ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯგუფმა, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტის გამო გააკრიტიკა. მათი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებიდან ორ დღეში, ორბანის საქართველოში ვიზიტი „ნაადრევი“ იყო.
ერთობლივი განცხადება 28 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფი გმობს „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა სახის დარღვევას“ და აღნიშნულია, რომ ბ-ნი ორბანი, ბლოკის დამოკიდებულებას არ წარმოადგენს. წერილს ხელს 13 ქვეყნის – მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ნიდერლანდების – პრემიერები აწერენ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, უნგრეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. პრემიერი ორბანი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა. ამასთან ერთად ორბანმა პლატფორმა X-ზე პოსტიც განათავსა: „საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული ქვეყანაა და ნაცვლად უსარგებლო ლექციებისა, მას ევროპულ გზაზე მხარდაჭერა სჭირდება“.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოცემა Bloomberg-ი პრემიერი ორბანის ბოლოდროინდელ საერთაშორისო ვიზიტებსაც ეხმაურება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ორბანის შეხვედრებმა, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან, სი ძინპინთან და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ევროკავშირის ლიდერების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც ხაზგასმით თქვეს, რომ ის არ წარმოადგენს ბლოკს მოლაპარაკებებში ისეთ საკითხებზე, მაგალითად როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერი ორბანი საქართველოს გუშინ, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია. აეროპორტში მას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საქართველოში უნგრეთის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ვიდეო გაავრცელა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. სიიარტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას კიდევ ერთხელ მიესალმა და ევროკავშირის „ლიბერალური მეინსტრიმი“ საქართველოს თავდასხმაში დაადანაშაულა, იმ პოლიტიკისა და არჩევნების შედეგების გამო, რომელიც მათ არ მოსწონთ.
„ბრიუსელი განსხვავებულ შედეგს ელოდა“, – განაცხადა სიიარტომ. „ის ლიბერალური პარტიების გამარჯვებას უჭერდა მხარს. იმ პარტიების, რომლებიც ნაკლებად ამახვილებდნენ ყურადღებას მშვიდობის, ოჯახებისა და სუვერენიტეტის პოლიტიკაზე“.