აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კომპანია Pfizer-ის ცხვირის სპრეი დაამტკიცა, რომელიც მიგრენის, იმავე შაკიკის წინააღმდეგ სწრაფი მოქმედებით ხასიათდება. როგორც ცნობილია, მედიკამენტი ბაზარზე Zavzpret-ის სახელწოდებით გამოჩნდება.
Pfizer-ის პრეპარატი მიზნად ისახავს დაავადების სიმპტომების შეჩერებას ან შემცირებას იმ შემთხვევაში, თუ შაკიკის შეტევა უკვე დაწყებულია. ჩვეულებრივ, ამ დროს პაციენტს თავის ძლიერი ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ღებინების შეგრძნება და სინათლის ან ხმის მიმართ მგრძნობელობის ზრდა აწუხებს.
თებერვალში გამოქვეყნებული ბოლო სტადიის კლინიკური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ Zavzpret-ს შეუძლია ტკივილის სწრაფად შემსუბუქება, რისთვისაც სულ მცირე 15 წუთი სჭირდება. დაავადების სამკურნალო სხვა საშუალებებს ამისთვის შესაძლოა, სულ ცოტა ორი საათი დასჭირდეს.
ცნობისთვის, Pfizer-მა Zavzpret-ი და შაკიკის სამკურნალო სხვა საშუალებები, მათ შორის Nurtec ODT, პორტფოლიოში გასულ წელს Biohaven Pharmaceutical-ის $11.6 მილიარდად შეძენის შემდეგ დაამატა.