ფოტო: Biographi Living/Archi Group
ამერიკული Forbes-ი თბილისში დაგეგმილი Trump Tower-ის მშენებლობის პროცესზე წერს და ცათამბჯენის რენდერსაც აქვეყნებს, რომლებიც დეველოპერებმა ამ კვირაში წარადგინეს. Trump Tower-ი თბილისში პროექტ The Tbilisi Downtown-ის ფარგლებში აშენდება, რომლის საერთო ღირებულებაც $2 მილიარდს შეადგენს, დასრულების შემდეგ კი საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.
რენდერების თანახმად, დედაქალაქის ცენტრში მდებარე Trump Tower Tbilisi 70-სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენია, რომელიც სავაჭრო, სასტუმრო, კვებისა და ბიზნესობიექტებს გააერთიანებს. პროექტზე Trump Organization-ი უძრავი ქონების ადგილობრივ დეველოპერებთან, მათ შორის „არქისთან“ და „ბიოგრაფი ლივინგთან“ თანამშრომლობს. თბილისის პროექტი უცხოური ლიცენზირებისა და ბრენდირების იმ გარიგებათა სერიის ნაწილია, რომლებიც Trump Organization-მა ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ გააფორმა.
როგორც ამერიკული Forbes-ის სტატიაში ვკითხულობთ, 2024 წელს უცხოური ლიცენზირებიდან ტრამპის შემოსავლები 650%-ით გაიზარდა და ზრდას კვლავ განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე უცნობია ზუსტი სარგებელი, რომელსაც ტრამპი უშუალოდ Trump Tower Tbilisi-დან მიიღებს, წარსულ პროექტებზე დაყრდნობით გამოცემა არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თბილისის ცათამბჯენის მშენებლობიდან სულ მცირე $5 მილიონი მაინც გამოიმუშაოს.
საინტერესოა, რომ ტრამპების ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიის მიერ გაფორმებული მსგავსი ტიპის გარიგებები ექსპერტებში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ეჭვებს აჩენს. „ეს ყველაფერი იმ დონემდე მივიდა, რომ უკვე სამთავრობო ეთიკასთან წინააღმდეგობაში მოდის — ვფიქრობ, ამას კორუფცია უნდა ვუწოდოთ“, — განუცხადა ჯერ კიდევ გასულ წელს სამთავრობო ეთიკის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, უოლტერ შაუბმა ამერიკულ Forbes-ს.
ამ ეტაპზე თბილისის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი არც თეთრ სახლს და არც Trump Organization-ს არ გაუკეთებიათ. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ და მისმა ვაჟმა, ერიკ ტრამპმა, რომელიც ამჟამად საოჯახო ბიზნესს უძღვება, ინტერესთა კონფლიქტზე გავრცელებული ხმები არაერთგზის უარყვეს. მათ არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ტრამპის აქტივები ტრასტში ინახება, რომელსაც სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის შვილები აკონტროლებენ.
ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქონებას $6.2 მილიარდად აფასებს. ამ თანხიდან დაახლოებით $533 მილიონი ლიცენზირებასა და, მათ შორის, უცხოურ პროექტებზე ტრამპის კომპანიის მენეჯერული გარიგებებიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის.













