ევროპის საუკეთესო ქვეყნები პენსიაზე გასასვლელად

ევროპის საუკეთესო ქვეყნები პენსიაზე გასასვლელად

Moving to Spain-მა პენსიაზე გასვლისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნები გამოავლინა. კომპანიამ რეიტინგი რამდენიმე ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით შეადგინა, ესენია: მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ცხოვრების ღირებულება, საცხოვრებელი ფასები, ვიზები, უსაფრთხოება, პლაჟები და ჯანდაცვა.

2023 წლის მონაცემებით, პენსიაზე გასვლისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყანა პორტუგალია აღმოჩნდა — ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანა ევროპაში, ცხოვრების დაბალი ღირებულებიდან გამომდინარე. SmartAsset-ის თანახმად, საშუალოდ, ცხოვრების ღირებულება (ქირის გამოკლებით) ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით, პორტუგალიაში თითქმის 29%-ით დაბალია.

Moving to Spain-ის 10-სკალიან ინდექსში, პორტუგალიამ 7.83 ქულის მოპოვება შეძლო. პორტუგალია ცნობილია თავისი ღვინითა და პორტებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, 22.6%-ს კი, 65 წლის და ზემოთ ასაკის პირები შეადგენენ. აღსანიშნავია, რომ ზოგადად, ევროპის ქვეყნებში, 65 და მეტი ასაკის მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა საშუალოდ, 19.28%-ია.

რეიტინგის მეორე ადგილს, იტალიასთან ერთად, ესპანეთი ინაწილებს, თანაბარი – 7.31 ქულით. საშუალოდ, ესპანეთში ცხოვრების ღირებულება (ქირის გამოკლებით) აშშ-ისთან შედარებით 34%-ით უფრო დაბალია, გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობას წვდომა აქვს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაზე. სიცოცხლის ხანგრძლივობით, ესპანეთი, შვეიცარიის შემდეგ, ევროპაში მეორეა. ქვეყანა განსაკუთრებით დიდი პოპულარობით ბრიტანელ და ამერიკელ პენსიონერებში სარგებლობს. ესპანეთის ქალაქი ბარსელონა კი, ყველაზე ბედნიერი დასვენებისთვის, 2023 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებად დასახელდა.

რაც შეეხება ასევე მეორეადგილოსან იტალიას, აღნიშნული ქვეყანაც ევროპაში სიცოცხლის ხანგრძლივობით ერთ-ერთი პირველია – 2021 წლის მონაცემებით, საშუალოდ 83 წელი. გარდა ამისა, იტალიაში 65 წელზე მეტი ასაკის პირების პროცენტული რაოდენობა (23.7%) უფრო მაღალია, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ქვეყანაში ცხოვრების საერთო ღირებულება (ქირის გამოკლებით) აშშ-ზე 14.7%-ით დაბალია, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იტალიის ჯანდაცვის სისტემას, მსოფლიოში მეორე საუკეთესოდ ასახელებს.

პენსიაზე გასასვლელად ევროპის საუკეთესო ქვეყნების ათეული:

  1. პორტუგალია – 7.83 ქულა
  2. ესპანეთი – 7.31 ქულა
  3. იტალია – 7.31 ქულა
  4. საბერძნეთი – 6.7 ქულა
  5. ბულგარეთი – 6.39 ქულა
  6. საფრანგეთი – 5.53 ქულა
  7. სლოვენია – 5.36 ქულა
  8. ხორვატია – 5.35 ქულა
  9. მალტა – 5.35 ქულა
  10. ირლანდია – 5.15 ქულა
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *