FedEx-ი ევროპაში 6 300-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

FedEx-ი ევროპაში 6 300-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

FedEx-მა ევროპაში ათასობით სამუშაო ადგილის გაუქმების გეგმის შესახებ განაცხადა. მიტანის სერვისის მიმწოდებელი კომპანია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ TNT Express-თან ინტეგრაციის პროცესში 5 500-დან 6 300-მდე სამუშაო ადგილს გააუქმებს.

FedEx-ში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად 2024 წლისთვის დაახლოებით $275 მილიონიდან $350 მილიონამდე თანხის დაზოგვას შეძლებენ წლიურად.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი რთულია, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა დავასრულოთ ქსელის ინტეგრაცია TNT Express-თან, დავიწყო ოპერირება როგორც ერთმა კომპანიამ და დავფაროთ უფრო მეტი ტერიტორია, დავაჩქაროთ მიწოდების ტემპი, გავაფართოვოთ საოპერაციო შესაძლებლობები და გავაუმჯობესოთ სერვისის დონე“, – განაცხადა FedEx Express Europe-ის პრეზიდენტმა კარენ რედინგტონმა.

სამუშაო ადგილების შემცირება ძირითადად შეეხება საოპერაციო ჯგუფებს. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ბოლომდე ჯერ მიღებული არ არის, საჭიროა კონსულტაციები ევროპული ქვეყნების კანონდებლობასთან თანხვედრის მიზნით.

ცნობისთვის, FedEx-მა TNT 2016 წელს შეიძინა. ამერიკული კომპანია ელოდება, რომ ჰოლანდიური მიწოდების სერვისის კომპანიის შემოერთებით, მისი მოქმედების არეალი ევროპაში გაფართოვდება.