უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ ვეტოს მოხსნისთანავე, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის €50-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცეს. გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართული რიგგარეშე სამიტის დასაწყისშივე იქნა მიღებული, სადაც განხილვის მთავარი თემა სწორედ უკრაინის დაფინანსება იყო.
„27-ვე ლიდერი შეთანხმდა, ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში, უკრაინისთვის დამატებით €50 მილიარდის დახმარების გამოყოფაზე“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და დასძინა, რომ ევროკავშირი საკუთარ ხელში იღებს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად.
მიუხედავად ომში მყოფი ქვეყის არაერთგზის თხოვნისა, ხუთშაბათ დილამდე, კიევისთვის ახალი დაფინანსების გადაცემას ცალმხრივად ბლოკავდა უნგრეთის პრემიერი ორბანი. უკრაინას, 2024 წელს, ეკონომიკის მუშაობისა და ისეთი აუცილებელი სერვისების შესანარჩუნებლად, როგორიც ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა და პენსიებია, დასავლეთისგან €34.45 მილიარდის დახმარება სჭირდება.
სიტუაცია უკრაინისთვის განსაკუთრებით დეკემბერში გართულდა, როდესაც უნგრეთმა ქვეყნისთვის დახმარების გაცემის პროცესი დაბლოკა. დაფინანსების დამტკიცება ბლოკისგან ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს. ამას კი აშშ-ში რესპუბლიკელების წინააღმდეგობაც დაერთო, რამაც ომში მყოფი ქვეყნისთვის დახმარების გადაცემა შეაფერხა.