ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ამზადებს გეგმებს, მრავალტრილიონიანი ბონდების ყიდვის პროგრამასთან დაკავშირებით გერმანული Bundesbank-ის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის უზენაესი სასამართლო მთავარ მონაწილეს სქემიდან გასვლას აიძულებს. ამის შესახებ Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, ევროპის ცენტრალური ბანკი უპრეცედენტო კანონიერ ქმედებებს მიმართავს გერმანიის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რათა ის პროგრამაში უკან დააბრუნოს.
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის ცენტრალურ ბანკს აგვისტომდე აძლევს საშუალებას გაამართლოს სამთავრობო ობლიგაციების მასობრივი შესყიდვის გეგმები ან გააგრძელოს სქემის განხორციელება Bundesbank-ის გარეშე.
წყაროების უმრავლესობა ელოდება, რომ სასამართლო დავა კარლსრუეში თავად Bundesbank-ის მიერ მოგვარდება, ვინაიდან ის იტყვის რომ პოლიტიკა მართებული იყო. თუმცა, ECB და ევროზონის ეროვნული ცენტრალური ბანკები ემზადებიან წარმოუდგენელი სცენარისთვის, ანუ იმ სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც სასამართლო აუკრძალავს Bundesbank-ს ობლიგაციების დაგეგმილ მასშტაბურ შესყიდვებში მონაწილეობას.
ამ შემთხვევაში, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროზონის ცენტრალური ბანკები Bundesbank-ის კვოტას დაინაწილებენ საჯარო სექტორის შესყიდვების პროგრამაში(PSPP) და შეიძენენ გერმანულ ობლიგაციებს.
თუმცა, წყაროების ცნობით, მსგავსი გეგმები ჯერ არ არის შეთანხმებული და ოფიციალურად განხილული ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოში. თავად ECB-ის და ასევე Bundesbank-ის პრესსპიკერები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.