ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით €18 მილიარდის გამოყოფას განიხილავს

ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით €18 მილიარდის გამოყოფას განიხილავს

მომავალ წელს ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით €18 მილიარდის გამოყოფას განიხილავს, რაც ქვეყანას გადაუდებელი ფინანსური საჭიროების დაკმაყოფილებაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ პარალელურად, ბლოკის მიერ უკრაინისთვის ოთხი თვის წინ დამტკიცებული დახმარების ქვეყნისთვის მიწოდება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

საკითხთან დაკავშირებული პირების ცნობით, უკრაინისთვის ახალი დაფინანსების წინადადებაზე ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, ევროკომისია მუშაობს. პაკეტი უკრაინის ყოველთვიური საჭიროების სულ მცირე ნახევარს მაინც დაფარავს, რომელიც €3 მილიარდიდან €3.5 მილიარდამდე განისაზღვრება. კომისია გეგმის დამატებით დეტალებს, მათ შორის პაკეტის მოცულობასა და დაფინანსების სისტემას კვლავ განიხილავს. შესაბამისად, ჯერ უცნობია დაფინანსების რა ნაწილი გაიცემა სესხის და რა აუნაზღაურებელი გრანტის სახით.

ომის გაგრძელების ფონზე, დასავლელი მოკავშირეები, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, უკრაინის ეკონომიკის გადარჩენის გზებზე მუშაობენ, ხოლო კიევი დახმარების გაზრდას ითხოვს.

ევროკავშირმა ახალი დაფინანსების შესახებ წინადადება შესაძლოა 18 ოქტომბერს წარადგინოს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თარიღმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრებზე აშშ-სა და სხვა მოკავშირეებთან მიმდინარე დისკუსიების გამო გადაიწიოს. ევროკავშირი და G7-ის წევრი ქვეყნები 25 ოქტომბერს ბერლინში კონფერენციას უმასპინძლებენ, სადაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხი იქნება განხილული.

წყაროთა ცნობით, უკრაინას მომავალ წელს დაახლოებით $38 მილიარდის უცხოური დაფინანსება დასჭირდება, შეერთებული შტატები კი მზადაა ქვეყანას ომის მიმდინარეობისას ყოველთვიურად $1.5 მილიარდი გადასცეს. თუმცა, აშშ-ის ნებისმიერი მსგავსი სამომავლო გადაწყვეტილება კონგრესის თანხმობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ბლოკმა უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდგომ ჯამში, ძირითადად შეღავათიანი სესხების საშუალებით, €19 მილიარდი გამოუყო (არ შეიცავს სამხედრო დახმარებას).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *