. ჩვენი პრიორიტეტის შესაბამისად, პარტნიორ ქვეყნებს შესაძლოა მათთვის საინტერესო სექტორი შევთავაზოთ თანამშრომლობისათვის.

პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ საინვესტიციო პაკეტში, რომელიც წარედგინებათ უცხოელ პარტნიორებს, გათვალისწინებულ უნდა იქნას აღნიშნული სექტორებისთვის სრული მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან, მათ შორის:
 საინვესტიციო ვალდებულებების პირობით შესაბამისი მიწის გადაცემა 1 ლარად 25 წლის ვადით;
 ფინანსებთან ხელმისაწვდომობა (სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა და ა.შ.);
 პროფესიული გადამზადების მხარდაჭერა;
 საგადასახადო შეღავათები;
 ინფრასტრუქტურის ადგილზე მიყვანა.

უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებების პროცესში კი, ვფიქრობთ ერთ-ერთი წინაპირობა გახდეს საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურად შესაძლო დასაქმება. 
ფინანსებთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, გარდა ზემოხსენებული, პრაქტიკულად უკვე არსებული ფორმატებისა, ბიზნესის განვითარების საბჭომ ორი მიმართულებით უნდა დაუჭიროს მხარი აღნიშნული სექტორების განვითარებას, კერძოდ:
1. სახელმწიფო გრანტების გამოყოფა, ასევე დონორებთან აქტიური კონსულტაციებისა და მათი პროგრამების ეფექტური კოორდინაციის მეშვეობით დამატებითი გრანტების თანხების სამივე სექტორზე საჭიროების შესაბამისად გადანაწილება, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ზემოაღნიშნული სექტორების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდგომ.
2. ეროვნული ბანკის მიერ სესხის აღებაზე მინიმუმ 1 წლის განმავლობაში შეზღუდვების მოხსნა, რათა კომერციულმა ბანკებმა თავად გადაწყვიტონ გაცემული თანხის ოდენობა და ვალუტის სახეობა, ასევე მნიშვნელოვანია სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და ზედა ზღვრის დაწესება.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციებით მთავრობის დაინტერესების შემთხვევაში, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო გამოთქვამს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს დოკუნეტის განხილვაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.