ევროკავშირის 100 მილიარდ ევროიანი მექანიზმი უმუშევრობის დასამარცხებლად

ევროკავშირის 100 მილიარდ ევროიანი მექანიზმი უმუშევრობის დასამარცხებლად

კორონავირუსის პანდემიას ევროპის შრომის ბაზარზე უდიდესი გავლენა აქვს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, 2020 წლის მანძილზე ევროპაში დაახლოებით 12 მილიონი სრულ განაკვეთზე დასაქმებული ადამიანი დაკარგავს სამსახურს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ სამასპინძლო ბიზნესი, კვების ობიექტები, წარმოება და რითეილის სექტორია.

საკითხთან გასამკლავებლად ევროკავშირმა შეიმუშავა სქემა, რომელიც უმუშევრობის რისკებთან სასწრაფოდ გამკლავების უზრუნველყოფას გულისხმობს (Support to mitigate Unemployment Risks in an Emergency – SURE). აღნიშნული მექანიზმი ევროპული კომპანიების და დასაქმებულების 540 მლრდ ევროს დახმარების პაკეტის ფარგლებში შეიქმნა. კონკრეტულად SURE მექანიზმისთვის გათვალისწინებულია 100 მილიარდი ევრო, ქვეყნებს აღნიშნული თანხის მოთხოვნის შესაძლებლობა მას შემდეგ მიეცემათ,  რაც ისინი თავიანთ ქვენებში აამოქმედებენ ამ მექანიზმს და დაეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს.

როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში? Euronews–ი ეწვია ერთ–ერთ კომპანიას ჩრდილოეთ იტალიაში. გემა მონტერვერდი მილანთან ახლოს ცხოვრობს. ის ტექსტილის კომპანიაში Ciocca SpA-ში მუშაობს. მას შექმნილი კრიზისის გამო, სამუშაო საათები შეუმცირეს, შესაბამისად ამ თვეში ის თავისი ხელფასის 80%-ს აიღებს.

“ჩემი მეუღლეც ამავე კომპანიაში მუშაობს, გამოდის, ჩვენი ორივეს ხელფასი შემცირდება. ერთ თვეს ავიტანთ ხელფასის კლებას, თუმცა, თუ ორი თვე გაგრძელდება, გაგვიჭირდება. ხოლო თუ დიდხანს გაგრძელდა მოგვიწევს ახალი გეგმის შემუშავება. კომპანია, სადაც ვმუშაობთ, კარგ მგომარეობაშია, თუმცა, ვშიშობ რომ ისინი იძულებული იქნებიან დასაქმებულთა რაოდენობა შეამცირონ“, – ამბობს მონტერვერდი.

აღსანიშნავია, რომ Ciocca SpA-მ წარმოება თითქმის ბოლომდე შეაჩერა, წლიური ბრუნვა კი 35%-ით უკვე შემცირდა. იმისათვის რომ თავიდან აირიდონ კიდევ უფრო მეტი დანაკარგი, კომპანიის პრეზიდენტი მზად არის თანდათან დააბრუნოს თავისი დასაქმებულები სამსახურში.

“ჩვენ დაგვჭირდება ვიპოვოთ გამოსავალი და გზები იმისა, რომლითაც თანამშრომლებს შევინარჩუნებთ. სამუშაო საათების შემცირება კრიზისის პერიოდში მოხდა. ვფიქრობ, ის ხერხი, რომელსაც რომელიმე ერთი ქვეყანა ერთი მხრივ და მეორე მხრივ ევროპული საზოგადოება გამოიყენებს, ასევე უნდა იყოს გამონაკლისი ამ სიტუაციისთვის“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

დასაქმებული იტალიელების თითქმის ნახევარი განიცდის შემოსავლის შემცირებას. კორონავირუსის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, მთავრობამ რვა მილიარდი ევროს მობილიზება მოახდინა დაახლოებით შვიდი მილიონი დასაქმებულისა და, კიდევ ოთხი მილიონი თვითდასაქმებულისთვის.

ჯოვანი სკანდალე თვითდასაქმებული იყო, როგორც ტაქსის მძღოლი, თუმცა, მას ჯერ არ მიუღია კუთვნილი დახმარება. ამას ისიც ემატება, რომ შემცირდა მისი მომხმარებლების რაოდენობა, ვერ იხდის გადასახადებს და ხარჯებს ვერ ფარავს. მთავრობის დახმარების პაკეტის მიხედვით, მან მარტში 600 ევრო, ხოლო აპრილის თვისთვის 800 ევრო უნდა მიიღოს. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი:

“ეს ძალიან მცირეა და ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი გამოგვიწვდის ხელს იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი ხარჯების დაფარვა“, – ამბობს ის.

იტალია ევროპაში რიგით მეორე ყველაზე მეტი ვალის მქონე ქვეყანაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, იტალიაში წელს მშპ-ს 9,1%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი. არასათანადო დახმარების გამო კი, დასაქმებულები კრიზისის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდებიან.

ევროპის სავაჭრო კავშირის კონფედერაციის განცხადებით, რეცესია ევროპის ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს მნიშვნელოვნად დააზარალებს თუ ევროკავშირი გულუხვ დახმარებას არ გამოყოფს:

“ჩვენი აზრით, საჭიროა დამატებით ერთი ტრილიონი ევრო, ეს რომ შესაძლებელი გახდეს და ამის დასაფინანსებლად მხოლოდ ერთადერთი გზა არის ევროპული ბონდები“.

ევროკომისარი დასაქმების საკითხებში, ნიკოლას შმიტი ამბობს, რომ ევროპაში მოსალოდნელი 12 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვის გამო, საჭიროა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეინარჩუნოს სამსახური:

“ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ მოკლევადიანი სამსახურის ინსტრუმენტით ვცდილობთ, რომელსაც სწორედ SURE ინსტრუმენტი ჰქვია, ვიმედოვნებ, რომ მისი მიღება მალევე მოხდება. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ აღდგენისთვის, რაც შეიძება მალევე უნდა აღვადგინეთ ეკონომიკა. ჯანდაცვის კუთხით შექმნილი მდგომარეობის გამო შეზღუდვები კვლავ ძალიან მკაცრია, თუმცა, ცალკეული ქვეყნები უკვე იწყებენ მათ შემსუბუქებას, რათა უმუშევრობაზე ამ ყველაფერს ნაკლები გავლენა ჰქონდეს“.

კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების – იტალიისა და ესპანეთის ისედაც სუსტი ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ტურიზმის სექტორზე, რაზეც პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ამ საკითხზე ევროკომისარი შმიტი ამბობს, რომ რთულია ვითარების გაანალიზება ბლოკში, ვინაიდან ქვეყნები ერთნაირად არ დაზარალებულან.

“როდესაც ვუყურებთ ზოგიერთ ქვეყანას, რომლის ეკონომიკის 10–ზე მეტი პროცენტი სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული და ზოგ შემთხვევაში 20%-იც, როგორც მაგალითად საბერძნეთში, შექმნილი ვითარება ნამდვილად რთულია. ამიტომაც პირველ რიგში გვჭირდება ამ ქვეყნების დახმარება, რათა მათ რაც შეიძლება მეტი კომპანია შეინარჩუნონ ტურიზმის და მასთან დაკავშირებულ ბიზნესში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ევროპაში სოლიდარობა უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ევროკომისარმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *