Facebook-ი თავის აპლიკაციებს ერთგვარი მაღაზიის ფუნქციას ამატებს, რომელიც ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას გაყიდონ თავიანთი პროდუქცია მსოფლიოს უმსხვილეს პლატფორმასა და მის სოციალურ ქსელებში. ამის შესახებ თავად მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.
ელექტრონული კომერციის ფუნქციის დამატებამდე, გასულ წელს, Facebook-მა დაამატა შეზღუდული საშოპინგო ფუნქცია Instagram-სა და WhatsApp-ში. ახლა კი Facebook-ი აპირებს კიდევ უფრო მეტად მეგობრული გახდეს ბიზნესისთვის, რაც გაზრდის რეკლამიდან შემოსავლებს.
მაღაზია ხელმისაწვდომი იქნება ბიზნესებისთვის Facebook-სა და Instagram-ზე. აპლიკაციაში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ყიდვის, ხოლო WhatsApp-ის, Messenger-ისა და Instagram Direct–ის საშუალებით ისინი ბიზნესებთან გასაუბრებასაც შეძლებენ.
ცუკერბერგმა ასევე განაცხადა, რომ სოციალური ქსელი უფრო მჭიდროდ იმუშავებს Shopify-სთან და კიდევ შვიდ სხვა ონლაინ კომერციულ პლატფორმასთან. ის Shopify-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს ვიდეო კონფერენციის საშუალებით უკვე ესაუბრა.
თავდაპირველად, როდესაც Facebook Shops-ის გაშვების შესახებ გაცხადდა, Shopify-ის აქციების ფასი დაეცა, თუმცა, მოგვიანებით, როდესაც მისი ხელმძღვანელი ცუკერბერგთან ერთდ გამოჩნდა, ორივე კომპანიამ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე 2%-ით მოიმატა.
Facebook-ი ასევე მუშაობს, რომ შოპინგის ფუნქცია დაამატოს „ლაივ“ ვიდეოებს, სადაც ვიდეოს ქვემოთ გამოჩნდება კონკრეტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და ეს მაყურებელს მისცემს შესაძლებლობას პროდუქტი იყიდოს ყურების პროცესშიც. ცუკერბერგის თქმით, დღის განმავლობაში Facebook-სა და Instagram-ის „ლაივ“ ვიდეოებში 800 მლნ ადამიანია ჩართული.