ფოტო: Danny Clinch
ამერიკულმა როკბენდმა, Foo Fighters-მა, ახალი მუსიკალური ნამუშევარი, სახელწოდებით Of All People-ი, გამოუშვა. Of All People-ის მუსიკალური ვიდეორგოლი, რომლის პრემიერაც YouTube-ზე 20 მაისს შედგა, საქართველოშია გადაღებული და მასზე პროდიუსერული კომპანია Münchhausen Productions-ის ქართველი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა იმუშავა.
Münchhausen Productions-ი კინო- და ვიდეოპროდუქციის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ესტონეთში, კერძოდ კი ტალინში მდებარეობს. თუმცა, ტალინის გარდა, კომპანია ლატვიასა და საქართველოშიც ოპერირებს. Münchhausen Productions-ის პორტფოლიოშია ისეთი მასშტაბური ნამუშევრები, როგორებიცაა Paramount+-ისთვის გადაღებული სერიალი The Agency და სკანდინავიური კრიმინალური საგა Boundless-ი.
რაც შეეხება Of All People-ის მუსიკალურ კლიპს, ის სრულად ქართველი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული შემოქმედებითი და ტექნიკური გუნდის მიერაა გადაღებული. Foo Fighters-ის ახალი ვიდეორგოლის აღმასრულებელი პროდიუსერები სანდრო და შოთა ალანიები არიან, პროექტის მენეჯერი სალომე სოხაძეა, კოორდინატორი — ანა გელაშვილი, ხოლო რეჟისორის ასისტენტები — გურამ ბაქრაძე და ილია ასითაშვილი.
Of All People-ის მუსიკალურ კლიპში შვეიცარიელი ექსტრემალი მოთხილამურეების ჯგუფის, BPC-ის წევრები მონაწილეობენ, რომლებიც საქართველოს, ძირითადად კი თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე, ურბანულ გარემოში, მათ შორის კიბეებზე, ქვაფენილსა და სხვადასხვა ზედაპირზე, თხილამურებით სახიფათო ილეთებს ასრულებენ.
ახალ ნამუშევარს Foo Fighters-ის ფრონტმენი, დეივ გროლიც გამოეხმაურა. „ზუსტად მაშინ, როცა ვფიქრობდი, რომ უკვე ყველაფერი ნანახი მქონდა, BPC და უთოვლოდ სრიალის სპორტი აღმოვაჩინე. ეს ან ყველაზე ექსტრემალური სპორტია, რომელიც კი ოდესმე მინახავს, ან გარანტირებული მგზავრობა საავადმყოფომდე, ანდაც ორივე ერთად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ნამუშევარი ამ სიგიჟის საუნდტრეკია“, — აღნიშნა გროლმა.
Foo Fighters-ი გრემის 15-გზის მფლობელი და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი ამერიკული როკჯგუფია. ბენდი 1994 წელს, Nirvana-ს ფრონტმენის, კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ, იმავე ჯგუფის დრამერმა დეივ გროლმა დააარსა.















