ფოტო: Reuters
მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის წამყვანი ჩინური კომპანია DeepSeek-ი საკუთარი AI-ჩიპის შექმნაზე მუშაობს. როგორც ჩანს, მას ამ გზით ამერიკულ Nvidia-სა და ჩინურ Huawei-ზე დამოკიდებულების შემცირება სურს.
AI-ჩიპებს ძირითადად ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად იყენებენ. თუმცა, საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, ჩიპი, რომლის შექმნაზეც DeepSeek-ი მუშაობს, მომხმარებლებისათვის პასუხების დაბრუნებაზე იქნება პასუხისმგებელი.
საკუთარი ჩიპის ტექნოლოგიის წარმატებით შექმნის შემთხვევაში, DeepSeek-ი ბიზნესის გაფართოებას და ნახევარგამტარების ბაზარზე შესვლასაც შეძლებს. შედეგად, ის ადგილობრივ ბაზარზე Huawei-ს კონკურენციას გაუწევს.
შეგახსენებთ, DeepSeek-ის პოპულარობის ზრდა გასულ წელს კომპანიის მიერ ისეთი მოდელის წარდგენამ განაპირობა, რომელიც წვრთნისთვის Nvidia-ს მოძველებულ და ბიუჯეტურ ჩიპებს იყენებდა.
DeepSeek-ის მხრიდან ჩიპების ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება კომპანიის მიერ გარე კაპიტალის მოზიდვის პირველი მცდელობაა. Reuters-ის მიერ გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია საინვესტიციო რაუნდში $7 მილიარდის მოზიდვას ცდილობდა, რითაც მისი ღირებულება $52-59 მილიარდის ფარგლებში შეფასდა. ამ გადაწყვეტილებით, DeepSeek-მა გარე ინვესტიციებზე უარის თქმის მრავალწლიანი სტრატეგია შეცვალა.
ამჟამად ჩინეთის ბაზარზე ნახევარგამტარების ინდუსტრიაში Huawei დომინირებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოდელები Nvidia-ს ტექნოლოგიას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, ამ უკანასკნელის ჩინეთში ექსპორტირების აკრძალვა Huawei-ს ადგილობრივ $50-მილიარდიან ბაზარზე საკუთარი პოზიციების განმტკიცებაში დაეხმარა.
ამ დროისთვის Huawei აღნიშნული ბაზრის ნახევარს აკონტროლებს და DeepSeek-ის მთავარი მომწოდებელია. თუმცა Huawei-ს დომინაცია შესაძლოა მალე დასრულდეს, რადგან ჩინური კომპანიები – Alibaba და Baidu – საკუთარი ჩიპების შექმნაზე ასევე მუშაობენ.















