2022 წლის დადგომასთან ერთად, Forbes Georgia აგრძელებს ტრადიციულ რუბრიკას – ავტოინდუსტრიის ყოველკვირეულ მიმოხილვას. ბიზნესები ხშირად ახალი წლის დადგომასთან ერთად საკუთარ მიზნებსაც აახლებენ, ან უკვე დასახული მიზნების პროგრესს გვიზიარებენ. გასული წელი ნამდვილად უდიდესი გამოწვევა გამოდგა არა მხოლოდ ავტომწარმოებლებისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. თუმცა კონკრეტულად ავტოინდუსტრიას მრავალი სირთულე შეხვდა. პანდემიის გამო ქარხნების დახურვა, ნახევარგამტარების დეფიციტი თუ პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემები იმ მცირე გამოწვევათა ჩამონათვალია, რის გამოც ავტოინდუსტრიას განვითარებაში ხელი ეშლებოდა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, მან წინსვლა მაინც შეძლო. თან ისეთი წინსვლა, როგორიც არასდროს. ამერიკული Tesla პირველი ავტომწარმოებელი გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. Ford-ის საფონდო ბირჟაზე განვითარებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მრავალი ახალი მოთამაშეც გაჩნდა ბაზარზე. შესაბამისად, წლევანდელი წელი გარკვეულწილად გამოცდის წლადაც შეიძლება ჩაითვალოს. 2022 წელს ის მიღწევები გამოიცდება, რომლებიც 2021 წელს ავტომწარმოებლებმა ინდუსტრიაში დაამკვიდრეს. ჩვენ კი, ავტომოყვარულები, ამ პროცესით მხოლოდ სიამოვნებას მივიღებთ. ბუნებრივია, რომ Forbes Georgia-ც კვლავ განაგრძობს თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეების გაცნობას.
2021 წელს ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი GM-ის ნაცვლად, Toyota იყო
1931 წლის შემდეგ პირველად, ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი General Motors-ის ავტომობილი აღარ არის. 2021 წელს ამერიკულ გიგანტს ეს სტატუსი იაპონურმა Toyota-მ წაართვა. გარდა ამისა, ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ტოპ-პოზიციაზე არაადგილობრივი ავტომწარმოებელია.
როგორც ჩანს, იაპონელებმა მიწოდების ჯაჭვის პრობლემის აღმოფხვრა ამერიკელებზე უკეთ შეძლეს და მათი 90-წლიანი ჰეგემონია მათსავე ბაზარზე დაასრულეს. ბუნებრივია, რომ ამ შედეგზე გავლენა ჩიპების დეფიციტმაც იქონია. თუმცა, ავტოისტორიას მიზეზები ნაკლებად აღელვებს, მას მხოლოდ შედეგები აინტერესებს. შედეგი კი აშკარაა: 2021 წელს ამერიკაში ყველაზე მეტი ავტომობილი არა GM-მა ან Ford-მა, არამედ Toyota-მ გაყიდა.
GM-ის განცხადებით, მათ 2021 წელს აშშ-ში 2.2 მილიონი ერთეული ავტომობილი გაყიდეს. ეს რიცხვი 12.9%-ით ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებლებზე. სანაცვლოდ, Toyota-მ 2021 წელს აშშ-ში 2.3 მილიონი ერთეული ავტომობილის გაყიდვა შეძლო, რაც 10%-ით მეტია 2020 წლის მონაცემებზე. საინტერესოა, რომ განსხვავება ორ ავტომწარმოებელს შორის სულ რაღაც 114,034 ავტომობილი გახლდათ.
თუმცა, Toyota-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ GM-ს გაყიდვებში გადაასწრეს, ეს მათი მიზანი სულაც არ ყოფილა. 2021 წელი ამერიკული General Motors-ისათვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, Chevrolet Silverado-ს პიკაპის გაყიდვები შარშან 10%-ით შემცირდა და 530 000 ერთეული შეადგინა.
ინდუსტრიის ექსპერტებისა და ანალიტიკოსების მოლოდინით, 2022 წელს შეერთებულ შტატებში 15.2-დან 16 მილიონამდე ავტომობილი გაიყიდება. ჩვენ კი ის დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვიხილოთ, შეძლებს თუ არა GM პირველობის დაბრუნებას მშობლიურ ბაზარზე.
2021 წელს Ford-ის აქციები ავტოინდუსტრიაში ყველაზე მზარდი იყო
სანაცვლოდ, GM-საგან განსხვავებით, რომელმაც აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სტატუსი დაკარგა, 2021 წელი საკმაოდ სარფიანი გამოდგა ამერიკული Ford-სათვის. მართალია, მან ადგილობრივ ბაზარზე პირველობა ვერ გაიფორმა, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ნამდვილად პირველი იყო საკუთარი ზრდით.
გასულ წელს ავტოინდუსტრიაში კონკურენცია ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს გაუტოლდა. ინდუსტრიულ რბოლაში ტრადიციულ მწარმოებლებთან ერთად ბაზარზე ახლად გამოჩენილი კომპანიებიც ჩაერთვნენ. თავის მხრივ, ახალგაზრდა ავტომწარმოებლები კიდევ უფრო დაიხვეწნენ და შეჯიბრი კიდევ უფრო სახალისო გახადეს. თუმცა 2021 წლის ყველაზე მზარდი ავტომწარმოებლის სტატუსი Ford-მა არავის დაუთმო.
მისი აქციების ფასი გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 140%-ით გაიზარდა, რაც უდიდესი მაჩვენებელია. მან დაჯაბნა თავისი პირდაპირი კონკურენტი Tesla, ამერიკული GM, Lucid Motors-ი, ახლად გამოჩენილი ელექტრომობილების სტარტაპები და ყველა, ვინც საფონდო ბირჟის გზაზე შეხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ Tesla 2021 წელს პირველი ავტომწარმოებელი გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალის ღირებულებამაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, მისი აქციების ფასები შარშან 50%-ით გაიზარდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა Ford-ისათვის ტიტულის ჩამოსართმევად.
ბევრი ამ წარმატებას კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ჯიმ ფარლის მიაწერს, რომელიც ამ პოზიციაზე 2020 წლის ოქტომბერში დაინიშნა და კომპანიის პოლიტიკა ძირეულად შეცვალა. მან პანდემიისა და ჩიპების დეფიციტის ფონზე Ford-ს შეუდარებელი ზრდა მოუტანა.
ამერიკული Ford-ის ამგვარი ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის ახალი სრულად ელექტრონული პიკაპის, F-150-ისა და ელექტრონული მუსტანგის, Mach-E-ის წარდგენაც იყო. ჯიმ ფარლის მიერ კომპანიის სადავეების გადაბარების დღიდან კომპანიის აქციათა ფასები 200%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ Ford-ის საბაზრო კაპიტალის ღირებულება ამჟამად 83 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
2022 წელი „ფორდისათვის“ გამოწვევების წელი იქნება. თუკი 2021 წელს მან საოცრად დიდი ზრდა განიცადა როგორც ბიზნესის მხრივ, ისე ტექნოლოგიურად თუ რეპუტაციულად, 2022 წელს მას ამ ყველაფრის მომხმარებლებისათვის დამტკიცება მოუწევს. და ამ რბოლაში მას კონკურენციას უდიდესი ავტომწარმოებლები გაუწევენ. მიზეზი მარტივია, რა თქმა უნდა, ყველასათვის სასიამოვნოა რეპუტაციული წარმატება, თუმცა აქციების ფასების მატება პირდაპირ ითარგმნება კომპანიის შემოსავლებში. შესაბამისად, წელს ბევრი შეეცდება Ford-ის 2021 წლის ტიტულის მითვისებას. ვნახოთ, „ფორდი“ ამ ყველაფერს როგორ კონკურენციას დაახვედრებს.
საინტერესოა ისიც, რომ გასულ წელს თითქმის 40%-იანი ზრდა ჰქონდათ კონკურენტებს, Lucid-ს, Volkswagen-სა და General Motors-ს. 20%-ით გაიზარდა იაპონური Toyota-ს აქციათა ფასები, Ferrari-მ კი 12.8%-იანი ზრდა აჩვენა. საინტერესოა, თუ რომელ ავტომწარმოებელს ექნება ყველაზე დიდი ზრდა 2022 წელს.
Lucid Motors-ი ევროპულ ბაზარზე უკვე წელს გამოჩნდება
ყველა ზემოთ ნახსენები ავტომწარმოებლის ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი წელს, სრულიად სამართლიანად, Lucid Motors-ი იქნება. მართალია, ამ უკანასკნელს დაბალბიუჯეტიანი ავტომობილები არ ჰყავს, თუმცა, პრემიუმ-კლასის მანქანებში ის თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.
კომპანიის მიერ გასულ კვირას გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტომწარმოებელი ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო 2022 წელს ევროპულ ბაზარსაც აითვისებს. როგორც აღმოჩნდა, ევროპელები განსაკუთრებით მიისწრაფვიან წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ძრავების გაუქმებისაკენ. ეს კი სტატისტიკური მონაცემებითაც დადასტურდა. ნოემბერში ევროკავშირის გამოქვეყნებული ინფორმაციით ევროპაში გაყიდული ყოველი მეხუთე ავტომობილი ელექტრონული გახლდათ. შესაბამისად, Lucid-მაც გადაწყვიტა, ეს მოთხოვნა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს.
Lucid-ის საკმაოდ მდიდრული ელექტრომობილის, Lucid Air-ის სედანზე წინასწარმა ჯავშნებმა 2021 წლის სექტემბრისათვის 13 000 ერთეული, ხოლო ნოემბრისათვის 17 000 შეადგინა. მათი მიზანია, რომ 2022 წელს ავტომობილის წინასწარმა შეკვეთებმა 20 000 ერთეული შეადგინოს.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ როულინსონმა 2021 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ კომპანია საკუთარ ავტომობილებს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში 2022 წელს, ხოლო ჩინეთში 2023 წლისათვის შეიყვანს.
ასე რომ, როგორც ხედავთ, Tesla-სა და ჩინურ Nio-ს კიდევ ერთი ელექტროავტომწარმოებელი მოევლინათ კონკურენტად. გარდა ამისა, სრულად ელექტრონულ ავტომობილებს უკვე თითქმის ყველა მსხვილი ავტომწარმოებელიც ამზადებს. შესაბამისად, 2022 წელს ელექტრომობილების ბაზარზე დიდი კონკურენცია გაჩაღდება. თუმცა, ჩემი აზრით, რბოლას ის მოიგებს, ვინც ყველაზე ნაკლებ ფასად, ყველაზე კარგ მომსახურებას შესთავაზებს საკუთარ მომხმარებლებს. ყველასათვის ცნობილია, რომ ჯერჯერობით ელექტრომობილების ღირებულება საშუალოზე ბევრად მაღალია. შესაბამისად, მათი მასშტაბური რაოდენობით გასაყიდად, ფასის შემცირებაა საჭირო. 2022 წელს ცნობილმა ავტომწარმოებლებმა სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას უნდა დაუთმონ ყველაზე მეტი დრო და ენერგია.
Tesla-მ უსაფრთხოების პრობლემის გამო ნახევარ მილიონამდე ელექტრომობილი უკან გამოიხმო
გასულ კვირას შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla 475 000 ავტომობილს უკან გამოიხმობს. მიზეზი უსაფრთხოების პრობლემა გახლავთ, რომელიც უკანა ხედვის კამერასა და საბარგულთან არის დაკავშირებული. მათი ცნობით, აღნიშნული პრობლემები საგზაო შემთხვევის ალბათობას ზრდიდნენ.
გარდა ამისა, შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია კიდევ ერთ პრობლემასაც განიხილავს. ისინი ჯერ კიდევ იკვლევენ კამერასთან დაკავშირებულ ხარვეზს, მძღოლის დამხმარე სისტემის შემოწმების პარალელურად.
როგორც ხედავთ, 2022 წელი Tesla-სათვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ 2021 წელი დასრულდა მარტივად. საკმარისია, თვალი მხოლოდ ჩვენს მიმოხილვებს გადავავლოთ, უმალვე შევამჩნევთ, რომ Tesla-სთან დაკავშირებული ახალი ამბების უმეტესობა სწორედ მორიგ ხარვეზს ეხებოდა, რის გამოც მარეგულირებელმა გამოძიება დაიწყო. 2021 წელს კომპანიას ამის გამო ბევრი პრობლემა შეექმნა. ბევრი ავტომობილიც უკან გამოიხმო. როგორც ჩანს, იგივე პრობლემა თავს 2022 წელსაც იჩენს. თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა, ვნახოთ, როგორ დახვეწს Tesla საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას.
უკან გამოხმობა 2014-დან 2021 წლამდე წარმოებულ ელექტრომობილებს შეეხება. საინტერესოა, რომ დაახლოებით 200 000 ერთეულს გამოიხმობენ ჩინეთის ბაზარზეც. ჯერჯერობით Tesla მედიასთან კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს. მარეგულირებლის განმარტებით, საბედნიეროდ, აღმოჩენილ პრობლემას ჯერჯერობით არც ერთი ფატალური შემთხვევა არ გამოუწვევია.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „ტესლა“ პირველი ავტომწარმოებელი გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც 1 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მოცულობა კი ამ მაჩვენებლით Tesla-ს შემდეგ სიაში მყოფი კიდევ 10 უმსხვილესი ავტომწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაციას უტოლდება ჯამურად.
Toyota საკუთარ პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმას 2025 წლისათვის გაუშვებს
იაპონური ავტომწარმოებელი, Toyota, საკუთარი საოპერაციო სისტემის ჩაშვებას 2025 წლისათვის გეგმავს. ის ისეთ რთულ ოპერაციებს გაუმკლავდება, როგორიც ავტომობილის ავტონომიური მართვაა.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ავტოინდუსტრიაში პროგრამული უზრუნველყოფა ყველაზე საჭირო ფუნქციონალია. განსაკუთრებით კი – გამართული პროგრამული უზრუნველყოფა. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ამერიკული Tesla-ს საოპერაციო სისტემა არც ისეთი გამართულია, როგორიც თავიდან ჩანდა. წინა ამბავშიც განვიხილეთ, რომ ავტომწარმოებელს აღმოჩენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სულ უფრო მეტი ელექტრომობილის უკან გამოხმობა უწევს.
ცნობისათვის, პროგრამული უზრუნველყოფა თანამედროვე ავტომობილში თითქმის ყველაფერზეა პასუხისმგებელი. მასზეა დამოკიდებული ყველაფერი – დაწყებული ელექტროძრავისა და ელემენტების ფუნქციონირებით, დამთავრებული ნავიგაციით, მძღოლის დახმარების ოფციებითა თუ ავტონომიური მართვით. როგორც ჩანს, Toyota-ს ყველაფრის გასამართად და ყველა რისკის გასათვალისწინებლად სხვებზე დიდი დრო სჭირდება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ავტომწარმოებლის ხარისხისადმი დამოკიდებულებას, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მისი პროგრამული უზრუნველყოფა სხვებისაზე გამართული და სანდო იქნება. Toyota-ს არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო საზოგადოებაშიც სანდო და გამძლე პროდუქციის რეპუტაცია აქვს, შესაბამისად, ისინი ამ სტატუსის შენარჩუნებას ეცდებიან.
Toyota-ს პროგრამულ უზრუნველყოფას Arene ერქმევა და მას კონკურენციის გაწევა გერმანულ ავტომწარმოებლებთან Volkswagen-ის „VW.OS“-თან და Mercedes-ის „Mercedes Benz Operating System”-თან მოუწევს. ეს ორი უკანასკნელი საკუთარი საოპერაციო სისტემების საკუთარ ავტომობილებში გამოყენებას 2024 წლისათვის გეგმავს.
საინტერესოა ისიც, რომ კომპანია საოპერაციო სისტემის ლიცენზირებასაც გეგმავს, რათა მომავალში მისი გამოყენება სხვა ავტომწარმოებლებსაც შეეძლოთ.
Mercedes-ის ახალი ელექტრომობილის პროტოტიპს ერთი დამუხტვით 1000 კილომეტრის გავლა შეეძლება
გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Mercedes-მა გასულ კვირას თავისი ახალი ელექტრომობილის, VISION EQXX-ის პროტოტიპი წარადგინა. ავტომწარმოებლის მტკიცებით, ახალ ელექტრომობილს ერთი სრული დამუხტვით 1000 კილომეტრის გავლა შეეძლება, რაც საკმაოდ ამბიციური განცხადებაა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Daimler-მა გადაწყვიტა, ელექტრომობილების წარმოებაში 45 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განეხორციელებინა. ეს თანხა 2030 წლამდე გადანაწილდება და ელექტროძრავების ელემენტების რვა ახალი ქარხნის აშენებასაც გულისხმობს. Mercedes-ის მიზანი ამერიკული Tesla-სათვის კონკურენციის გაწევაა. მათი განცხადებით, 2025 წლიდან ყველა ახალი საწარმო მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ Mercedes VISION EQXX აქამდე გამოშვებული ყველაზე ენერგოეფექტიანი მერსედესია. ის ყოველ 100 კილომეტრზე მხოლოდ 10 კილოვატსაათ ენერგიას მოიხმარს. ცნობისათვის, Tesla-ს Model S 60 იმავე დისტანციაზე 18 კილოვატსაათ ენერგიას მოიხმარს.
Mercedes-ის მთავარი ტექნოლოგის, მარკუს შეფერის განცხადებით, 2022 წელს ბრენდის ახალი პროტოტიპი სხვადასხვა პირობებში გამოიცდება. თუმცა ეს უკანასკნელი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს მათი ახალი ძრავის გამოშვების ზუსტ თარიღს, რომელსაც ერთი დამუხტვით 1000 კილომეტრის გავლა შეეძლება. VISION EQXX-ის აგებას 18 თვემდე დასჭირდა. როგორც ჩანს, ავტომობილში Mercedes-ის ხელთ არსებული ყველა ტექნოლოგიური სიახლე მოიყრის თავს. ჯერჯერობით ელექტრომობილის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უცნობია.
თავადაც ხედავთ, რომ უკვე ყველა დიდი ავტომწარმოებელი ცდილობს ელექტრონულ მომავალში შებიჯებას. ბუნებრივია, რომ არც Mercedes-ია გამონაკლისი. თანაც თუ გავითვალისწინებთ გერმანულ ხარისხსა და საქმისადმი სიყვარულს, მოლოდინები საკმაოდ დიდი გვაქვს.
Gaussin-მა Aramco-სთან პარტნიორობით Dakari-ს რბოლაზე პირველი წყალბადზე მომუშავე სატვირთო წარადგინა
2022 წლის პირველი თვე საკმაოდ აქტიურად დაიწყო უდაბნოს რალის მოყვარულებისათვის. Dakar 2022 2-დან 14 იანვრამდე საუდის არაბეთში იმართება და მაყურებელს 13 რბოლის ხილვის შესაძლებლობა აქვს. წელს ავტომოყვარულებს Dakar-ის რბოლის ყურებისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვთ: საუდის არაბეთში Gaussin-ი Aramco-სთან პარტნიორობით პირველ წყალბადზე მომუშავე სატვირთოს წარადგენს. საინტერესოა, თუ რა შედეგს მიაღწევს წყალბადის სატვირთო უდაბნოში რბოლისას.
სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორისათვის ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილების ფრანგულმა მწარმოებელმა Gaussin-მა გადაწყვიტა, Dakari-ის რბოლას საკუთარი მერვე თაობის წყალბადის სატვირთოთი შეუერთდეს, რომლის დიზაინიც Pininfarina-ს ეკუთვნის. Gaussin-ის სატვირთო ერთადერთი ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე მანქანა იქნება, რომელიც Dakari-ის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისათვის, Gaussin-ი უკვე დიდი ხანია, საავტომობილო ბიზნესშია. 2012 წელს კი ის ელექტროძრავების ელემენტების უმსხვილესი მიმწოდებელიც გახდა ევროპაში არსებული ლოგისტიკური კომპანიებისათვის. როგორც ჩანს, კომპანიას Dakari-ის რბოლისათვის პირველი სატვირთოს შექმნის იდეა 2021 წლის იანვარში დაებადა. ძლიერი ინჟინრების გუნდმა კი შესაფერისი წყალბადზე მომუშავე სატვირთოს შექმნა სულ რაღაც ერთ წელიწადში შეძლო.
ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ ძრავებს, წყალბადისა და ელექტროძრავების კომბინაციით 140 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება, რაც ქვიშის დიუნებისათვის ძალიან დიდი მაჩვენებელია. ასე რომ, რბოლისა და განსაკუთრებით უდაბნოს რალის, Dakari-ის მოყვარულებს 2022 წლის პირველი ღონისძიება იმედგაცრუებულებს არ დაგტოვებთ.
Walmart-მა და FedEx-მა ელექტროფურგონების საწარმოებლად GM-თან დადეს შეთანხმება
კომპანიების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, Walmart-ი და FedEx-ი საკუთარი მრავალათასიანი ავტოპარკის გაზრდას გეგმავენ. ამ მიზნით კი ისინი ამერიკულ GM-თან ითანამშრომლებენ, რომელიც მათ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე ათას ელექტროფურგონს დაუმზადებს.
მხარეებს შორის დადებული შეთანხმება წლების განმავლობაში 5000 ერთეული BrightDrop-ის ელექტროფურგონის წარმოებასა და მიწოდებას გულისხმობს. ჯამში Walmart-ისა და FedEx-ის ავტოპარკში რამდენიმე წლის შემდეგ 20 000-მდე ელექტროფურგონი იქნება წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ BrightDrop-ი GM-ის შვილობილი კომპანიაა. მისი აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიას უკვე 25 000-მდე ჯავშანი აქვს. FedEx-ისათვის 500 ერთეული ელექტროფურგონის მიწოდება წელს დასრულდება. Walmart-ის შეკვეთების დამზადება კი სავარაუდოდ 2023 წლიდან დაიწყება.
საინტერესოა, თუ როგორი სიტუაციაა კონკურენტებთან. მაგალითად, Amazon-ს შეთანხმება ამერიკულ სტარტაპ Rivian-თან აქვს, რომელიც ელექტრომობილებს აწარმოებს. შეთანხმების თანახმად, Rivian-მა Amazon-ს 2030 წლამდე 100 000 ელექტრომიწოდების მანქანა უნდა დაუმზადოს. 10 000 მათგანი კი ამ წლის ბოლოსათვის უნდა მიაწოდოს. შეგახსენებთ, რომ Amazon-ი Rivian-ის 20%-იანი წილის მფლობელია.
თავის მხრივ, UPS-ს ბრიტანულ Arrival-თან კონტრაქტი დადებული. ისინი 2024 წლამდე 10 000 ელექტრომობილის მიწოდებაზე არიან შეთანხმებულნი. კიდევ ერთი ელექტროავტომწარმოებელი Oshkosh-ი შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურს 2030 წლამდე 165 000 ამგვარ ელექტრომობილს დაუმზადებს. როგორც ხედავთ, მიწოდების ინდუსტრიაში საკმაოდ დიდია მოთხოვნა ელექტრონულ სატვირთოებსა თუ ფურგონებზე. ეს კი ინდუსტრიის განვითარებაზე დადებით ეფექტს მოახდენს.