ყოველკვირეული მიმოხილვის საშუალებით ავტომოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ავტომწარმოებლების განვითარებას რეალურ დროში ადევნონ თვალი. მათი გაუმჯობესებისა თუ დაღმასვლის მოწმეები ჩვენ მათ შესახებ სიახლეების გაცნობისას ვხდებით. დამეთანხმებით, საინტერესოა იმისი ხილვა, თუ საიდან დაიწყო Tesla-მ და სად არის დღეს, ან რა გარდასახვა გაიარა ტრადიციულმა ავტომწარმოებელმა ელექტრიფიკაციის პროცესში, როგორ მოაგვარა მის წინაშე არსებული გამოწვევები ჩიპების დეფიციტისა თუ ელექტროძრავების ელემენტების სიმცირის სახით. ამ პროცესების მაჯისცემაზე ხელის დადებით, ჩვენ უფრო მარტივად ვიაზრებთ, თუ რაოდენ დიდი შრომა და სწორი მენეჯმენტია საჭირო ბრენდის წარმატების მისაღწევად ერთი შეხედვით ისეთ სტაბილურ ინდუსტრიაშიც კი, როგორიც ავტოინდუსტრიაა. ასე რომ Forbes Georgia კვლავინდებურად აგრძელებს მკითხველისათვის საინტერესო სიახლეების გაცნობას საავტომობილო ინდუსტრიიდან.
Kia EV6-ის შეძენა უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი, მისი ფასი კი $42,115 დოლარიდან დაიწყება
ახალი KIA EV6-ის შეძენა მომხმარებლებს უკვე რამდენიმე კვირაში შეეძლებათ და მისი ღირებულება 42 115 აშშ დოლარიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მოდელსა და Hyundai Ioniq 5-ს მსგავსი პლატფორმა, ელემენტები, ძრავა და კიდევ ბევრი დეტალი აქვთ. ამ ფასის გადახდისას მომხმარებლებს სასტარტო პაკეტის, Light-ის შეძენა შეეძლებათ, რომელსაც უკანა წამყვანი თვლები და 167-ცხენისძალიანი, 58 კილოვატსაათი სიმძლავრის ელექტროძრავა ექნება. ავტომობილს ერთი დამუხტვით 370 კილომეტრის გავლა შეეძლება.
საინტერესოა, რომ მიუხედავად ანალოგიურობისა, KIA EV6 Hyundai Ioniq 5-ზე დაახლოებით 1000 აშშ დოლარით ძვირი ეღირება, რაც შესაძლოა, მყიდველისათვის გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი ფაქტორი აღმოჩნდეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ ავტომობილს შორის განსხვავება ძირითადად დიზაინში მდგომარეობს. Ioniq 5 „კიასგან“ განსხვავებით უფრო ხისტი და წვეტიანი ფორმების ავტომობილია.
უფრო მაღალი კომპლექტაციის მქონე EV6, რომელსაც Wind-ს უწოდებენ, 48 215 აშშ დოლარი ეღირება. მას 77.4 კილოვატსაათი სიმძლავრის, 225 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავა ექნება და ერთი სრული დამუხტვით ის 500 კილომეტრის გავლას შეძლებს. ხოლო პრემიუმ-კლასის კომპლექტაციის ფასი, სახელად GT-Line, 52 415 აშშ დოლარი იქნება. თუმცა მისი განსხვავება წინასაგან მხოლოდ მდიდრულობაში იქნება.
შედარებისათვის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Ford Mustang Mach-E-ის ღირებულება 45 000 აშშ დოლარს შეადგენს, Tesla Model 3-ისა კი 46 500 აშშ დოლარს, რაც საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასია.
GM-ის $7-მილიარდიანმა ინვესტიციამ Ford-თან და Tesla-სთან ელექტროსფეროში რბოლა კიდევ უფრო გააღრმავა
გასულ კვირას ამერიკულმა ავტომწარმოებელმა General Motors-მა განაცხადა, რომ მიჩიგანის საწარმოში 7 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული ინვესტიცია მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროპიკაპების წარმოების სიჩქარესა და ტემპებს და კიდევ უფრო გააღრმავებს კონკურენციას ჩრდილოამერიკულ ბაზარზე Ford-თან და Tesla-სთან.
თავის მხრივ, Tesla უკვე მეორე საწარმოს ხსნის ოსტინში, ტეხასში, რაც მის საწარმოო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ავტომწარმოებელს 2022 წელს გლობალურად 1 მილიონი ერთეული ელექტრომობილის გაყიდვა აქვს განზრახული.
GM-ის განცხადებით, მის მფლობელობაში მყოფი 5 საწარმო 2025 წლისათვის ჯამურად 1 მილიონზე მეტი ელექტროპიკაპის წარმოებას შეძლებს. თავის მხრივ, საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს Ford-საც. ამერიკული ავტომწარმოებელი ორი წლის განმავლობაში 150 000 ერთეული ახალი F-150 Lightning პიკაპის წარმოებას გეგმავს. აღნიშნულმა პიკაპმა უკვე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ადგილობრივ მომხმარებლებში და მომდევნო წლებში მისით დაინტერესებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
საინტერესოა, რომ ახლად ინვესტირებული 7 მილიარდი დოლარიდან, 2.6 მლრდ აშშ დოლარი პარტნიორ კომპანია LG Energy Solution-თან თანამშრომლობას მოხმარდება ელემენტების ქსელის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რათა სამომავლოდ მასალების დეფიციტი თავიდან აიცილონ. როგორც ჩანს, GM-ი ელექტრომობილების ბაზრის ათვისების რბოლაში პასიურად ყოფნას არ აპირებს. Ford-სა და Tesla-ს კი ადგილობრივ ბაზარზე გავლენების დანაწილების მოგზაურობაში მარტივი გასეირნება ნამდვილად არ ელით.
Bentley ელექტროინდუსტრიაში შესაბიჯებლად 2.5 მლრდ გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებს
მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი, Bentley, უახლოეს პერიოდში საკუთარი ელექტროსაწარმოო ხაზის განსავითარებლად 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანია თავისი პირველი ელექტრომობილის გამოშვებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში გეგმავს. ექსკლუზიური ელექტრომოდელის გამოშვებას კი 2030 წლისათვის აანონსებს. Bentley-ის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია ინგლისში, ქრუში მდებარე საწარმოში განხორციელდება. თუმცა, გარდა იმისა, რომ ქარხანა ელექტრომობილების საწარმოებლად აუცილებელი ინვენტარით აღიჭურვება, ინვესტიციის ნაწილი მისი გამონაბოლქვისაგან განეიტრალებასაც მოხმარდება.
Bentley-ის აღმასრულებელი დირექტორის, ადრიან ჰოლმარკის მოსაზრებით, კომპანიას ინდუსტრიაში შებიჯებასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო და ამბიციური გეგმები აქვს.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებულ სამეფოში 2030 წლისათვის ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები სრულად აიკრძალება.
Bentley-ის ქრუს საწარმოში ამჟამად 4000 ადამიანია დასაქმებული. ინვესტიციის ნაწილი მათი კვალიფიკაციის ამაღლებასაც მოხმარდება. მოგეხსენებათ, ელექტრომობილების წარმოება, შეიძლება ითქვას, რომ სულ სხვა დისციპლინაა, რასაც უფრო თანამედროვე ტექნოლოგიური მომზადება ესაჭიროება.
კომპანიის განცხადებით, მას აღნიშნულ საწარმოსთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. Bentley-ში სურთ, რომ ქრუს საწარმო მდგრადი მომავლის პირველი საყრდენი იყოს. სწორედ ამიტომ, გეგმები ქარხნის გამონაბოლქვისაგან დაცლასაც გულისხმობს. კომპანიისათვის უმთავრესი გამოწვევა საწარმოო ნარჩენებთან და წყლის მოხმარების შემცირებასთან გამკლავება იქნება.
თუმცა, როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, Bentley ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციაზე ყოფნას გეგმავს, შესაბამისად, კომპანიისგან აღნიშნული გამოწვევების გონივრულ გადაწყვეტებსაც უნდა მოველოდეთ.
Renault, Nissan-ი და Mitsubishi ალიანსის ფარგლებში 2030 წლამდე 35 ელექტრომობილს გამოუშვებენ
Renault-ს, Nissan-ისა და Mitsubishi-ის ალიანსი 2030 წლამდე 35 ახალი ელექტრომობილის გამოსაშვებად 25.8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. დიფერენციაციის სტრატეგიის მიხედვით, კომპანიები 5 ახალ ერთობლივ პლატფორმას შექმნიან, რომელთა 80%-იც საერთო მოხმარებისათვის გამოიყენება. ავტომოყვარულებს უკვე აქვთ საშუალება, ერთ-ერთი პირველი ტიზერი იხილონ ალიანსის საქმიანობისა.
გასულ კვირას Nissan-მა უკვე გამოაქვეყნა იმ ელექტრომობილის კონცეპტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ერთობლივ პლატფორმაზე აიწყობა და რომელიც ევროპული ბაზრისათვის იქნება განკუთვნილი. როგორც ჩანს, ალიანსი საკმაოდ პოპულარული Micra-ს ჩანაცვლებას სწორედ ამ გზით ცდილობს.
კომპანიების განცხადებით, ალიანსის მთავარი სიძლიერე ამ ერთობლივი პლატფორმების ხელმისაწვდომობა იქნება. მათ ისეთი მოდელების შექმნა სურთ, რომელთაც მსგავსი საწარმოო საჭიროებები ექნება, რაც დიფერენციაციის პროცესს უფრო პრაგმატულს გახდის. ამ პლატფორმებზე კი მსგავსი სეგმენტის ავტომობილების აწყობა იქნება შესაძლებელი. თუმცა, ერთი დათქმით – საწარმოო შესაძლებლობები სრულად დაეთმობა ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებას.
Nissan-ის მიერ ახალი ელექტრომობილის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია არც ისე მსუყეა. ახალ ელექტრომობილის არც სახელი ვიცით, არც ფასი და არც გამოშვების თარიღი. თუმცა ვიცით ის, რომ ის ჩრდილოეთ საფრანგეთში, Renault-ს ქარხანაში აიწყობა.
Renault-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მას ალიანსის ეგიდით შექმნილი ავტომობილებისათვის ელემენტების მსგავსი სტრატეგიის გამოყენება სურს. მისი მიზანია, 2028 წლისათვის ელექტროძრავებისათვის საჭირო ელემენტების ღირებულება 65%-ით შეამციროს. ალიანსი 2026 წლისათვის საერთო ჯამში 25 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავს.
Porsche-მ საკუთარი ელექტროსედანი Taycan-ი დამუხტვის რეკორდის დასამყარებლად დიდ მოგზაურობაში გაუშვა
2021 წლის სტანდარტულმა ელექტროსედანმა, Porsche Taycan-მა გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ავტომობილს შეერთებული შტატების გადასაკვეთად ყველაზე ნაკლები დრო დასჭირდა ელემენტების დასამუხტად. ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე 4561 კილომეტრის გასავლელად Porsche-ს ელექტრომობილს დასამუხტად ჯამში 2 საათი 26 წუთი და 48 წამი დასჭირდა.
რეკორდი საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა, ყველა მაჩვენებელს ობიექტურად არ ასახავდეს, თუმცა გინესის რეკორდები ცნობილია არაორდინარული გარემოებებით. საინტერესოა, რომ წინა რეკორდი, ოდნავ უფრო გრძელი მოგზაურობისა ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე KIA EV6-ს ეკუთვნის. KIA-ს ელექტრომობილს ამ დისტანციის დასაფარად ჯამში დასამუხტად 7 საათზე მეტი დასჭირდა, რაც ახლოსაც კი არ არის Porsche-ს მაჩვენებელთან.
რეკორდული მოგზაურობისას Porsche Taycan-ის საჭეს უეინ გერდესი მართავდა. საავტომობილო საზოგადოებაში აღნიშნული პიროვნება ცნობილია, როგორც ყველაზე ეკონომიური მძღოლი. ის ფლობს ტექნიკებს, რომელთა დახმარებითაც, ავტომობილი უფრო ნაკლებ სიმძლავრეს იყენებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს მისი ეფექტიანობა. Porsche-ს განცხადებით, მძღოლი უმეტესად ნორმალური სიჩქარით გადაადგილდებოდა. თუმცა, დამუხტვის დონის გათვალისწინებით, ხანდახან მას უფრო ჩქარა გადაადგილებაც უხდებოდა. მძღოლი ავტომობილის დასამუხტად სწრაფი დამუხტვის სადგურებს იყენებდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ავტომობილი კომპანიის სპეციალური ელემენტებით იყო აღჭურვილი, რომელიც მის საბაზისო პაკეტს არ მოჰყვება. გარდა ამისა, Porsche-ს ადაპტაციური კრუიზ-კონტროლიც გააჩნდა. რეკორდის ჩასათვლელად ავტომობილის მიერ გავლილი ყოველი კილომეტრის აღწერა და ჯი-პი-ესით კონტროლი ხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ავტომწარმოებელმა ელექტროსედანის, Porsche Taycan-ის გამოშვება 2020 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ რამდენიმე განახლებაც შემოგვთავაზა.
მიწოდების ჯაჭვის პრობლემების მიუხედავად, 2022 წელს Tesla გაყიდვების 50%-იან ზრდას ელის
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, 2022 წელს კომპანიის გაყიდვები მიწოდების ჯაჭვის პრობლემების მიუხედავად 50%-ით გაიზრდება. ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა გასულ წელს 5.5 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ახალი მიზანი კი სწორედ გასული წლის მონაცემების გაუმჯობესებაა.
საინტერესოა, რომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით გაყიდვები 71%-ით გაიზარდა და საერთო შემოსავალმა 53.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ავტომწარმოებელმა საერთო ჯამში 936 000 ერთეული ელექტრომობილი გაყიდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანია იტყობინებოდა, რომ არსებული მიწოდების ჯაჭვის ჩავარდნების გამო ზრდა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შენელებულიყო, ვინაიდან ის გავლენას ახდენს საწარმოო შესაძლებლობებზეც.
კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის, ილონ მასკის აზრით, გასული წელი Tesla-სთვის და მთლიანად ელექტრომობილების ინდუსტრიისათვის გარდამტეხი წელი იყო. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და სხვა კომპანიებიც დიდი გამოწვევის წინაშე იდგნენ (მიწოდების ჯაჭვის პრობლემის გამო), შევძელით გაყიდვების რაოდენობა გასულ წელს ერთობლივად 90%-ით გაგვეზარდა“, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, მისი მოსაზრებით, კომპანიის მიწოდების ჯაჭვის პრობლემები მისი ზრდის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორია. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს გიგანტი ავტომწარმოებლები გასული წლის განმავლობაში ნახევარგამტარების, მიკროჩიპების დეფიციტსაც განიცდიდნენ. თუმცა აღნიშნული პრობლემა Tesla-ს ნაკლებად შეეხო. შესაბამისად, ილონ მასკსაც სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში.
ცნობისათვის, Tesla გასულ წელს პირველი ავტოკომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალის ღირებულებამაც 1 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბევრად დიდი მაჩვენებელია კონკურენტებთან შედარებით.
Ford-მა ახალი Bronco Raptor-ი წარადგინა, მისი მეტსახელი „უდაბნოს მხეცი“ იქნება
Ford Motor-მა საკუთარი Bronco საწარმოო ხაზი კიდევ უფრო გაზარდა და მომხმარებლებს ახალი Raptor-ი წარუდგინა, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლოსკენ ჩაეშვება და რომლის ღირებულებაც 70 000 აშშ დოლარიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ Bronco-ს SUV-ების საწარმოო ხაზი ამერიკელებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ავტომწარმოებელმა კი 2022 წლის Raptor-ის წარდგენით მისით დაინტერესებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა. ამჟამად არსებულ მოდელებს ათიათასობით მსურველი ელოდება, ახალი მოდელი კი მათ რიცხვს სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდის. საინტერესოა ისიც, რომ, Ford-ის განცხადებით, ახალი Raptor-ების პირველ ერთეულებს სწორედ უკვე დარეზერვებულ მომხმარებლებს შესთავაზებენ. ახალი ჯავშნების მიღება კი მარტიდან დაიწყება.
Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის განცხადებით, გუნდმა Bronco და Raptor მოდელების „უდაბნოს მხეცებად“ გადასაქცევად ძალ-ღონე არ დაიშურა, შედეგი კი შთამბეჭდავია.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მოდელები წინებს ძალიან ჰგვანან. თუმცა ავტომწარმოებელმა, უდაბნოში რბოლის გამოცდილების მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად, სავალ ნაწილში ბევრი რამ შეცვალა. გარდა ამისა, ახალი მოდელები წინამორბედებზე განიერებიც იქნება.
ახალი Ford Bronco Raptor-ი 3.0 ლიტრის მოცულობის ტვინ-ტურბო-ძრავით იქნება აღჭურვილი, რომელსაც 400 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. წინა მოდელებს 2.7 ლიტრის მოცულობის ტვინ-ტურბო-ძრავა ჰქონდათ და 330 ცხენის ძალას გამოიმუშავებდნენ.
აღნიშნული მოდელის ღირებულება 70 000 აშშ დოლარიდან დაიწყება და გაიზრდება სხვადასხვა კომპლექტაციის მიხედვით.
მფრინავმა მანქანამ, AirCar-მა ფრენისუნარიანობის სერტიფიკატი მოიპოვა
მფრინავმა მანქანამ, რომელსაც 160კმ/სთ-ის სიჩქარით, 2,500 მეტრზე მაღლა შეუძლია გადაადგილება, სლოვაკეთის სატრანსპორტო ორგანოსგან ფრენისუნარიანობის სერტიფიკატი მიიღო. ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალება, AirCar-ი, აღჭურვილია BMW-ს ძრავით, საწვავის მიწოდება კი ბენზინის ტუმბოთი ხდება.
მანქანიდან თვითმფრინავად გარდაქმნას, სულ რაღაც, 2 წუთი და 15 წამი ესაჭიროება. კომპანიის განცხადებით, სერტიფიკატი AirCar-მა 70-საათიანი საფრენი ტესტირებისა და 200-ზე მეტჯერ განხორციელებული აფრენა-დაშვების შემდგომ მოიპოვა. როგორც AirCar-ის შემქმნელი, პროფესორი სტეფან კლეინი აცხადებს, სერტიფიკატის მოპოვება მფრინავი მანქანების მასობრივი წარმოებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ჯერ კიდევ ივნისში, მფრინავმა მანქანამ 35-წუთიანი ფრენა ნიტრისა და ბრატისლავის საერთაშორისო აეროპორტებს შორის წარმატებით შეასრულა. მაშინ კომპანიამ BBC News-ს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში AirCar-ით პარიზიდან ლონდონში გაფრენა იგეგმებოდა.
ამის პარალელურად სხვა კომპანიებიც ავითარებენ მანქანებს, რომელთაც ფრენა და გზაზე მოძრაობა შეეძლებათ. მათ შორისაა სამბორბლიანი PAL-V Liberty, რომელიც ერთადგილიანი ვერტმფრენის მსგავსად გადაადგილდება. ის ამჟამად ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს სერტიფიკატის მოპოვებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ამ მფრინავი მანქანით ევროპის გზებზე მოძრაობა უკვე დაშვებულია.
AirCar-ი, ჩვეულებრივი თვითმფრინავების მსგავსად, ასრულებს დაშვებისა და აფრენის მანევრებს და სამართავად საჭიროებს პილოტის მოწმობას. თუმცა უკვე არაერთი კომპანია მუშაობს უპილოტო საჰაერო ტაქსის სერვისებზე, რომელიც ავტონომიური მართვისა და ვერტიკალური აფრენა-დაშვების სისტემაზე იქნება დაფუძნებული. ცნობისთვის, ახლახან Boeing-მა კალიფორნიის ავტონომიური საჰაერო ტაქსის კომპანია Wisk-ში, დამატებით $450 მილიონის ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო.
Waymo-ს საკუთარი თვითმართვადი ავტომობილის გადაუდებელი სიტუაციის პროტოკოლის საიდუმლოდ შენახვა სურს
Waymo-მ კალიფორნიის ავტომანქანების დეპარტამენტს სასამართლოში უჩივლა. Alphabet-ის შვილობილმა კომპანიამ საკრამენტოს ოლქის უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა სავაჭრო საიდუმლოების გამჟღავნების პრევენცია მოახდინოს. როგორც ჩანს, ავტომწარმოებელს არ სურს მარეგულირებელ ორგანოს მისცეს ინფორმაცია საკუთარი საწარმოო საიდუმლოებების შესახებ.
კომპანიას სურს, საიდუმლოდ შეინახოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს საავარიო სიტუაციებთან გამკლავებას საკუთარ თვითმართვად ავტომობილებში. გარდა ამისა, მას არ სურს, საჯარო გახდეს პროგრამული უზრუნველყოფის მახასიათებლები. შეგახსენებთ, რომ Waymo-ს თვითმართვად ავტომობილებს სან-ფრანცისკოს საკმაოდ ქაოსური ქუჩებისათვის მოუწევს თავის გართმევა.
სან-ფრანცისკოში ტაქსის მომსახურების გაწევა კომპანიამ გასული წლის აგვისტოდან დაიწყო. თუმცა, ეს სერვისი ჯერჯერობით მასობრივი არ არის და ლიმიტირებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამინდელი მოდელები მძღოლთან ერთად ფუნქციონირებენ, რომელიც საქმეში მხოლოდ გადაუდებელ სიტუაციაში ერთვება.
კომპანიის განცხადებით, მან უკვე ყველა საჭირო დეტალი გაასაჯაროვა თვითმართვადი ავტომობილის მახასიათებლების შესახებ. დამატებითი ინფორმაციის გაჟონვამ კი შესაძლოა კონკურენტებს მისი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, რაც კომპანიის ინტერესებს ეწინააღმდეგება.