ევროპის 20 საუკეთესო საშობაო ბაზრობა

ევროპის 20 საუკეთესო საშობაო ბაზრობა

ფოტო: revealeurope.com

 

ევროპაში ყოველწლიურად 1,500-ზე მეტი საშობაო ბაზრობა იმართება. დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, ისინი მოგზაურებისთვის ზამთრის სეზონის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა: სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ხელნაკეთი ნივთები და საახალწლო დეკორაციები შეიძინონ, ადგილობრივი კერძები და ცხელი სასმელები დააგემოვნონ და დრო სადღესასწაულო გარემოში გაატარონ.

ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობების 2026 წლის რეიტინგში, რომელიც European Best Destinations-ის პლატფორმაზე მოგზაურების ხმების საფუძველზეა შედგენილი, პირველი ადგილი რუმინეთის ქალაქმა კრაიოვამ დაიკავა. სია 800,000-ზე მეტი ადამიანის შეფასების საფუძველზე შეადგინეს და მასში, საერთო ჯამში, ევროპის 20 საშობაო ბაზრობა მოხვდა.

რეიტინგის პირველი სამეული

1. კრაიოვა, რუმინეთი

როგორც აღვნიშნეთ, ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობების რეიტინგში პირველი ადგილი კრაიოვის ბაზრობამ დაიკავა. ყოველწლიურად ქალაქში 280 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია სადღესასწაულო სივრცედ გარდაიქმნება. 2026 წლის თემატიკა „მაკნატუნაა“ – სტუმრებს ადგილზე გიგანტური საახალწლო დეკორაციები, სათამაშოების ფორმის სკულპტურები და განათებებით მორთული სივრცეები დახვდებათ.

ბაზრობა ნოემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის დასაწყისამდე იფუნქციონირებს. პროგრამაშია ყინულის მოედანი, ეშმაკის ბორბალი და ტრადიციული, ხელით მოხატული ხის პავილიონები. სტუმრებს ასევე შეეძლებათ აღმოსავლეთ ევროპის სამზარეულოს გაცნობა, მათ შორის, სომხური, ქართული, ბერძნული, ბულგარული და სერბული კერძების დაგემოვნება.

2. ციურიხი, შვეიცარია

ციურიხის ერთ-ერთი მთავარი საშობაო სივრცე Wienachtsdorf-ია, რომელიც ოპერის თეატრსა და ციურიხის ტბას შორის, Sechseläutenplatz-ზე მდებარეობს. ხის პავილიონები, განათებები და დიდი საახალწლო ნაძვის ხე აქ ტრადიციულ ალპურ ატმოსფეროს ქალაქურ გარემოსთან აერთიანებს.

ქალაქში სხვა საშობაო ბაზრობებიც იმართება. მათ შორისაა Weihnachtsallee, რომელიც მთავარ რკინიგზის სადგურთან ეწყობა და საერთაშორისო სამზარეულოს, ხელნაკეთ ნივთებსა და ფონდიუს სთავაზობს. საშობაო სეზონის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა შვეიცარიის ეროვნული მუზეუმის ეზოში მოწყობილი ილუმინარიუმი, სადაც განათება, მუსიკა და მულტიმედია ინსტალაციები სადღესასწაულო სანახაობას ქმნის.

3. რიგა, ლატვია

ლატვიის დედაქალაქში მთავარი საშობაო ბაზრობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძველ ქალაქში, დომას მოედანზე იმართება. ხის პავილიონებში ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები, თბილი ნაქსოვი სამოსი და ტრადიციული ტკბილეული იყიდება.

ნოემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე მოედანი ცხელი ღვინის, მოხალული ნუშისა და დარიჩინის სურნელით ივსება. სადღესასწაულო განწყობას გუნდები და ფოლკლორული წარმოდგენები ქმნის. განათებებითა და ინსტალაციებით მორთული პარკები, მოედნები და არხები კი ქალაქის სხვა ნაწილებშიც ზამთრის ზღაპრის ატმოსფეროს აჩენს.

ევროპის 20 საუკეთესო საშობაო ბაზრობა

1. კრაიოვა, რუმინეთი
2. ციურიხი, შვეიცარია
3. რიგა, ლატვია
4. ლისაბონი, პორტუგალია
5. დებრეცენი, უნგრეთი
6. გოვონე და ასტი, იტალია
7. ვალკენბურგი, ნიდერლანდები
8. ვენა, ავსტრია
9. მონბელიარი, საფრანგეთი
10. პარიზი, საფრანგეთი
11. ედინბურგი, შოტლანდია
12. მადრიდი, ესპანეთი
13. უინჩესტერი, ინგლისი
14. პრაღა, ჩეხეთი
15. ბრიუგე, ბელგია
16. დრეზდენი, გერმანია
17. ნიურნბერგი, გერმანია
18. რავენის ხეობა, გერმანია
19. ფრანკფურტი, გერმანია
20. კიოლნი, გერმანია

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი