ევროპარლამენტმა თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენება აუკრძალა

ევროპარლამენტმა თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენება აუკრძალა

უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტის თანამშრომლებს საკუთარ მობილურ ტელეფონებში ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, აკრძალვა სხვა კერძო მოწყობილობებსაც შეეხება, რომელთაც წვდომა პარლამენტის ელექტრონულ ფოსტასა და სხვა ქსელებზე აქვთ. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ცნობისთვის, თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენება ევროსაბჭოსა და ევროკომისიაში უკვე აეკრძალათ. სამსახურებრივი საქმეებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებზე, ჩინური სოციალური ქსელის მოხმარება ევროსაბჭომ თანამშრომლებს გასულ კვირას, მონაცემთა დაცვის მიზნით აუკრძალა.

ByteDance-ის მიერ დაფუძნებულ პლატფორმაზე, ბოლო თვეების განმავლობაში, დასავლეთის ქვეყნების სიფრთხილე განსაკუთრებით გაიზარდა. სახელმწიფოები შიშობენ, რომ TikTok-ის საშუალებით, პეკინმა შესაძლოა, მომხმარებელთა მონაცემებზე ინფორმაციის მიღება შეძლოს.

„ჯაშუშობის რისკის“ გამო, დეპუტატებსა და მთლიანად მომსახურე პერსონალს TikTok-ის საკუთარი მობილური ტელეფონებიდან წაშლა დანიის პარლამენტმაც სთხოვა. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტისა და დანიის პარლამენტის გადაწყვეტილებამდე, თეთრმა სახლმა მის ყველა ფედერალურ სააგენტოს 30 დღის ვადა მისცა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ყველა მოწყობილობიდან TikTok-ის სრულად ამოსაღებად. TikTok-ით სარგებლობა სამთავრობო მოწყობილობებში კანადაშიც აიკრძალა.

აშშ-ის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისმა გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა იმ რისკებთან მიმართებით, რაც შესაძლოა, აპლიკაციის სამთავრობო მონაცემებზე წვდომამ გამოიწვიოს. TikTok-თან დაკავშირებული შეზღუდვები უკვე მოქმედებს აშშ-ის თავდაცვის, შიდა უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დეპარტამენტებში, დანარჩენ ფედერალურ სააგენტოებში კი მომავალი ოცდაათი დღის განმავლობაში ამოქმედდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *