Forbes: ამერიკელმა მილიარდერებმა ტექნოლოგიური სფეროდან გასულ 12 თვეში ჯამში $315 მილიარდი დაკარგეს

Forbes: ამერიკელმა მილიარდერებმა ტექნოლოგიური სფეროდან გასულ 12 თვეში ჯამში $315 მილიარდი დაკარგეს

აქციების ფასების დაცემისა და ინფლაციის ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში Forbes-ის შეფასებით 400 უმდიდრესი ადამიანის საერთო ქონება გასულ წელთან შედარებით $500 მილიარდით შემცირდა. ქონების დაკარგვა კი აშშ-ის ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერებზე განსაკუთრებით აისახა, რომელთაც 2021 წლის შემოდგომიდან, Forbes 400-ის სიმდიდრის მთლიანი კლების ორი მესამედი, კოლექტიურად თითქმის $315 მილიარდი იზარალეს.

ცნობისთვის, Forbes 400-ის 2022 წლის სიაში სულ 65 ადამიანია, რომელთაც ქონება ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოღვაწეობით დააგროვეს, ორმოცდაათი მათგანი კი, როგორც აღმოჩნდა, წელს იმაზე უფრო ღარიბია, ვიდრე გასულ წელს იყო. ყველაზე დიდი ზარალი ყველაზე მდიდართა ხვედრი აღმოჩნდა: Amazon-ის აქციების 27%-იანი ვარდნით, ჯეფ ბეზოსის წმინდა ქონება $50 მილიარდით შემცირდა და 2018 წლის შემდგომ პირველად, ბიზნესმენმა Forbes 400-ის რეიტინგის ლიდერობა დათმო. „ამაზონის“ აქციების ვარდნამ გავლენა ბეზოსის ყოფილი მეუღლის ქონებაზეც იქონია. მაკენზი სკოტმა $20.8 მილიარდი იზარალა.

ამასთან ერთად აღსანიშნავია Microsoft-ის აქციების 15%-ით ვარდნა და, შედეგად, კომპანიის ყოფილი CEO-ს სტივ ბალმერის ქონების $13.5 მილიარდით შემცირება. Microsoft-ის აქციების ვარდა, რა თქმა უნდა, შეეხო ბილ გეიტსაც, რომლის მიერ დაკარგულმა ქონებამაც $28 მილიარდი შეადგინა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გეიტსის ქონების წმინდა ღირებულების შემცირება დიდწილად ფილანთროპიულ საქმიანობას უკავშირდება. მილიარდერმა „გეიტსების ფონდს“ ივლისში $20 მილიარდი შესწირა.

თუმცა ყველაზე მეტად პანდემიის შემდგომ ვიდეოკონფერენციების კომპანია Zoom-ი დაზარალდა. Zoom-ის აქციები, დასაქმებულთა ოფისებში დაბრუნებასთან ერთად, 73%-ით შემცირდა, მისმა დამფუძნებლმა ერიკ იუანმა კი $10.6 მილიარდი იზარალა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სიმდიდრის $315-მილიარდიანი კლება არ მოიცავს Facebook-ის აქციების ღირებულების შემცირების შედეგად მარკ ცუკერბერგის ქონების $76.8 მილიარდით ვარდნას. მიზეზი კი Forbes-ის მილიარდერების კატეგორიზაციაა, რომელიც სოციალური მედიის ისეთ მილიარდერებს, როგორიც ცუკერბერგია, მედიისა და გართობის სექტორში აერთიანებს.

Forbes-ი წარმოგიდგენთ ტექნოლოგიური სფეროს ამერიკელ მილიარდერებს, რომელთაც გასულ 12 თვეში ყველაზე მეტი თანხა დაკარგეს (მონაცემები აღებულია 2021 წლის 3 სექტემბრიდან 2022 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში):

  1. ჯეფ ბეზოსი – წმინდა ქონება: $151 მილიარდი. დაკარგული ქონება: $50 მილიარდი. Amazon
  2. ლარი პეიჯი – წმინდა ქონება: $93 მილიარდი. დაკარგული ქონება: $30 მილიარდი. Alphabet
  3. სერგეი ბრინი – წმინდა ქონება: $89 მილიარდი. დაკარგული ქონება: $29.5 მილიარდი. Alphabet
  4. ბილ გეიტსი – წმინდა ქონება: $106 მილიარდი. დაკარგული ქონება: $28 მილიარდი. Microsoft
  5. მაქკენზი სკოტი – წმინდა ქონება: $37.7 მილიარდი. დაკარგული ქონება: $20.8 მილიარდი. Amazon
  6. ლარი ელისონი – წმინდა ქონება: $101 მილიარდი. დაკარგული ქონება: $16.3 მილიარდი. Microsoft
  7. პიერ ომიდიარი – წმინდა ქონება: $9.9 მილიარდი. დაკარგული ქონება: $15.4 მილიარდი. eBay, PayPal
  8. სტივ ბალმერი – წმინდა ქონება: $83 მილიარდი. დაკარგული ქონება: $13.5 მილიარდი. Microsoft
  9. ერიკ იუანი და ოჯახი – წმინდა ქონება: $3.9 მილიარდი. დაკარგული ქონება: $10.6 მილიარდი – Zoom
  10. ჯეკ დორსი – წმინდა ქონება: $4.5 მილიარდი. დაკარგული ქონება: $10.4 მილიარდი. Twitter, Block
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *