აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ალოპეციის სამკურნალო პრეპარატი, Olumiant-ი დაამტკიცა. მედიკამენტმა, რომელიც ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly-ს მიერ არის შექმნილი, კვლევებისას თმის ზრდის პროცესი არაერთ ცდისპირში აღადგინა.
აღსანიშნავია, რომ Olumiant-ი FDA-ს მიერ დამტკიცებული ერთადერთი პრეპარატია, რომელიც ალოპეციის სისტემურ მკურნალობას უზრუნველყოფს – ის კონცენტრირებულია მთელ სხეულზე და არა მხოლოდ მის კონკრეტულ ნაწილზე.
ალოპეცია ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა თმის ფოლიკულებს ესხმის თავს, რაც ხშირად თმის ბუდობრივ ცვენას იწვევს. მედიკამენტი Olumiant-ი ფერმენტების ერთი ან რამდენიმე კონკრეტული ოჯახის აქტივობას ბლოკავს და ამ გზით ანთების განვითარებას აფერხებს.
სპეციალისტებმა Olumiant-ის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ორ კვლევაზე დაყრდნობით განსაზღვრეს, რომელთა შედეგები გასულ თვეში სამეცნიერო გამოცემა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა. ტესტირებაში საერთო ჯამში 1200 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც ალოპეციის მძიმე ფორმა აღენიშნებოდათ. ცდისპირთა ნაწილს – მედიკამენტი, ნაწილს კი პლაცებო მიაღებინეს.
Olumiant-ით მკურნალობიდან 36 კვირის შემდეგ კვლევებში მონაწილეთა 40%-ში თმის საფარველი სრულად ან თითქმის სრულად აღდგა. ერთი წლის შემდეგ კი ალოპეციისგან ცდებში მონაწილეთა თითქმის ნახევარი განიკურნა.
FDA-ს მონაცემებით, მხოლოდ აშშ-ში მძიმე ფორმის ალოპეციას ყოველწლიურად დაახლოებით 300,000-ზე მეტი ადამიანი უჩივის. ცნობისთვის, აღნიშნული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე კიდევ ორი კომპანია, Pfizer-ი და Concert Pharmaceuticals-ი მუშაობს.