ჯილ ებანოიძე Booking.com-ის გადახდების ფინანსური ხელმძღვანელი გახდა

ჯილ ებანოიძე Booking.com-ის გადახდების ფინანსური ხელმძღვანელი გახდა

ჯილ ებანოიძე უკვე 12 წელია ამსტერდამში ცხოვრობს. როგორც თავად გვიყვება, მაგისტრატურა სწორედ ნიდერლანდებში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში დაამთავრა. სულ ცოტა ხნის წინ ის Booking.com-ის გადახდების ფინანსური ხელმძღვანელი (Director of payments) გახდა, რაც პლატფორმის რეორგანიზაციის პერიოდში არაერთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვალეობას მოიცავს. თუმცა, Booking-ამდე იყო 10 წლიანი გამოცდილება Ebay-ში, სადაც ის გლობალური ფინანსების ჯგუფში მუშაობდა და რამდენიმე ათეული სახელმწიფოს ბაზართან ურთიერთობა ჰქონდა ჩაბარებული.

„თითოეული ქვეყნის მოქალაქეს იმ საგადახდო საშუალებით სურს სარგებლობა, რომელიც მისთვის ნაცნობია. ჩვენ სწორედ ამაში ვუწყობდით ადამიანებს ხელს და საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოსაც ვასრულებდით. ამ მიმართულებით ფაქტობრივად Ebay-ს მთელი შემოსავლები და ფინანსური მხარე მქონდა ჩაბარებული. სხვადასხვა Market Place-ბთან, საგადახდო კომპანიებთან და ფინტექებთან ურთიერთობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო“ – გვიყვება ჯილი.

როგორც ჩანს, Booking.com, რომელიც 1.4 მილიონ სასტუმროს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლატფორმაა მსოფლიოში, სწორედ ამიტომ დაინტერესდა მისი კანდიდატურით. როგორც ჯილი გვიყვება, პანდემიამ მომხმარებელი გაცილებით უფრო მომთხოვნი გახადა, ამან კი კომპანიებს არაორდინალური ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგა.

„ადამიანებს აღარ სურთ რამდენიმე პლატფორმით სარგებლობა, უნდათ რომ ერთ სივრცეში მიიღონ ყველა სახის მომსახურება. ფაქტობრივად, ზღვარი წაშლილია ტექ. კომპანიების საქმიანობაში, Booking-იც ამ მიმართულებით ვითარდება და საკუთარი ქვე-ბრენდებისთვის ფინანსურ ტექნოლოგიებს ხვეწს, რათა გადახდების გადამუშავება თავად მოახდინოს. მეც ამ მიმართულების დახვეწაში დავეხმარები კომპანიას. ისეთი კომპანიები, როგორიც Facebook და Google-ია, ძალიან აქტიურად ქმნიან არაპროფილურ პროდუქტებს. ახალგაზრდა მომხმარებლების წილი პორტფელში ნელ-ნელა იზრდება, სწორედ მათ გამო იცვლებიან ორგანიზაციებიც. მსგავსი ტიპის ექსპერიმენტებშია მომავალის გასაღები და ვინც უფრო სწრაფად დანერგავს სიახლეებს, ის იქნება გამარჯვებული“ – ამბობს ჯილი.

გადახდები და ფინტექ მომსახურება ცხადია მარეგულირებლისგან ლიცენზიის მიღებას გულისხმობს. ჯილი აქაც ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ითამაშებს როგორც ლიცენზიის მიღების, ისე ე.წ maintenance-ის ნაწილშიც.

„ჯამში 4 ლიცენზია გვექნება: ევროკავშირის ბაზრებისთვის, დიდი ბრიტანეთისთვის, აშშ-ისთვის და სინგაპურისთვის, რითიც შევძლებთ და მთელს მსოფლიოს დავფარავთ. ეს პროცესი ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო, თუმცა სამომავლოდ მისი მონიტორინგი აუცილებელი იქნება. ამისთვის სპეციალურ გუნდს ვაყალიბებთ, რაშიც აქტიურად ვარ ჩართული. შეჯამებისთვის, ჩემი საქმიანობა ოპერაციული სტრატეგიის შემუშავება, მისი მენეჯმენტი და მარეგულირებლებთან ურთიერთობა იქნება“ – ამბობს ჯილი

როგორც თავად გვიყვება, ძალიან უყვარს 0-დან რაღაცის შექმნა და სწორედ ამიტომ დათანხმდა Booking-ის შეთავაზებასაც. ჯილი მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში გუნდისა და პროდუქტის შექმნაში დიდი ენერგიის დახარჯვას აპირებს რაც ცხადია, ექსპერიმენტებსაც მოიცავს.

ჩვენს კითხვაზე, როგორ აფასებს საქართველოს სტარტაპ და ფინტექ ეკოსისტემას ასე გვპასუხობს:

„მართალია საქართველოსთან საქმიანი შეხება დიდი ხანია აღარ მაქვს, თუმცა მუდმივი კავშირი ქვეყანასთან არასდროს გამიწყვეტია. საქართველო პატარა ბაზარია, ამიტომ დამწყებმა ანტერპრენერებმა აუცილებლად გლობალური პროდუქტი უნდა შექმნან, რათა წარმატებას მიაღწიონ. საქართველოს გამოყენება საწყის, MVP (minimum viable product) ეტაპზე მისაღებია, თუმცა მისი სრულყოფილი Launch აუცილებლად გლობალურ ბაზრებზე უნდა მოხდეს.“ – ამბობს ჯილი.

 

მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა საქართველოს ბანკის ფინტექ პორტალზე fintech.ge

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *